შემოგვიერთდი

28.01.2014 12:04

„პარლამენტმა ვერ შეძლო თავის სიმაღლეზე დადგომა“, - თამარ კორძაია

გელა ბოჩიკაშვილი

თამუნა კორძაია

„ხელისუფლებამ ვერ შეძლო მის მიერ მიღებული „მაუწყებლობის შესახებ“ კანონი შეესრულებინა და ამ შემთხვევაში ჩვენ ვართ წაგებულები“, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის, კოალიცია „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა წევრმა, თამარ კორძაიამ 27 იანვარს „ლიბერალიზმის სასწავლო ცენტრში“ სტუდენტებთან შეხვედრისას განაცხადა. მისივე განმარტებით, საბჭოს ვაკანტურ თანამდებობაზე საპარლამენტო უმრავლესობას კანდიდატების არდასახელებით „მაუწყებლობის შესახებ“ კანონი არ დაურღვევია. როგორც კორძაიამ განმარტა, ამ გადაწყვეტილებით პარლამენტმა ვერ შეძლო თავის სიმაღლეზე დადგომა.

კორძაიას თქმით, პარლამენტი არ აღმოჩნდა მზად კომპრომისებისთვის, რის გამოც საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს დაკომპლექტების პროცესი შეჩერდა.

„მიუხედავად იმ ნიჰილისტური დამოკიდებულებისა მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, ვფიქრობ, რომ კანონმა თავისი გასაკეთებელი საუკეთესოდ გააკეთა. პარლამენტარებმა ვერ გავაკეთეთ ჩვენი გასაკეთებელი“, - განაცხადა დეპუტატმა.

კორძაიას თქმით, მაუწყებლობის კანონში შესული ცვლილებების მთავარი მიღწევა იყო, რომ შეიქმნა აბსოლუტურად დამოუკიდებელი კომისია, რომელიც კომპეტენტური პირებით იყო დაკომპლექტებული და რომელმაც კანდიდატების შერჩევის გამჭვირვალე პროცესი უზრუნველყო.

„კანონმა შექმნა სისტემა, სადაც პარლამენტს გაუჭირდა ჭიდაობა. მერწმუნეთ, ეს სისტემა რომ არ ყოფილიყო, მაგალითად, კოალიცია „ქართული ოცნება“, დღევანდელი მმართველი ხელისუფლება, ძალიან მარტივად მოახერხებდა [სამეურვეო საბჭოს] ცხრავე წევრის, სასურველი კანდიდატების, გაყვანას. შეიძლება ვილაპარაკოთ, რომ იყო ჩარევის მცდელობა ხელისუფლების მხრიდან, შეიძლება ვილაპარაკოთ, რომ ვიღაცას გვაქვს სურვილი - ვაკონტროლოთ საზოგადოებრივი მაუწყებელი, მაგრამ ამ კანონმა ამჯერად დაიცვა საზოგადოებრივი მაუწყებელი ჩარევისაგან“, - დასძინა დეპუტატმა. მან აღნიშნა, რომ პარლამენტმა თავისი გადაწყვეტილებით აიღო პასუხისმგებლობა საზოგადოებრივ მაუწყებელში შექმნილ კრიზისზე.

დეპუტატის განმარტებით, პროცესი გაიწელა, მაგრამ კიდევ არის შანსი, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭო ღირსეულად დაკომპლექტდეს. მისი თქმით, სამეურვეო საბჭოში წევრის არჩევისას, უმცირესობების უფლებების გათვალისწინებას კვოტირების სისტემა უზრუნველყოფს (უმრავლესობა - 3 წევრი, უმრავლესობის მიღმა დარჩენილი დეპუტატები - 3 წევრი, სახალხო დამცველი - 2 წევრი, აჭარის უმაღლესი საბჭოს წარმომადგენელი - 1 წევრი).

„მე ვერ ვიტყვი, რომ ამ წუთას საზოგადოებაა წაგებული. ამ წუთას ჩვენ ვართ წაგებული, ხელისუფლება, რომელმაც მის მიერ მიღებული კანონი ისე ვერ აღასრულა, როგორც იყო. ვფიქრობ, რომ სიტუაცია არ არის კარგი, მაგრამ უკეთესია. ჩვენ უნდა მოვითხოვოთ, რომ ეს სტანდარტი არ ჩამოვარდეს. თქვენ შეგიძლიათ, თავისუფლად მიიმწყვდიოთ ხელისუფლება. როდემდე შეიძლება თქვას ხელისუფლებამ, რომ მე კანდიდატები არ მომწონს, ვიღაცამ ვერ მოასწრო კონკურსში მონაწილეობა“, - განაცხადა კორძაიამ სტუდენტებთან საუბრისას.

მისი თქმით, იმის მიუხედავად, რომ პირველ კენჭისყრაზე უმრავლესობის რამდენიმე წევრთან ერთად უმცირესობის მიერ დასახელებულ კანდიდატს ხმა მისცა, მეორე კენჭისყრაზე უმრავლესობამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ არ დაემტკიცებინათ უმცირესობის მიერ წარმოდგენილი კანდიდატები და ამის პასუხისმგებლობას ის, როგორც ამ პოლიტიკური გუნდის წევრი იზიარებს.

დღევანდელი მდგომარეობით, საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს ახალი წესით მხოლოდ 4 მეურვე ჰყავს შერჩეული, 5 ადგლი კი კვლავ ვაკანტურია. სამეურვეო საბჭოს წევრები არიან - საპარლამენტო უმრავლესობის მიერ დასახელებული - ნათელა სახოკია, საპარლამენტო უმცირესობის მიერ დასახელებული - ქეთევან მსხილაძე და სახალხო დამცველის მიერ დასახელებული კანდიდატები - ლელა გაფრინდაშილი და მარინა მუსხელიშვილი.

კანონდმებლობით, საზოგადოებრივი მაუწყებლის მინიმუმ 7 წევრით დაკომპლექტებამდე საბჭო ქმედუნარიანი არაა. შესაბამისად, ვერ ამტკიცებს პროგრამულ პრიორიტეტებს და ვერ აძლევს აჭარის ტელევიზისა და რადიოს სმააუწყებლო პრიორიტეტებსა და ბიუჯეტს.

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test