შემოგვიერთდი

28.05.2014 22:11

ციფრული მაუწყებლობის კონკურსში მხოლოდ „რუსთავი 2“-ის კომპანია და „სტერეო+“ მონაწილეობენ

ნატა ძველიშვილი
ციფრული მაუწყებლობა

ციფრული მაუწყებლობა

ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლის უზრუნველსაყოფად ქსელის აგებისთვის გამოცხადებულ კონკურსში მხოლოდ „სტერეო +“ და ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის მიერ დაფუძნებული კომპანია შპს „მუქსი“ მონაწილეობენ. ახლადშექმნილი კომპანიის დირექტორი იზაბელა გუტიძეა, რომელიც „რუსთავი 2“-ის გენერალურ დირექტორ ნიკა გვარამიასთან ერთად „თელასის“ საქმეზე იყო ბრალდებული და სასამართლომ უდანაშაულოდ სცნო.

„სტერეო+“ კი რომელიც დავით ზილფიმიანის მფლობელობაში იყო, ამჟამად გიორგი ხითარიშვილსა და ლუკა სევერინს ეკუთვნით. მისი დირექტორი მალხაზ კვარაცხელიაა.

კონკურსანტებმა დოკუმენტაცია დალუქული სახით წარადგინეს, ამიტომ ჯერ უცნობია კონკურსზე გამოტანილი ათი ლოტიდან თითოეულმა კონკურსანტმა რომელ ლოტზე შეიტანა განაცხადი.

კონკურსი სულ ხუთი მულტიპლექსის ასაგებად ლიცენზიის მისაღებად იყო გამოცხადებული. თითოეული ლიცენზიის საწყისი საფასური 1000 ლარია.  ლიცენზიიდან ორი - A და B მულტიპლექსის აგებას უზრუნველყოფს, რაც მხოლოდ ღია საეთერო მაუწყებლობისთვის იქნება განკუთვნილი. ორივე ლიცენზია ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე მაუწყებლობის გავრცელებას უზრუნველყოფს.

მოსამზადებელი საკონკურსო სხდომა 2014 წლის 2 ივნისს 13:00 საათზე გაიმართება. სხდომაზე გაიხსნება კონკურსანტთა დალუქული დოკუმენტაცია და კომისია დოკუმენტაციის შესაბამისობას შეამოწმებს.

ციფრული მაუწყებლობის უზრუნველსაყოფად რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის (ლიცენზიების) მისაღებად გამოცხადებული კონკურსის ზეპირი მოსმენის სხდომა, სადაც კონკურსთან დაკავშირებით ყველა კონკურსანტს და დაინტერესებულ პირს საკუთარი მოსაზრებების და პოზიციების დაფიქსირების საშუალება მიეცემა, 2014 წლის 30 ივნისს 13:00 საათზე გაიმართება.

გამარჯვებული კი 2014  წლის 1 ივლისს  13:00 საათზე გამოვლინდება.

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test