შემოგვიერთდი

18.02.2014 15:43

საია „გურია ნიუსის“ ჟურნალისტის შეურაცხყოფის ფაქტს ეხმაურება

ხატია ლომიძე

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (საია)

“ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია” ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის, კონსტანტინე შარაშენიძის მიერ „გურია ნიუსის“ ჟურნალისტის, ჟანა მეგრელიშვილის შეურაცხყოფის ფაქტს გამოეხმაურა. საია მიიჩნევს, რომ შარაშენიძის ქმედება უნდა შეფასდეს,  როგორც მოხელისა და დაწესებულების დისკრედიტიციისაკენ მიმართული უღირსი საქციელი, რაც „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დისციპლინალურ გადაცდომაა.

„კონსტანტინე შარაშენიძის ქმედებას უნდა მიენიჭოს კანონით გათვალისწინებული კვალიფიკაცია და მის მიმართ გამოყენებულ უნდა იქნეს პასუხისმგებლობის კანონით გათვალისწინებული ზომა. მართალია, ბოდიშის მოხდა პოზიტიურ ქმედებად უნდა შეფასდეს, მაგრამ ამ ქმედებას, როგორც პასუხისმგებლობის ზომას, კანონმდებლობა არ ითვალისწინებს. ამდენად, კონსტანტინე შარაშენიძის მიერ ბოდიშის მოხდის ფაქტი არ წარმოადგენს მისი პასუხისმგებლობის საკითხის განუხილველობის საფუძველს,“- ნათქვამია განცხადებაში.

კონსტანტინე შარაშენიძემ კომენტარისთვის მისულ „გურია ნიუსის“ ჟურნალისტს შეურაცხყოფა 14 თებერვალს მიაყენა, რისი ამსახველი აუდიო ჩანაწერიც მედიასაშუალებამ 15 თებერვალს საკუთარ ვებ-გვერდზე გამოაქვეყნა. მასალის გამოქვეყნების შემდეგ, 16 თებერვალს შარაშენიძემ სპეციალური განცხადება გაავრცელა, სადაც იგი მისი, როგორც საჯარო მოხელის არაეთიკური, არაადეკვატური საქციელის გამო ბოდიშს იხდის და ამბობს, რომ მისი გამოთქმების ადრესატი ჟურნალისტის მიერ დასახელებული ე.წ. წყაროა და არა კონკრეტული ჟურნალისტი და მით უმეტეს რედაქცია.

ჟურნალისტი ჟანა მეგრელიშვილი Media.ge-თან საუბრისას ამბობს, რომ გამგებლის მიერ ბოდიშის მოხდა დადებითი ნაბიჯია, თუმცა მისი თქმით, შარაშენიძემ თავის საქციელზე პასუხი უნდა აგოს. „გურია ნიუსს“ ჯერ ოფიციალურად რომელიმე უწყებისთვის არ მიუმართავს და ხელისუფლების რეაგირებას ელოდება.

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test