შემოგვიერთდი

07.02.2014 14:54

საკონსტიტუციო სასამართლომ GPB-ის სამეურვეო საბჭოს წევრების სარჩელის დასაშვებობაზე იმსჯელა

გელა ბოჩიკაშვილი

სასამართლო

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ განმწესრიგებელ სხდომაზე 6 თებერვალს საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრებს მოუსმინა. სხდომა დაახლოებით 6 საათის განმავლობაში გაგრძელდა. განმწესრიგებელ სხდომაზე სასამართლომ საქმის განსახილველად მიღების შესახებ იმსჯელა, თუმცა განიხილავს თუ არა საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრების საჩივარს სასამართლო, ჯერ უცნობია. დასაშვებობის საკითხის გადასაწყვეტად სასამართლოს ვადა კანონით განსაზღვრული არ აქვს. 

„საკონსტიტუციო სასამართლო იმსჯელებს  საქმის დასაშვებობაზე და თუ დასაშვებად სცნობს გაიმართება არსებითი განხილვა“, - განუცხადა საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრმა, გიორგი მელაძემ Media.Ge-ს.

საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭომ საკონსტიტუციო სასამართლოს 2013 წლის 4 დეკემბერს მიმართა. სამეურვეო საბჭო „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში 2013 წლის ივლისსა და  ნოემბერში შეტანილ ცვლილებებს ასაჩივრებს. ამ ცვლილებების მიხედვით, საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭო ახალი წესით უნდა დაკომპლექტდეს და მოქმედ სამეურვეო საბჭოს მეურვეების ახალი წესით არჩევამდე გადაწყვეტილებების მიღება არ შეუძლია - ვერ ამტკიცებს სამაუწყებლო პრიორიტეტებსა და ბიუჯეტს.

მოსარჩელეები მიიჩნევენ, რომ კანონში შეტანილმა ცვლილებებმა შესაძლოა მათ უფლებებეს გამოუსწორებელი ზიანი მიაყენოს. ამის გამო, სასამართლს სთხოვენ საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე შეაჩერონ შეტანილი ცვილილებების მოქმედება.

დღევანდელი მდგომარეობით, საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოში 7 წევრია დარჩენილი - მამუკა ფაჩუაშვილი, დავით კანდელაკი, ზურაბ დავითაშვილი, გიორგი მელაძე, ნატალია დვალი, ნინო დანელია და საბჭოს თავმჯდომარე, ემზარ გოგუაძე. იმის მიუხედავად, რომ მოქმედი კანონმდებლობით სამეურვეო საბჭოს 7 წევრიან შემადგენლობას გადაწყვეტილების მიღება შეუძლია, ეს უფლება მოქმედ სამეურვეო საბჭოს შეზღუდული აქვს.

პარალელურად საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭო კანონში შეტანილი ახალი წესით კომპლექტდება. სამეურვეო საბჭოს ახალი წესით მხოლოდ 4 მეურვე ჰყავს შერჩეული, 5 ადგლი კი კვლავ ვაკანტურია. სამეურვეო საბჭოს წევრები არიან - საპარლამენტო უმრავლესობის მიერ დასახელებული - ნათელა სახოკია, საპარლამენტო უმცირესობის მიერ დასახელებული - ქეთევან მსხილაძე და სახალხო დამცველის მიერ დასახელებული კანდიდატები - ლელა გაფრინდაშილი და მარინა მუსხელიშვილი. მათი უფლებამოსილება მხოლოდ მას შემდეგ დაიწყებ რაც საბჭო ახალი წესით მინიმუმ 7 წევრით დაკომპლექტდება.

კანდიდატების დასახელებისას საპარლამენტო უმრავლესობამ არ გამოიყენა საკუთარი კვოტა სრულად და 3 კანდიდატის ნაცვლად 1 წარუდგინა პარლამენტს დასამტკიცებლად, საპარლამენტო უმრავლესობას მიღმა დარჩენილმა პარლამენტარებმა საკუთარი კანდიდატი პროცედურების დარღვევით დაასახელეს, აჭარის უმაღლესი საბჭოსა და უმცირესობის ერთ-ერთი კანდიდატი კი პარლამენტმა არ დაამტკიცა.

სამეურვეო საბჭოს 5 ვაკანტურ თანამდებობაზე საქართველოს პარლამენტს კონკურსი ამ დრომდე არ გამოუცხადებია.

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test