შემოგვიერთდი

25.02.2014 17:51

MDF და GDI განცხადება "პრაიმ-ტაიმის" პუბლიკაციის გამო

გელა ბოჩიკაშვილი

არასამთავრობო ორგანიზაციები - „მედიის განვითარების ფონდი“ (MDF) და „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა“ (GDI) მიიჩნევენ, რომ გაზეთ „პრაიმ-ტაიმში“ სახალხო დამცველ უჩა ნანუაშვილის რელიგიურ მრწამსზე გამოქვეყნებული მასალა "სცილდება ეთიკის ფარგლებს, პროფესიული სტანდარტების დარღვევაა და გაზეთის რედაქციამ მომავალში თავი უნდა შეიკავოს მგრძნობიარე თემებზე აპელირებისგან."

არასამთავრობო ორგზანიზაციების აზრით, „პრაიმ-ტამის“ მიმდინარე წლის 17 თებერვალის მასალაში - „უჩა ნანუაშვილი სექტანტია?“ გადმოცემული ამბავი არ უკავშრდებოდა რელიგიურ საკითხებს და ჟურნალისტს სახალხო დამცველის რელიგიური მრწამის შესახებ არ უნდა დაეწერა. „მედიის განვთარების ფონდი“ და „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა“ განმარტავს, რომ რელიგიური მრწამსი ან სხვა იდენტობა, თვითიდენტიფიცირების სფეროა. ამიტომ თუ პირი არ ახდენს საკუთარი თავის რაიმე ნიშნის იდენტიპიფიცირებას მედიამ მსგავს საკითხებზე ანონონიმურ წყაროზე დაყრდნობით არ უნდა გაავრცელოს ინფორმაცია.

„ვფიქრობთ, რომ იმ ვითარებაში, როცა უჩა ნანუაშვილს თავად არ მოუხდენია საკუთარი რელიგიური მრწამსის საჯაროდ გაცხადება, რაც მისი ლეგიტიმური უფლებაა, ჟურნალისტის და რედაქციის მხრიდან მის რელიგიურ მრწამსზე საუბარი, დაცული უფლების ხელყოფას წარმოადგენს. ამასთანავე მიუღებელია, პირის აბსტრაქტულ მრწამსზე საუბრისას, მისი გაიგივება სექტასთან, რაც საზოგადოებაში არსებული ნეგატიური სტერეოტიპების კიდევ უფრო გაღრმავებას უწყობს ხელს. მით უფრო, როცა თავად ამ ტერმინის დასაბუთებულობა და მისი განსხვავება რელიგიური ორგანიზაციის ცნებისგან სადავოა“, - ნათქვამია GDI-სა და MDF-ს მიერ გავრცელებულ გაცხადებაში.

ორგანიზაციების  განმარტებით, „სიტყვისა და გამოხატვის შესახებ“ კანონი იცავს როგორც გამოხატვის თავისუფლებას, ასევე ადამიანის „თავისუფლებას იძულებისაგან, გამოთქვას თავისი შეხედულება რწმენის, აღმსარებლობის, სინდისისა და მსოფლმხედველობის,... აგრეთვე ყველა იმ გარემოების შესახებ, რომელიც შესაძლოა გახდეს მისი უფლებებისა და თავისუფლებების შელახვის საფუძველი".

 „პრაიმ-ტაიმის“ რედაქტორის, ქეთი ხატიაშვილის თქმით, რელიგიური მრწამსი არ არის „ტაბიურებული და დახურული“ საკითხი.

„ვერ გავიზიარებ იმ აზრს, რომ ჩვენ რაიმე დავარღვიეთ. ჩენ გვქონდა უფლება, დაგვეწერა ნანუაშვილის რელიგიურ მრწამსზე. ამ თემაზე საუბარი იყო სოციალურ ქსელებში და გადმოვიტანეთ გაზეთში. არ მესმის, რატომ არ იყო ამ ნაწილის გადმოტანა შესაძლებელი“, - უთხრა ხატიაშვილმა media.ge-ს.

17 თებერვალს გაზეთ „პტაიმ-ტაიმში“ დაიბეჭდა სტატია უჩა ნანუშვილის სახალხო დამცველად დანიშვნასთან დაკავშრებით. სტატიის ბოლო აბზაცი სოციალურ ქსელებში უჩა ნანუაშვილის რელიგიური მრწამსის შესახებ გავრცლებულ ინფორმაციას ეყრდნობოდა, სტატიის ავტორი აღნიშნავდა, რომ სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ამ ინფორმაციას სახალხო დამცველი და მისი პრეს-სამსახური არ გმოხმაურებია.

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test