შემოგვიერთდი

19.02.2014 17:35

პრეზიდენტმა და მთავრობამ GNCC-ის წევრობის სამი კანდიდატი შეარჩია

ნატა ძველიშვილი

პრეზიდენტი და მთავრობა კომუნიკაციების ეროვნული კომისიის (GNCC) წევრობის სამ კანდიდატზე შეთანხმდა. მთავრობის საპარლამენტო მდივანმა შალვა თადუმაძემ Media.Ge-ს აცნობა, რომ კონკურსში მონაწილე 23 კანდიდატიდან პარლამენტისთვის წარსადგენად მათ ვახტანგ აბაშიძე, ხათუნა მაისაშვილი და ვახტანგ ხუნდაძე შეარჩიეს. სამივე მათგანი პროფესიით ჟურნალისტია.

ვატო აბაშიძე

ვახტანგ (ვატო) აბაშიძე 2000-2004 წლებში იყო კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წევრი და პირველი თავმჯდომარე. მანამდე ის პრეზიდენტ ედუარდ შევარდნაძის პრესსამსახურს ხელმძღვანელობდა. 2005-2006 წლებში იყო კონსულტანტი მსოფლიო ბანკის პროექტში Development of Rural Telephone Strategy and Implementation of a Pilot Plan in the Caucasus.  მომდევნო წლებში ამავე პოზიციას „გაერთიანებულ ტელეკომში იკავებდა. 2012 წლიდან დღემდე ვახტანგ აბაშიძე მუშაობს სს „სილქნეტის“ სატენდერო კომისიის თავმჯდომარედ და ოპერატორებთან ურთიერთობის სამსახურის უფროსად. არის აგრეთვე შპს „ოპტიმა მენეჯმენტის“ დირექტორი და 50 პროცენტიანი წილის მფლობელი.

ხათუნა მაისაშვილი

ხათუნა მაისაშვილი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში მიენიჭა მასობრივი კომუნიკაციიის დოქტორის ხარისხი. არის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის მიმართულების მიწვეული ლექტორი. გარდა ამისა, მუშაობს მედიისა და კომუნიკატივისტიკის ტერმინების განმარტებით ლექსიკონზე. იყო გაზეთი „7 დღის“ დამფუძნებელი, 2012 წლის დეკემბრიდან მუშაობს სახელმწიფო კანცელარიის ანალიტიკოსად.

 

ვახტანგ ხუნდაძე

ვახტანგ ხუნდაძე საქართველოს ჟურნალისტთა შემოქმედებითი კავშირის მიერ წარდგენილი კანდიდატია. 1949 წელს დაბადებული ხუნდაძე არის შემოქმედებითი გაერთიანება „განთიადის“ დირექტორი, არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველოს ტელეაკადემიის“ პრეზიდენტი და ვებ გვერდის „ქართული ხუროთმოძღვრული ძეგლები ინტერნეტში“ ხელმძღვანელია. მანამდე ის საქართველოს სახელმწიფო ტელევიზიასა და რადიოში მუშაობდა სხვადასხვა პოზიციაზე. მათ შორის იყო მთავარი რედაქტორი და თავმჯდომარის მოვალეობასაც ასრულებდა.

შალვა თადუმაძის თქმით, შერჩეული კანდიდატები პრეზიდენტს ხვალ, 20 თებერვალს გადაეგზავნება, რის შემდეგაც ასარჩევად პარლამენტს წარუდგენენ. პრეზიდენტის მიერ კანდიდატურების წარდგენიდან 2 კვირის ვადაში პარლამენტი ირჩევს კომისიის წევრებს. 

შერჩეული სამი კანდიდატის გარდა კონკურსში მონაიწლეობდნენ  ნათია კუპრაშვილი, ლია მუხაშავრია, ბორის ჯანჯალია, გიორგი ხონელია,  დავით თუთბერიძე, მერაბ ქათამაძე, თეიმურაზ ბერიანიძე, დავით წივწივაძე, ვახტანგ გეგელია, ტარიელ გვალია, მამუკა ლობჟანიძე, დავით ცინცაძე, ბეჟან ხარებაშვილი, არჩილ ძიძიგური, გიორგი ნაჭყებია, გიორგი ლეონიძე, სოფიო ხორგუანი, მიხეილ გოთოშია,ავთანდილ ცაგარეიშვილი, ავთანდილ კახნიაშვილი.

კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წევრის ადგილი ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც ეს პოსტი ირაკლი ჩიქოვანმა 2013 წლის ივლისში დატოვა. კონკურსი ორჯერ ჩაიშალა, ჯერ პრეზიდენტის მიერ წარდგენილი კანდიდატებიდან (გიორგი ჭოლაძე , დავით თუთბერიძე, თეუმურაზ ღოღობერიძე)პარლამენტმა ვერც ერთი ვერ შეარჩია, შემდეგ კი თავად კანდიდატებმა - ოთარ პატარქალაშვილმა, გიორგი ჭოლაძემ და მირონ ჩიგოგიძემ მოხსნეს კანდიდატურები.

 

 

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test