შემოგვიერთდი

26.03.2014 12:54

„პანორამას“ პასუხი არასამთავრობო ორგანიზაციებს

ხატია ლომიძე

პანორამა

გადაცემა „პანორამას“ შემოქმედებითი ჯგუფი არ ეთანხმება არასამთავრობო ორგანიზაციების („მედიის განვითარების ფონდი“, (MDF) „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა“,(GDI) „ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტი“ (TDI))  აზრს, რომ  სამცხე-ჯავახეთის რეგიონზე გასული სიუჟეტი „საზოგადოების შეცდომაში შეყვანის და ვითარების ხელოვნურად დრამატიზების მცდელობას წარმოადგენს“.

სიუჟეტი ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში 23 მარტს გავიდა. ის ყირიმის ანექსიის შემდეგ სამცხე-ჯავახეთის რეგიონში მცხოვრებთა განწყობებს ეხება. მასში  ნატოში საქართველოს გაწევრიანებაზე, ბაქო-თბილისი-ყარსის დამაკავშირებელი რკინიგზის მშენებლობასა და სომხური ენისთვის რეგიონული სტატუსის მინიჭებაზე საქართველოში მცხოვრები ეთნიკური სომხების პოზიციაა ნაჩვენები.

„პანორამას“ შემოქმედებითმა ჯგუფმა Media.ge-ის განუმარტა, რომ სიუჟეტის მიზანი  ადგილზე არსებული ვითარების გაცნობა და დანახული რეალობის კეთილსინდისიერად ასახვა იყო და არა თემის ხელოვნურად დაბალანსება.

„ჟურნალისტი ახალქალაქსა და ახალციხეში ორი დღე მუშაობდა, თემისთვის საინტერესო რესპონდენტები შეარჩია კეთილსინდისიერად და არა ხელოვნურად დაბალანსების მიზნით, რაც ნამდვილად იქნებოდა მანიპულაცია“, - აცხადებენ „პანორამას“ სარედაქციო ჯგუფის წევრები.

ისინი სიუჟეტში სომხური ენისთვის რეგიონული სტატუსის მინიჭების საკითხთან დაკავშირებულ შენიშვნასაც გამოეხმაურა.

„თითქოს რეგიონული ენის სტატუსი სიუჟეტში განხილულია სეპარატიზმის კუთხით, ვფიქრობთ, ეს უფრო არასამთავრობოების ინტერპრეტაციაა, ვიდრე რეალობა“.

გადაცემის შემოქმედებითი ჯგუფი ეთანხმება არასამთავრობო ორგანიზაციების შენიშვნას, რომ ყარსი-ახალქალაქის რკინიგზასთან დაკავშირებით საქართველოში მცხოვრები ეთნიკურად სომეხი ეროვნების მოქალაქეების შეფასება ზედმეტად განზოგადებულია. ჯგუფი ასევე ითვალისწინებს ორგანიზაციების რჩევას, რომ მეტი სიფრთხილით მოეკიდონ სხვადასხვა ეთნიკურ ჯგუფებს და მათ შორის ურთიერთობების შესახებ თემების გაშუქებას და გამოთქვამს მზადყოფნას, გაითვალისწინოს ყველა კონსტრუქციული შენიშვნა და რჩევა.

„მედიის განვითარების ფონდმა“, (MDF) „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივამ“ (GDI) და „ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტმა“ (TDI) „იმედის“ ეთერში გასულ ამ სიუჟეტთან დაკავშირებით ერთობლივი განცხადება 25 მარტს გაავრცელა, რომლითაც „იმედის“ ხელმძღვანელობას გადაცემის წამყვანისა და სიუჟეტის ავტორის მიერ “მაუწყებელთა ქცევის კოდექსის” ნორმების დარღვევის ფაქტებზე რეაგირებისკენ მოუწოდა.

 არასამთავრობო ორგანიზაციების შეფასებით, ამ სიუჟეტით მედიასაშუალებამ “მაუწყებელთა ქცევის კოდექსის” ექვსი მუხლი დაარღვია, რომლითაც მაუწყებელმა უნდა დაიცვას სიზუსტე, წყაროთა მრავალფეროვნება, გამიჯნული უნდა იყოს ფაქტი და მოსაზრება, გარდა ამისა, მაუწყებელმა თავი უნდა აარიდოს ეთნიკურ ან რელიგიურ კუთვნილებასა და უარყოფით მოვლენებს შორის დაუსაბუთებელი პარალელების გავლებას.

 

იხილეთ შემოქმედებითი ჯგუფის პასუხი სრულად

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test