შემოგვიერთდი

18.03.2014 14:47

გოჩა ცქიტიშვილი: ერთერთი ტელევიზიის წარმომადგენელმა იმ ოჯახების სია მთხოვა, სადაც ფიფლმეტრებია განთავსებული

გელა ბოჩიკაშვილი

გოჩა ცქიტიშვილი

„IPM მონიტორინგის“ დამფუძნებელი  და „TV MR საქართველოს“ პარტნიორი, გოჩა ცქიტიშვილი შემოსავლების სამსახურის „TV MR საქართველოში“ შესვლას ერთ-ერთი ტელეკომპანიის წარმომადგენელთან მის შეხვედრას უკავშირებს. ცქიტიშვილის თქმით, ტელეკომპანიის წარმომადგენლებმა სთხოვეს მიეწოდებინა იმ ოჯახების სია, სადაც ტელეკომპანიების რეიტინგის გასაზომად „TV MR საქართველოს“ „ფიფლმეტრებია“ დაყენებული. ამის შესახებ ინფორმაცია ცქიტიშვილმა სოციალურ ქსელ Facebook-ით 18 მარტს გაავრცელა. თუმცა ცქიტიშვილი არც სოციალურ ქსელში და არც მასთან პირადად დაკავშირების შემდეგ ტელეკომპანიას არ ასახელებს.

„მიზეზად მისახელებდნენ იმას, რომ ტელევიზიას აქვს დაბალი რეიტინგი, თუმცა მასში დახარჯულია დიდი თანხები“, - განაცხადა ცქიტიშვილმა 17 მარტს ტელეკომპანიებთან საუბრისას.

„IPM მონიტორინგის“ დამფუძნებელი იმ ტელეკომპანიის წარმოამდგენელებს, რომელმაც მას „ფიფლმეტრების“ განთავსების ადგილების მიწოდება სთხოვეს, მოუწოდებს თქვან მასთან შეხვედრის დეტალები - თუ რატომ შეარჩიეს ის, რაზე ისაუბრეს და რა იყო მათი მიზანი. ცქიტიშვილი ტელეკომპანიის წარმომადგენელბისგან ითხოვს, დაუსაბუთებას, რომ შემოსავლების სამსახურის წარმომადგენლები მათი ინიციატივით არ შესულან „TV MR საქართველოში“.

ცქიტიშვილი მიიჩნევს, რომ ასეთი ფაქტებით ქვეყანაში მიმდინარე დემოკრატიულ პროცესებს პრობლემა ექმნება. ის საქართველოს პრეზიდენტს გიორგი მარგველაშვილს და პარლამენტის თავმჯდომარეს - დავით უსუფაშვილს რიტორიკული კითხვით მიმართავს: „ჩვენს ქვეყანაში დემოკრატიას აღარ ვაშენებთ? რა მოუვიდა ამ კურსს, გავაუქმეთ?“

„TV MR საქართველო“ 2005 წლის 1 იანვირიდან ქვეყანაში „ფიფლმეტრების“ საშუალებით ტელეკომპანიების რეიტინგებს ითვლის. კომპანია კვლევაში მონაწილე 350-მდე ოჯახში სპეციალურ მოწყობილობას („ფიფლმეტრს“) აყენებს, რომლის საშუალებითაც უწყვეტად იღებს ინფორმაციას იმ პროგრამების შესახებ, რომელსაც იმ მომენტისთვის უყურებენ კვლევაში მონაწილე პირები. ამ რეიტიგებით ხელმძღავნელობს საქართველოში მოქმედი 11 ტელევიზია და 18 სარეკლამო კომპანია. შემოსავლების სამსახური ამ კომპანიაში შემოწმების მიზნით მიმდინარე წლის 24 მარტს შევიდა.

შემოსავლების სამსახურისთვის ინფორმაციის არ მიწოდების გამო „TV MR საქართველო“ 2-ჯერ დაჯარიმდა. პირველი, 400 ლარიანი სანქცია კომპანიას "ფიფლმეტრების" განთავსების ადგილის არმიწოდების გამო დაეკისრა. 800 ლარიანი სანქცია კი, 17 მარტს შემოსავლების სამსახურის თანამშრომლებისთვის ხელის შეშლის გამო კომპანიის დირექტორს, ნონო გოგოლაძეს დაეკისრა.

შპს „თი-ვი ემ-არ საქართველო“

საჯარო რეესტრის მიხედვით,  კომპანიის 95 პროცენტიანი წილის მფლობელი სააქციო საზოგადოება TV MR Switzerland AG (შვეიცარია) არის, დარჩენილი 5 პროცენტი კი ნანა მორბედაძეს ეკუთვნის, რომელიც შპს მარკეთ ინთელიჯენს კაუკასუს-ის 99 პროცენტიანი წილის მფლობელი და დირექტორიცაა.

შპს „აი-ფი-ემ მონიტორინგი“

კომპანიის მფლობელები კომპანიის დირეტორი, გოჩა ცქიტიშვილი და „თი-ვი ემ-არ საქართველოა“, ორივე მათგანს 50-50 პროცენტი ეკუთვნით. ცქიტიშვილი ამავდროულად შპს „საზოგადოებრივი აზრის კვლევისა და მარკეტინგის ინსტიტუტი“-ს დირექტორის თანამდებობაზეც მუშაობს, რომელიც შპს „ჩემექსიმ ინტერნეშენალი“-ს (მარშალის კუნძულები) საკუთრებაა.  

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test