შემოგვიერთდი

30.03.2014 15:25

მიხეილ სააკაშვილი სასამართლოში დასაკითხად მზადაა

გელა ბოჩიკაშვილი

მიხეილ სააკაშვილი

პროკურატურაში არსებული საქმეების სასამართლო განხილვის შემთხვევაში საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი მზადაა სასამართლოს ჩვენება მისცეს. ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა წევრმა, გიგი უგულავამ 28 მარტს „რუსთავი 2“-ის ეთერში განაცხადა.

„თუ პროკურატურის მიერ წარმოებულ ამა თუ იმ საქმეს აქვს სამართლებრივი პერსპქტივა სასამართლოში, პროკურატურას აქვს შესაძლებლობა მოწმის სახით ნებისმიერი მოქალაქე გამოიძახოს, მათ შორის ისეთი მოწმე, რომელიც გამოძიებამდე არ ყოფილა დაკითხული“, - ასე გააცნო უგულავამ სააკაშვილის მოსაზრება მაყურებელს.

მიხეილ სააკაშვილის აზრით, პროკურატურაში მიმდინარე გამოძიებები არის არალეგიტიმური და ამიტომ უარს ამბობს საგამოძიებო უწყებაში მის დაკითხვაზე.

ის საქართველოს პროკურატურამ დასაკითხად 27 მარტს დაიბარა, მაგრამ მან უარი განაცხადა. საქართველოს პროკურატურას სააკაშვილის დაკითხვა სულ 10 საქმეზე სურს. მათ შორის - 2008 წელს ტელეკომპანია „იმედში“ მაღალი თანამდებობის პირების შეჭრის, 2004 წელს ტელეკომპანიების „რუსთავი 2“-ისა და „მზის“ წილების გასხვისებისა და „ტელეარხი 25“-სთვის 2012 წლის საარჩევნო პერიოდში 3 მილიონამდე ქონების 1 ლარად გადაცემის ფაქტებზე.

გარდა ამისა, პროკურატურას საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის  დაკითხვა ალექსანდრე (სანდრო) გირგვლიანისა და ლევან ბუხაიძის მიმართ ჩადენილი დანაშაულისათვის მსჯავრდებული პირების შეწყალების განკარგულებით გათავისუფლების, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის  კუთვნილი 8 მილიონ 837 ათას 461 ლარის გაფლანგვის, პრემიერ-მინისტრ ზურაბ ჟვანიას გარდაცვალებასთან დაკავშირებით, ე.წ. ,,მუხროვანის ამბოხებისათვის“ ძებნილი პირების სპეცოპერაციისას რამდენიმე პირის დაჭრის, „აგრარული უნივერსიტეტის“ ქონების გაფლანგვის, სახელმწიფო ქონების უკანონოდ პრივატიზაციისა და ბანკი „ქართუს“ ხელოვნური გზით გაკოტრების საქმეებზეც სურს.

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test