შემოგვიერთდი

11.04.2014 15:02

„რადიო უცნობის“ ბაზაზე მიკროავტობუსებისთვის ახალი რადიოს შექმნა იგეგმება

გელა ბოჩიკაშვილი

მიკროავტობუსი და უცნობი

„რადიო უცნობის“ ბაზაზე ახალი რადიოს შექმნა იგეგმება. ამის შესახებ „რადიო უცნობის“ ერთ-ერთმა დამფუძნებელმა, გიორგი ასანიშვილმა დღეს, 11 აპრილს „თბილისის მიკროავტობუსისა“ და შპს „მომხმარებელეთა საყურადღებოდ“ პრესკონფერენციაზე განაცხადა.  

ასანიშვილის თქმით, რადიოს პროგრამებში უკვე დაიწყო გადაცემებისა და მუსიკის შეცვლაზე მუშაობა, დაახლოებით 10 დღეში კი, სპეციალური ტიხრები მომზადდება. ამის შემდეგ გახდება ცნობილი რა სახელით დაიწყებს რადიო მუშაობას.

ამ რადიოს ჩართვა თბილისში მოძრავ მიკროავტობუსებში იგეგმება. შესაბამისი კონტრაქტების გაფორმებაში „რადიო უცნობის“ ხელმძღვანელებს „თბილისის მიკროავტობუსში“ დასაქმებულ კონტრაქტორებთან კომპანია „მომხმარებელთა საყურადღებოდ“ ეხმარება. ამ კომპანიის დირექტორი და 70 პროცენტიანი წილის მფლობელი გიორგი (გოგა) ხაინდრავაა. დარჩენილი 30 პროცენტი კი „რადიო უცნობის“ დირექტორს გიორგი (გაგა) გაჩეჩილაძეს ეკუთვნის.

„რადიო უცნობის“, „თბილისის მიკროავტობუსისა“ და კომპანიის „მომხმარებელთა საყურადღებოდ“ წარმოამდგენლებმა ახალი რადიოს ფუნქციონირების შესახებ ერთობლივ პრესკონფერენციაზე ისაუბრეს.

კომპანიის „მომხმარებელთა საყურადღებოდ“ დირექტორმა, გოგა ხაინდრავამ აღნიშნა, რომ მათი კომპანია მიკროავტობუსის მძღოლებთან ნებაყოფლობით აფორმებს ხელშეკრულებას. მისი განმარტებით, ხელშეკრულების ამოქმედების შემდეგ მიკროავტობუსებში მხოლოდ ერთი რადიოს მოსმენა გახდება შესაძლებელი, სანაცვლოდ კი მიკროავტობუსის მძღოლი და მგზავრები ავტოსაგზაო შემთხვევისას დაზღვეულები იქნებიან.  

„ამ ყველაფერმა მოიყარა თავი ჩემში. რადიოც ვიცოდი, ეს თემაც, რაღაც ისე მოხდა, რომ ჩვენც შევხვდით. შეგვიძლია ერთი თვის შემდეგაც შევხვდეთ და ვიმსჯელოთ ეს სასარგებლოა თუ არა მომხამარებლისთვის,“ - თქვა გოგა ხაინდრავამ.

„თბილისის მიკროავტობუსის“ გენერალური დირექტორი, დავით ასანიძე ამბობს, რომ მათი კომპანია ამ კონკრეტულ შემთხვევაში ფინანსურ სარგებელს არ იღებს. მისი თქმით, მთავარია კომპანიებს შორის გაფორმებული შეთანხმებით მიკროავტობუსების მძღოლები და მგზავრები იყვნენ კმაყოფილი.

„მიკროავტობუსში რადიო მგზავრის სურვილით არასდროს იყო შერჩეული, როცა ადიოდა ტრანსპორტში მძღოლს რაც ჩართული ჰქონდა იმას უსმენდა, მაგრამ ამისგან მას სარგებელი არ ჰქონდა. ამიერიდან როცა მგზავრი ავა მიკროავტობუსში და ამ რადიოს მოუსმენს ეცოდინება, რომ მისი ჯანმრთელობა არის დაზღვეული“, - აღნიშნა ასანიძემ და დასძინა, რომ მძღოლებს შეუძლიათ რადიო ნებისმიერ დროს საკუთარი სურვილით გამორთონ.

სულ სხვა რამ წერია კონტრაქტორთან გაფორმებულ ხელშეკრულებაში, რომელიც გოგა ხაინდრავამ ჟურნალისტებს აჩვენა. ხელშეკრულების მიხედვით, მძღოლი ვალდებულია რადიომიმღებები სამუშაო დღის განმავლობაში უწყვეტად ჰქონდეს ჩართული ერთ ტალღაზე - FM 98,1. მხოლოდ ამ შემთხვევაში აანაზრაურებს კომპანია ავტასაგზაო შემთხვევისას მიღებულ ზარალს, ისიც ჯამში 10 ათასი ლარის ოდენობით მთელი წლის განმავლობაში. კონტრაქტი სულ 4 პუნქტისგან შედგება და მასში გაწერილი არაა როგორ მოხდება დაზიანებების შემოწმება, ან რა სახის ზიანის შემთხვევაში ხდება კონპესირება.

თბილისში ყვითელმა მიკროავტობუსებმა სამარშუტო ხაზებზე მუშაობა ეტაპობრივად, 2011 წლის გაზაფხულიდან დაიწყეს. ყოველდღიურად თბილისში მგზავრები დაახლოებით 1 800 მიკროავტობუსს გადაყავს. კომპანიის დირქტორის განმარტებით, ყოველდღიურად ამ მიკროავტობუსებს 2-3 ავტოსაგზაო შემთხვევა ემთხვევათ.

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test