შემოგვიერთდი

27.02.2014 23:12

GMPP 2014 წლის კონკურსში გამარჯვებულებს აცხადებს

media.ge

აშშ-ის საელჩო საქართველოში და საერთაშორისო კვლევისა და გაცვლების საბჭო (IREX) საქართველოს მედია პარტნიორობის პროგრამის (GMPP) ფარგლებში 2014 წლის კონკურსის გამარჯვებულ მედიასაშუალებებს აცხადებს. ესენია: ქვემო ქართლის ტელევიზია (ქალაქი რუსთავი) აჭარის ტელევიზია, (ქალაქი ბათუმი) და რადიო ჰერეთი, (ქალაქი ლაგოდეხი).

გასული წლის წლის დეკემბერში, პროგრამის ფარგლებში ჩატარდა კონკურსი ქართული რეგიონული ტელევიზიებისა და რადიოებისთვის. კონკურსის საფუძველზე შეირჩა ორი ტელევიზია და ერთი რადიო, რომლებიც 2014 წლის პარტნიორობის პროგრამაში მიიღებენ მონაწილეობას.

პროგრამის ფარგლებში გამარჯვებული რეგიონული მედიასაშუალებები გრძელვადიან პარტნიორულ ურთიერთობებს დაამყარებენ აშშ-ის ტელევიზიებთან და რადიოსთან პროფესიული გაცვლითი ვიზიტების, ინდივიდუალური კონსულტაციებისა და გამოცდილების გაზიარების გზით. ქვემო ქართლის ტელევიზიის, აჭარის ტელევიზიისა  და რადიო ჰერეთის წარმომადგენლები სტაჟირებას გაივლიან ა.შ.შ.-ის პარტნიორ მედიასაშუალებებში. გარდა ამისა, ამერიკელი მედია პროფესიონალებიც ესტუმრებიან ქართველ პარტნიორებს, ადგილზე ჩაუტარებენ მათ ტრენინგებს და ინდივიდუალურ კონსულტაციებს გაუწევენ. ამასთანავე, განხორციელდება ქართული მედიასაშუალებების საჭიროებებზე მორგებული ვირტუალური კონსულტაციებიც, რაც ხელს შეუწყობს მათ გაძლიერებას და ახალი ამბების მდგრად ორგანიზაციებად ჩამოყალიბებას.    

GMPP-ის წინა წლების მონაწილეებმა უკვე დაამყარეს წარმატებული ურთიერთობები ამერიკელ პარტნიორებთან. მათ შეისწავლეს, თუ როგორ მუშაობენ ტელევიზიები აშშ-ში და აიმაღლეს კვალიფიკაცია მედია მენეჯმენტის, ფინანსების, ბიუჯეტის დაგეგმვის, გაყიდვებია და მარკეტინგის, ახალი მედიის, მედია პროდუქტების წარმოების და  სხვა სფეროებში. ამ გზით  ტელევიზიებში დაინერგა პარტნიორული ვიზიტების დროს მიღებული ახალი უნარ–ჩვევები და ტექნოლოგიები, რის შედეგადაც აღნიშნული ტელევიზიების მუშაობა და შემოსავალი მკვეთრად გაუმჯობესდა.

პროგრამის წინა სამ წელს შერჩეული ტელეკომპანიებია: ბორჯომის ტელევიზია, ფოთის ტელევიზია მეცხრე ტალღა, ქუთაისის რადიო ძველი ქალაქი, ახალციხის მე-9-ე არხი, გურიის ტელევიზია, ბათუმის 25-ე არხი და გურჯაანის ტელევიზია.

საქართველოს მედია პარტნიორობის პროგრამა დაფინანსებულია აშშ-ის საელჩოს საზოგადოებრივ საქმეთა დეპარტამენტის  მიერ და მას საერთაშორისო კვლევისა და გაცვლების საბჭო (IREX) ახორციელებს. ოთხწლიანი პროგრამის მიზანია ხელი შეუწყოს საქართველოში თავისუფალი მედიის განვითარებას, ქართული რეგიონული მედიის პროფესიული კვალიფიკაციის ამაღლების გზით.

 

 

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test