შემოგვიერთდი

20.02.2014 12:16

GPB-ის სამეურვეო საბჭოს წევრობის კანდიდატებმა პარლამენტარებს უჩივლეს

გელა ბოჩიკაშვილი

საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრების შესარჩევ კონკურსში მონაწილე პირებმა საპარლამენტო უმრავლესობასა და უმრავლეოსბას მიღმა დარჩენილ დეპუტატებს სასამართლოში უჩივლეს. ქუთაისის საქალაქო სასამართლომ სამეურვეო საბჭოს კანდიდატების საჩივარი დასაშვებად 14 თებერვალს სცნო.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს სამეურვეო საბჭოს წევრობის კანდიდატებმა 7 თებერვალს მიმართეს. მოსარჩელე მხარე მიიჩნევს, რომ საპარლამენტო უმრავლესობამ და უმრავლესობას მიღმა დარჩენილმა პარლამენტარებმა საკუთარი კვოტის არ გამოყენებით „მაუწყებლობის შესახებ“ კანონი დაარღვიეს.

სარჩელი ერთდროულად 8 კანდიდატმა - მიხეილ მირზიაშვილმა, ნაზი ჯანეზაშვილმა, ანნა ძიაპშიპამ, უჩა სეთურმა, დავით მჭედლიძემ, იოსებ სალუქვაძემ, ნუგზარ სუარიძემ და  კონსტანტინე ჩლაიძემ შეიტანსეს. მათ მიაჩნიათ, რომ საპარლამენტო უმრავლესობასა და უმრავლესობას მიღმა დარჩენილ დეპუტატებს სამეურვეო საბჭოს წევრების ვაკანტურ თანამდებობაზე საკუთარი კვოტა სრულად უნდა გამოეყენებინათ.

„მნიშვნელოვანია, რომ სასამართლომ განიხილოს სარჩელი, განმარტოს „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის სადავო მუხლი, რაც ხელს შეუწყობს კანონის მართებულად აღსრულებას და პროცესისადმი საზოგადოებრივი ნდობის აღდგენას“, - ნათქვამია მეურვეობის კანდიდატების მიერ გავრცელებულ განცახდებაში.

2013 წლის 27 ნოემბერს გამოცხადებულ კონკურსში საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრის 9 ვაკანტურ თანამდებობაზე სულ 68 განაცხადი შევიდა. შესული განაცხადებიდან 27 პარლამენტის მიერ დამტკიცებულმა საკონკურსო კომისიამ შეარჩია. რომელთაგანც საკუთარი კანდიდატები - საპარლამენტო უმრავლესობას, უმრავლესობას მიღმა დარჩენილ პარლამენტარებს, სახალხო დამცველსა და აჭარის უმაღლეს საბჭოს უნდა დაესახელებინათ.

სამეურვეო საბჭოს წევრის დასაკომპლექტებლად საპარლამენტო უმრავლესობამ კანონით განსაზღვრული საკუთარი კვოტა არ გამოიყენა და 3 კანდიდატის ნაცვლად კენჭისყრაზე დასამტკიცებლად მხოლოდ 1 დაასახელა. არც უმრავლესობას მიღმა დარჩენილმა პარლამენტარებმა გამოიყენეს საკუთარი კვოტა და 3 კანდიდატის ნაცვლად 2 დაასახელეს.

დღევანდელი მდგომარეობით, საზოგადოებრივი მაუწყებლის ახალი წესით დაკომპლექტებულ სამეურვეო საბჭოს მხოლოდ 4 წევრი ჰყავს, კვლავ ვაკანტური რჩება 5 მეურვის ადგილი. სამეურვეო საბჭოს წევრები არიან - საპარლამენტო უმრავლესობის მიერ დასახელებული - ნათელა სახოკია, საპარლამენტო უმცირესობის მიერ დასახელებული - ქეთევან მსხილაძე და სახალხო დამცველის მიერ დასახელებული კანდიდატები - ლელა გაფრინდაშილი და მარინა მუსხელიშვილი.

პარალელურად საზოგადოებრივი მაუწყებლის მოქმედმა სამეურვეო საბჭომ საკონსტიტუციო სასამართლოში კანონში შესული ის ნორმები გაასაჩივრა, რომლითაც სამეურვეო საბჭო ახალი წესით უნდა დაკომპლექტდეს. საკონსტიტუციო სასამართლომ 19 თებერვალის გადაწყვეტილებით საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს დაკომპლექტების წესი შეჩერდა.

 

ქუთაისის საქალაქო სასამრთლოს განჩინება

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test