შემოგვიერთდი

19.03.2014 01:28

„TV MR საქართველოს“ შემოწმება სარეკლამო შემოსავლების მქონე ტელეკომპანიების წინააღმდეგ კამპანიაა“ - ნიკა გვარამია

ნატა ძველიშვილი

ნიკა გვარამია

ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია შემოსავლების სამსახურის მიერ სატელევიზიო რეიტინგების მზომავი კომპანიის, TV MR საქართველოს შემოწმების პროცესს სარეკლამო შემოსავლების მქონე ტელეკომპანიების წინააღმდეგ დაწყებულ კამპანიად აფასებს. ამის შესახებ მან „რუსთავი 2“-ის ეთერში 18 მარტს გადაცემაში „არჩევანი“ განაცხადა.

შემოსავლების სამსახურმა TV MR საქართველოს შემოწმება 24 თებერვალს დაიწყო და კომპანიას იმ ოჯახების ვინაობის გამხელა მოსთხოვა, სადაც რეიტინგების მზომავი მოწყობილობა „ფიფლმეტრებია“ განთავსებული. კვლევის მეთოდოლოგიის თანახმად საქართველოს მასშტაბით ამგვარი მოწყობილობა 350-მდე ოჯახშია ტელევიზორს მიერთებული, ამა თუ  იმ  არხზე გადართვის შემთვევაში სიგნალი ცენტრალურ ოფისში მიდის, სადაც საბოლოოდ ტელეკომპანიების რეიტინგები ითვლება. თავად ტელეკომპანიები რეიტინგების მიხედვით ყიდიან რეკლამას, რაც კერძო ტელეკომპანიებისთვის შემოსავლის ძირითადი წყაროა. ოჯახების ვინაობა, სადაც ფიფლმეტრებია განთავსებული, კონფიდენციალურია.

ნიკა გვარამია მიიჩნევს, რომ ამ ოჯახების ვინაობის გამხელის შემთხვევაში, TV MR საქართველო იძულებული იქნება შეცვალოს აპარატურის განთავსების ადგილები, რასაც დიდი დრო დასჭირდება. ასეთ შემთხვევაში კი მაგალთად, „რუსთავი 2“-ის ბიუჯეტი განახევრდება.

გარდა ამისა, ნიკა გვარამია არ გამორიცხავს, რომ შემოსავლების სამსახურის შემოწმების შემდეგ ამ ოჯახებზე განხორციელდეს ზეწოლა.

„გეუბნებიან გქონდეს შენი ტელევიზორი და უყურე რასაც გინდა, მაგრამ „ფიფლმეტრიანი“ ტელევიზორი გადართული გქონდეს სხვა კომპანიაზე, რომლის რეიტინგიც ხელოვნურად აიწევს. ეს მანიპულაცია არ არის მარტივი, მაგრამ სავსებით შესაძლებელია. რაც განხორციელდა კიდეც რამდენიმე ქვეყანაში. ეს შეიძლება მოხდეს მოსყიდვის, დაშინების და სხვადასხვა გზებით. მიზანი არის სარეკლამო ბაზრის გადანაწილება, ვინაიდან ამ რეიტინგების მეშვებოით ჩვენ ვყიდით რეკლამას“, - აღნიშნა ნიკა გვარამიამ და თქვა, რომ სახელმწიფოს ამ ოჯახების მონაცემების ბაზა „იმ ორგანიზაციების წინააღმდეგ სჭირდებათ, ვინც საკუთარი შემოსავლებით ცხოვრობს. ბუნებრივია, ჩვენ ამას ვიღებთ საკუთარი თავის წინააღმდეგ კამპანიად. გამოყენებული იქნება „მაესტროს“ წინააღმდეგაც, მათ უპრეცენდენტო ზრდა ჰქონდა სარეკლამო შემოსავლების მხრივ“, - განაცხადა ნიკა გვარამიამ.

მის მოსაზრებას არ დაეთანხმა „რეგიონულ მაუწყებელთა ასოციაციის“ აღმასრულებელი დირექტორი ნათია კუპრაშვილი, რომელმაც თქვა, რომ არსებობს გაცილებით დახვეწილი მეთოდები იმისა, თუ როგორ უნდა მოახდინო მედიაზე ზეწოლა. მან აღნიშნა, რომ საჭიროა პრობლემა ისე მოგვარდეს, რომ კვლევა საფრთხის წინაშე არ დადგეს და რეიტინგები უნდა იყოს მანიპულაციებისგან დაცული.

სტუდიაში მყოფმა „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ თავმჯდომარე კახა კოჟორიძემ კი განაცხადა, რომ თუ შემოსავლების სამსახურისთვის საინტერესო კითხვების პასუხის მიღება უფრო მარტივი გზით არის შესაძლებელი, გაუგებარია, რატომ არის აუცილებელი ადგილზე, ოჯახებში გასვლა.

„კონკრეტულ ოჯახში შესვლას სჭირდება სასამართლოს აქტი, როგორ წარმოგიდგენიათ შემოსავლების სამსახურმა მიიღოს 350 შემთხვევაში ამგვარი აქტი ისე, რომ ამდენჯერ სასამართლოსთვის მიმართვამ ეს პროცესი არ შეაფერხოს მომავალში. თუ საუბარია საგადასახადოს შესვლაზე, სასამართლოზე, მომავალში აღარავინ დათანხმდება ამ აპარატურის განთავსებას“, - აღნიშნა კახა კოჟორიძემ.

TV MR საქართველოს შემოწმების მიზნებზე საკუთარი ვერსია რამდენიმე ადამიანმა გამოთქვა, კომპანიის პარტნიორმა გოჩა ცქიტიშვილმა 17 მარტს განაცხადა, რომ ოჯახების ვინაობის გამხელა ერთერთი ტელეკომპანიის წარმომადგენლება მოსთხოვეს. „მიზეზად მისახელებდნენ იმას, რომ ტელევიზიას აქვს დაბალი რეიტინგი, თუმცა მასში დახარჯულია დიდი თანხები“, - თქვა ცქიტიშვილმა და ტელევიზია არ დაასახელა.

უკვე 18 მარტს უმცირესობის წევრმა პავლე კუბლაშვილმა კი განაცხადა, რომ TV MR საქართველოს გარშემო მიმდინარე ამბები ყოფილი პრემიერ მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის შვილის, ბერა ივანშვილის ტელეკომპანია GDS-ს უკავშირდებოდა. შემოწმების მიზანი კი ამ ტელეკომპანიის სასარგებლოდ რეიტინგების შეცვლაა.

თავად GDS-ი ამ დრომდე კომენტარს არ აკეთებს. ოჯახების ვინაობის არ გამხელის გამო შემოსავლების სამსახურმა TV MR საქართველო 800 ლარით უკვე დააჯარიმა. ამ უწყების საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, ხატია მოისწრაფიშვილმა Media.Ge-ს უთხრა, რომ თუ TV MR საქართველო კვლავაც არ გაასაჯაროვებს კვლევის მონაწილეთა ვინაობას, ის ხელახლა დაჯარიმდება.

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test