შემოგვიერთდი

04.02.2014 15:03

საზოგადოება არ იყო ინფორმირებული GPB-ის სამეურვეო საბჭოს შერჩევის პროცესის შესახებ - ბიძინა ივანიშვილი

გელა ბოჩიკაშვილი

ბიძინა ივანიშვილი

საქართველოს ყოფილი პრემეირმინისტრი, არასამთავრობო ორგანიზაცია „მოქალაქის“ დამფუძნებელი, ბიძინა ივანიშვილი საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს სრულად ვერ დაკომპლექტებას საზოგადოების დაბალ ინფორმირებულობას უკავშირებს. ამის შესახებ ივანიშვილმა 4 თებერვალს ჟურნალისტებთან შეხვედრისას განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ამ პროცესების წარმართვისას იჩქარა და საზოგადოების ინფორმირება „ვერ აწია გარკვეულ სიმაღლეზე“.

"ნეტგაზეთის" ჟურნალისტის კითხვაზე, გაუწია თუ არა კონსულტაცია ამ თემაზე უმრავლესობის წარმომადგენლებს, ივანიშვილმა უპასუხა:

"თქვენ მეკითხებით, ჩავერიე, თუ არა და მივეცი თუ არა კონსულტაცია? მე მქონდა ამის სურვილი და განცდა, მაგრამ მე თვითონ გავიგე ამ პროცესის შესახებ მაშინ, როცა დასრულდა. შთაბეჭდილება დარჩა, რომ საზოგადოება არ იყო ინფორმირებული, შედეგიც ნახეთ".

ივანიშვილის განმარტებით, საპარლამენტო უმრავლესობის მიმართ ბრალდება, საზოგადოებრივი მაუწყებლის ხელში ჩაგდებასთან დაკავშრებით არასწორია, რადგან ასეთ შემთხვევაში უმრავლესობა პროცესებს დაჩქარებულად წარმართავდა.  

„როგორც მე ვიცი, ახალ არჩევნებში იგივე პირებს სთავაზობენ შესარჩევი კომისიის წევრობას. როოგრც უსუფაშვილმა მითხრა, ყველა მათგანს შესთავაზებენ კომისიის წევრობას, თუ არ უნდათ, ეს მათი პრობლემაა. მათ უნდა გააგრძელონ მუშაობა - ვისაც ხელეწიფება და თან საზოგადოების ნდობა აქვს“, - აღნიშნა ივანიშვილმა.

მისივე თქმით, საკონკურსო კომისიის მიერ შერჩეული 27 კანდიდატიდან შესაძლებელი იყო საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს დაკომპლექტება. მაგრამ ამის მიუხედავად, იმ ადამიანებსაც უნდა მიეცეთ კონკურსში მონაწილეობის შესალებლობა, რომლებიც დაბალი ინფორმირებულობის გამო პროცესებში ვერ ჩაერთნენ. ივანიშვილის თქმით, აქამდე შერჩეულ კანდიდატებს კვლავ ექნებათ შესაძლებლობა კონკურსში მიიღონ მონაწილეობა.

„ეს კიდევ ერთი საშუალებაა დავაკვირდეთ პროცესებს და კიდევ ერთხელ გადავამოწმოთ მიდის თუ არა ეს პროცესი დემოკრატიულად“, - დასძინა მან.

საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრების შესარჩევი კონკურსი დავით უსუფაშვილმა გასული 2013 წლის 27 ნოემბერს გამოაცხადა. 11 დეკემბერს კი, საქართველოს პარლამენტმა კენჭი უყარა საკონკურსო კომისიას, რომელსაც მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრობის მსურველი კანდიდატები უნდა შეერჩია.

პარლამენტის გადაწყვეტილებით საკონკურსო კომისიის წევრები იყვნენ - ჟურნალისტი, სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტის გამგეობის თავმჯდომარე - ია ანთაძე,   ჟურნალისტი - ნინო ბექიშვილი, "სამოქალაქო განვითარების სააგენტოს" აღმასრულებელი დირექტორი - ზვიად დევდარიანი, იურისტი, "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" გამგეობის წევრი - ნათია კაპანაძე, "რეგიონულ მაუწყებელთა ასოციაციის აღმასრულებელი" დირექტორი - ნათია კუპრაშვილი, საერთო სამოქალაქო მოძრაობა "მრავალეროვანი საქართველოს" თავმჯდომარე - არნოლდ სტეფანიანი, ფილოსოფოსი - ზაზა შათირიშვილი,  ჟურნალისტური - ზვიად ქორიძე და  ფილოლოგი -თამაზ ჯოლოგუა. მათ საზოგადოებრივი მაუწყებლის 9 ვაკანტურ თანამდებობაზე დასამტკიცებლად საპარლამენტო უმცირესობას, საპარლამენტო უმრავლესობას, აჭარის უმაღლეს საბჭოსა და სახალხო დამცველს 68 განაცხადიდან 27 კანდიდატი შესთავაზეს.

საპარლამენტო უმრავლესობამ არ გამოიყენა საკუთარი კვოტა სრულად და 3 კანდიდატის ნაცვლად 1 წარუდგინა პარლამენტს დასამტკიცებლად, საპარლამენტო უმრავლესობას მიღმა დარჩენილმა პარლამენტარებმა საკუთარი კანდიდატი პროცედურების დარღვევით დაასახელეს, აჭარის უმაღლესი საბჭოსა და უმცირესობის ერთ-ერთი კანდიდატი კი პარლამენტმა არ დაამტკიცა.

დღევანდელი მდგომარეობით, საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს ახალი წესით მხოლოდ 4 მეურვე ჰყავს შერჩეული, 5 ადგლი კი კვლავ ვაკანტურია. სამეურვეო საბჭოს წევრები არიან - საპარლამენტო უმრავლესობის მიერ დასახელებული - ნათელა სახოკია, საპარლამენტო უმცირესობის მიერ დასახელებული - ქეთევან მსხილაძე და სახალხო დამცველის მიერ დასახელებული კანდიდატები - ლელა გაფრინდაშილი და მარინა მუსხელიშვილი.

კანონდმებლობით, საზოგადოებრივი მაუწყებლის მინიმუმ 7 წევრით დაკომპლექტებამდე საბჭო ქმედუნარიანი არაა. შესაბამისად, ვერ ამტკიცებს პროგრამულ პრიორიტეტებს და ვერ აძლევს აჭარის ტელევიზისა და რადიოს სმააუწყებლო პრიორიტეტებსა და ბიუჯეტს.

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test