04.02.2014 14:19
GNCC-ის წევრის შესარჩევ კონკურსში 23 კანდიდატი მონაწილეობს
ნატა ძველიშვილი
კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წევრის ვაკანტური ადგილის დაკავებას 23 კანდიდატი შეეცდება. პრეზიდენტის ადმინისტრაციამ კონკურსანტთა სია 4 თებერვალს გამოაქვეყნა.
კონკურსში შემდეგი პირები მონაწილეობენ:
ბორის ჯანჯალია - იურისტი, საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის (მსოფლიო ბანკის ჯგუფი) ევროპისა და ცენტრალური აზიის კორპორაციული მართვის პროგრამის ოფიცერი.
ხათუნა მაისაშვილი - ჟურნალისტი, იყო გაზეთი „7 დღის“ დამფუძნებელი, 2012 წლის დეკემბრიდან მუშაობს სახელმწიფო კანცელარიის ანალიტიკოსად.
ვახტანგ აბაშიძე - ჟურნალისტი, იყო კომუნიკაციების ეროვნული კომისიის პირველი თავმჯდომარე და 2000-2004 წლებში ამ კომისიის წევრი. 2012 წლიდან მუშაობს სს „სილქნეტის“ სატენდერო კომისიის თავმჯდომარედ და ოპერატორებთან ურთიერთობის სამსახურის უფროსად.
გიორგი ხონელია - შპს „ლუნეტის“ დირექტორი, დამთავრებული აქვს თსუ-ს სოხუმის ფილიალი სპეციალობით აღრიცხვა, კონტროლი და აუდიტი. მაგისტრის ხარისხიც ამავე უნივერსიტეტში მიიღო და მიენიჭა წარმოების ეკონომიკისა და მართვის კვალიფიკაცია.
დავით თუთბერიძე - უკვე მესამედ მონაწილეობს ამ კონკურსში, პრეზიდენტმა შეარჩია კიდეც კენჭისყრისთვის, თუმცა პარლამენტმა არც ერთ კანდიდატს, მათ შორის თუთბერიძესაც არ დაუჭირა მხარი. არის სატელეკომუნიკაციო კომპანია „კავკასიის ციფრული ქსელების“ გენერალური დირექტორი და აქციონერი.
მერაბ ქათამაძე - ეს კონკურსანტიც მეორედ მონაწილეობს კონკურსში და თუთბერიძის მსგავსად მისი კანდიდატურა პრეზიდენტს არც ერთხელ არ შეურჩევია დასამტკიცებლად. არის „რესპუბლიკური პარტიის“ წევრი. ის მონაწილეობდა საზოგადოებრივი მაუწყებლის მეურვის შესარჩევ კონკურსში. არის ინტერნეტმაუწყებლობა „ნაკადის“ პროდუსერი.
თეიმურაზ ბერიანიძე - ერთხელ უკვე მონაწილეობდა ამავე კონკურსში, არის ტელეკუმუნიკაციის სპეციალისტი, მუშაობს „სილქნეტის“ ტექნიკური უზრუნველყოფის დეპარტამენტში ოპტიკური გადაცემის სისტემების წამყვანი ინჟინრის თანამდებობაზე.
დავით წივწივძე - ელექტრონული ტექნიკოსი, „საქართველოს რკინიგზის“ საინფორმაციო და სატელეკომუნიკაციო ტექნოლოგიების სააგენტოს უფროსი.
ვახტანგ გეგელია - პროფესიით ინგლისური ენისა და ლიტერატურის სპეციალისტია, წლების განმავლობაში მუშაობდა ტელეკომპანია „იმედში“ სპორტული განყოფილების ხელმძღვანელად და კომენტატორად, ამჟამად არის შპს „ტრანსკავკასუს ტერმინალსის“ გენერალური დირექტორის მოადგილე ლოჯისტიკის საკითხებში.
ტარიელ გვალია - ეს კანდიდატიც უკვე იღებდა მონაწილეობას კომისიის წევრის დასაკავებლად გამოცხადებულ კონკურსში სადაც კახა ბექაურმა გაიმარჯვა. საკუთარ ავტობიოგრაფიაში უთითებს, რომ 1995-2003 წლებში იყო დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე სს „თბილუნივერსალ ბანკისა“, რომელიც შემდეგ „საქართველოს ბანკს“ შეუერთდა. ამჟამად არის სს „ბელორუსიის სახალხო ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭოს წევრი და საკონკსულტაციო კომპანია „ვესტანდ ენდ ერფოლგის“ მენეჯერ პარტნიორი.
მამუკა ლობჟანიძე - პროფესიით ინჟინერ-ეკონომისტია, ამჟამად არის შპს „პი ელ ექსკლუზივის“ დირექტორი
დავით ციცნაძე - სამართალმცოდნე, იყო მთავარი რედაქტორი „მეტეხი მედია ჰოლდინგის“, სარეკლამო ჟურნალის „ცნობის ფურცლის“ გამომცემელი. მონაწილეობდა საზოგადებრივი მაუწყებლის მეურვის შესარჩევ კონკურსშიც.
ბეჟან ხარებაშვილი - საბანკო საქმის მაგისტრი, არის ბანკი რესპუბლიკას მიკრო და მცირე ბიზნესის დაფინანსების რეგიონული ჯგუფის უფროსი
არჩილ ძიძიგური - იურისტი, მუშაობს საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს პროტოკოლის სამსახურში
ვახტანგ ხუნდაძე - არის სდასუსა და გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის სტუდენტთა სასწავლო პრაქტიკის ხელმძღვანელი
გიორგი ნაჭყებია - პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება -დემოკრატიული საქართველოს“ წევრია, იყო მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი წალენჯიხის საარჩევნო ოლქში. ხელმძღვანელობდა გიორგი მარგველაშვილის საარჩევნო შტაბს იმავე ოლქში.
გიორგი ლეონიძე - ფილოლოგი, არის შპს „მაილინ გრუპის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის კოორდინატორი
მიხეილ გოთოშია - ეს კანდიდატიც უკვე მონაწილეობდა კომისიის წევრის შესარჩევ კონკურსში სადაც კახა ბექაურმა გაიმარჯვა. 2000-2011 წლებში მუშაობდა კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში სხვადასხვა პოზიციაზე, მათ შორის ნუმერაციის რესურსი მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელად. მას შემდეგ შპს „ალტერნეტის“ დირექტორია.
სოფიო ხორგუანი - მონაწილეობდა კომისიის წევრი დასაკავებლად გამოცხადებულ კონკურსში, თუმცა მაშინ პრეზიდენტმა პარლამენტისთვის წარსადგენ კანდიდატებს შორის არ შეარჩია, მაშინ ვერც ერთი კანდიდატი ვერ აირჩიეს. ხორგუანი იყო „ქართული პარტიის“ წევრი, ამჟამად შპს 7Z-ს ხელმძღავაბელობს.
ავთანდილ ცაგარეიშვილი - კავშირგაბმულობის სპეციალისტია. 2007-2008 წლებში იყო სს „ინფო ჯორჯია XXI”-ის გენერალური დირექტორი
ნათია კუპრაშვილი - მისი კანდიდატურა პრეზიდენტს კოალიციამ „მედია ადვოკატირებისთვის“ წარადგინა. ის პროფესიით ჟურნალისტი, ამჟამად „რეგიონულ მაუწყებელთა ასოციაციის“ აღმასრულებელი დირექტორი და ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის თავმჯდომარეა. იკავებს აღმოსავლეთ პარტნიორობის ეროვნული პლატფორმის I ჯგუფის კოორდინატორის პოზიციას, არის თსუ-ს ასოცირებული პროფესორი.
ლია მუხაშავრია - იურისტი, „არასამთავრობო ორგანიზაცია „ადამიანის უფლებათა პრიორიტეტის“ დამფუძნებელი და გამგეობის თავმჯდომარე, 2012 წლიდან არის განათლებისა და მეცნიერების სამინისტრის ტერიტორიული ორგანოების საგანმანათლებლო რესურსცენტრებისა და საჯარო სკოლების თანამშრომელთა პოლიტიკური შეხედულებების გამო სამსახურიდან განთავისუფლებულების საკითხების შემსწავლელი კომისიის წევრი.
ავთანდილ კახნიაშვილი - იურისტი, სასწავლო უნივერსიტეტი ევროპული აკადემიის პროფესორი
კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წევრის ადგილი ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც ეს პოსტი ირაკლი ჩიქოვანმა 2013 წლის ივლისში დატოვა. კონკურსი ორჯერ ჩაიშალა, ჯერ პრეზიდენტის მიერ წარდგენილი კანდიდატებიდან (გიორგი ჭოლაძე , დავით თუთბერიძე, თეუმურაზ ღოღობერიძე)პარლამენტმა ვერც ერთი ვერ შეარჩია, შემდეგ კი თავად კანდიდატებმა - ოთარ პატარქალაშვილმა, გიორგი ჭოლაძემ და მირონ ჩიგოგიძემ მოხსნეს კანდიდატურები.
კანდიდატთა სიის გამოქვეყნებიდან 10 დღის ვადაში საქართველოს პრეზიდენტი საქართველოს მთავრობას უთანხმებს პარლამენტისათვის ასარჩევად წარსადგენი კანდიდატურების სიას. საქართველოს პრეზიდენტი და საქართველოს მთავრობა 1 ვაკანტურ თანამდებობაზე არანაკლებ 3 კანდიდატურას შეარჩევენ.
პრეზიდენტსა და საქართველოს მთავრობას შორის კანდიდატურების სიის შეთანხმების კონტრასიგნაციას ახდენს საქართველოს პრემიერ-მინისტრი შეთანხმებიდან 3 დღის ვადაში, რის შემდეგაც საქართველოს პრეზიდენტი კანდიდატურებს წარუდგენს საქართველოს პარლამენტს.
პრეზიდენტის მიერ კანდიდატურების წარდგენიდან 2 კვირის ვადაში პარლამენტი ირჩევს კომისიის წევრებს.