შემოგვიერთდი

25.03.2014 11:21

„ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლის პროცესის შესახებ ინფორმაცია დახურულია“ - კოალიცია მედიის ადვოკატირებისთვის

ნატა ძველიშვილი

კოალიცია მედია ადვოკატირებისთვის

კოალიცია მედიის ადვოკატირებისთვის მიიჩნევს, რომ ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლის პროცესის მიმდინარეობის შესახებ ინფორმაცია დახურულია და მასში არ არიან ჩართული როგორც დაინტერესებული პირები, ასევე ის არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებმაც აქტიური მონაწილეობა მიიღეს ციფრულ საეთერო მაუწყებლობაზე გადასვლის სტრატეგიის შემუშავებაში ბოლო ერთი წელიწადის განმავლობაში.

კოალიციამ განცხადება 25 მარტს გაავრცელა. არასამთავრობო ორგანიზაციები ეხმაურებიან იმ ვალდებულებებს, რომელიც "ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ" საქართველოს კანონში 2014 წლის თებერვალში შეტანილი ცვლილებებით დაეკისრა საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას. 2014 წლის 1 აპრილამდე კომისიამ უნდა უზრუნველყოს საქართველოს ციფრული საეთერო მიწისზედა მაუწყებლობის ოპერატორის კონკურსის გამოცხადება. კონკურსის პირობების განსაზღვრისას კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 10 თებერვლის N206 განკარგულებით მოწონებული გეგმის შესაბამისად უნდა იმოქმედოს.

განცხადების თანახმად, მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული ვალდებულების ამოქმედებიდან გასულია 1 თვეზე მეტი, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია არ აქვეყნებს იმ გადაწყვეტილების პროექტს, რომლის საფუძველზეც უნდა მოხდეს საქართველოს ციფრული საეთერო მიწისზედა მაუწყებლობის ოპერატორის კონკურსის გამოცხადება და შესაბამისი კომპანიის შერჩევა. ამის გამო კოალიცია მიიჩნევს, რომ ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლის პროცესი ღია არ არის.

კოალიცია ვარაუდობს, რომ 2014 წლის 1 აპრილამდე დარჩენილ ვადაში დანიშნულ სხდომაზე წარმოდგენილი იქნება გადაწყვეტილების პროექტი, თუმცა „დროის სიმცირის გამო შეუძლებელი იქნება არსებითი შენიშვნების და წინადადებების წარდგენა“.

„მიგვაჩნია, რომ უნდა იყოს უზრუნველყოფილი საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიერ საკონკურსო გადაწყვეტილების და დასამტკიცებელი საკონკურსო პირობების ხელმისაწვდომობა და გამჭვირვალობა, რადგან საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ წარმოდგენილი "ანალოგური მიწისზედა საეთერო ტელემაუწყებლობიდან ციფრულ მიწისზედა მაუწყებლობაზე გადასვლის სამოქმედო გეგმა და რეკომენდაციები" ზოგადი შინაარსისაა, ხოლო საკონკურსო პირობების დადგენის ნაწილში საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის დისკრეცია ფართოა“, - აღნიშნულია განცხადებაში.

 კოალიცია აცხადებს, რომ ციფრულ საეთერო მაუწყებლობაზე გადასვლის პროცესის მიმართ დიდია საზოგადოების, არასამთავრობო სექტორის და პირველ რიგში მაუწყებლების ინტერესი და შესაბამისად, მიზანშეწონილად მიგვაჩნია, რომ აღნიშნული პროცესი მაქსიმალურად ღიად უნდა წარიმართოს.

განცხადებას ხელს აწერენ კოალიციის წევრი ორგანიზაციები:  ფონდი „ღია საზოგადოება საქართველო“, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (საია), საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია, საქართველოს რეგიონულ მაუწყებელთა ასოციაცია (GARB), რეგიონულ მაუწყებელთა ქსელი, რეგიონული მედიის ასოციაცია, მედიაკლუბი, არასამთავრობო ორგანიზაცია  „სამოქალაქო საზოგადოებისათვის“, ლევან მიქელაძის სახელობის ფონდი, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI), სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტი.

საქართველო ციფრულ მაუწყებლობაზე 2015 წლის 17 ივნისამდე უნდა გადავიდეს. ეს ვალდებულება საერთაშორისო სატელეკომუნიკაციო კავშირის (ITU) წევრმა ქვეყნებმა 2006 წელს აიღეს. მაუწყებლები ახლა სიგნალს ანალოგურად ავრცელებენ, სიხშირეები შეზღუდული რესურსია, სიგნალის ციფრულად გავრცელება კი გაცილებით მეტი არხის გაშვების შესაძლებლობას იძლევა. ITU-მ ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლის გადაწყვეტილებაც ამიტომ მიიღო. სახელმწიფოების დიდი ნაწილი ციფრულ მაუწყებლობაზე უკვე გადასულია. საქართველომ ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლის სამოქმედო გეგმა 10 თებერვალს დაამტკიცა და ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლის სააგენტოც დააფუძნა.

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test