შემოგვიერთდი

06.03.2014 18:42

GNCC-მ ტელერადიოცენტრს GPB-ის სიგნალის გასავრცელებლად სიხშირეები მიანიჭა

ნატა ძველიშვილი

GNCC

კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ (GNCC) ტელერადიოცენტრს ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლის პერიოდში საზოგადოებრივი მაუწყებლის (GPB) სიგნალის გასავრცელებლად სიხშირეები მიანიჭა.

კომისამ 6 მარტს ეს გადაწყვეტილება „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონში შესული ცვლილებების საფუძველზე მიიღო. მიმდინარე წლის 27 თებერვალს კანონში ჩაიწერა, რომ კომისია ვალდებულია საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ციფრული მიწისზედა სატელევიზიო ქსელის ასაგებად რადიოსიხშირეები  „საქართველოს ტელერადიოცენტრს“ უსასყიდლოდ მიანიჭოს.

კანონში ეს ცვლილება კი ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლისთვის მომზადებული სამოქმედო გეგმის საფუძველზე შევიდა.

კომისიის გადწყვეტილების თანახმად, ტელერადიოცენტრმა ციფრული მიწისზედა სატელევიზიო ქსელი 2015 წლის 1 მარტამდე უნდა ააგოს და 2015 წლის 17 მარტამდე საზოგადოებრივი მაუწყებლის გავრცელება უზრუნველყოს.

ამავე გადაწყვეტილებით, შპს „საქართველოს ტელერადიოცენტრი“ დაეკისრა ვალდებულება პარალელური მაუწყებლობის  პერიოდში (როდესაც სატელევიზიო სიგნალი ციფრულ ისე ანალოგიურ ფორმატში ვრცელდება), გარდა საზოგადოებრივი მაუწყებლის სატელევიზიო არხების სიგნალების გავრცელებისა, ქსელში ჩართოს და გაავრცელოს ეროვნული მაუწყებლები „რუსთავი2“, „ტელეიმედი“ და „I სტერეო“.

პარალელური მაუწყებლობის დასრულების შემდეგ „ტელერადიოცენტრი“ ვალდებულია თუ მის მიერ აგებულ მულტიპლექს პლატფორმაში თავისუფალი რესურსი დარჩება სხვა მულტიპლექს ოპერატორების მოთხოვნის შემთხვევაში დაუშვას ის ხარჯზე ორიენტირებული ტარიფებით.

ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლის პერიოდში საზოგადოებრივი მაუწყებლის  სიგნალის გავრცელების ვალდებულება „ტელერადიოცენტრს“ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული სამოქმედო გეგმის თანახმად დაევალა.

ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლის შემდეგ ტელემაუწყებლების სიგნალი ე.წ. მულტიპლექტების საშუელბით უნდა გავრცელდეს. ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლის ბოლო ვადა 2015 წლის 17 ივნისია. ეს ვალდებულება საერთაშორისო სატელეკომუნიკაციო კავშირის (ITU) წევრმა ქვეყნებმა 2006 წელს აიღეს. მაუწყებლები ახლა სიგნალს ანალოგურად ავრცელებენ, სიხშირეები შეზღუდული რესურსია, სიგნალის ციფრულად გავრცელება კი გაცილებით მეტი არხის გაშვების შესაძლებლობას იძლევა. ITU-მ ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლის გადაწყვეტილებაც ამიტომ მიიღო. სახელმწიფოების დიდი ნაწილი ციფრულ მაუწყებლობაზე უკვე გადასულია.

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test