შემოგვიერთდი

27.01.2014 15:33

არასამთავრობო ორგანიზაციები ითხოვენ GPB-ის მეურვეობის კანდიდატები არსებულმა კომისიამ შეარჩიოს

გელა ბოჩიკაშვილი
საკონკურსო კომისია (photo: )

არასამთავრობო ორგანიზაციები საქართველოს პარლამენტს მოუწოდებენ,   ახალი კონკურსის გამოცხადების შემთხვევაში,  საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრის ვაკანტურ თანამდებობებზე კანდიდატები არსებულმა  საპარლამენტო კომისიამ  შეარჩიოს. საკონკურსო კომისიას  პარლამენტის თავმჯდომარე ამტკიცებს.

27 იანვარს გავრცელებულ განცხადებაში, რომელსაც ხელს აწერენ: საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო, არასამთავრობო ორგანიზაცია სიდა, კონსტიტუციის 42-ე მუხლი, სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება, ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი, საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა და მედიის განვითარების ფონდი, ნათქვამია, რომ „სამეურვეო საბჭოს წევრობის კანდიდატთა შესარჩევმა კომისიამ საზოგადოების მნიშვნელოვანი ნდობა მოიპოვა, ვინაიდან საქმიანობა ღიად, გამჭვირვალედ და კანონის მოთხოვნების შესაბამისად წარმართა." 

"კომისიის საქმიანობის ხარისხი აისახა პარლამენტისთვის წარდგენილ 27 კაციან სიაში, რომელიც პარლამენტსა და უფლებამოსილ სუბიექტებს აძლევდა არჩევანის საკმაოდ ფართო შესაძლებლობას,“-აცხადებენ არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც მიიჩნევენ, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის პოლიტიკური გავლენისგან გათავისუფლება საქართველოს დემოკრატიის ერთ-ერთი მნიშვნელოვან გამოწვევაა.  მათი განმარტებით, აუცილებელია ვაკანტურ თანამდებობებზე კონკრსი დროულად გამოცხადდეს, რათა სამეურვეო საბჭომ უზრუნველყოს საზოგადოებრივი მაუწყებლის შეუფერხებელი საქმიანობა.

„კენჭისყრის პროცესის მეორე ეტაპზე ხმის მიცემისას დამდგარი შედეგი, სადაც არ იკვეთება სუბიექტებს შორის კონსენსუსის მიღწევის მცდელობა, - მიუთითებს მაუწყებლის შესახებ კანონის ცვლილებების სულისკვეთების უგულებელყოფას, რომელსაც უნდა უზრუნველეყო, სუბიექტებს შორის კონსენსუსის საფუძველზე, საზოგადოებრივი მაუწყებლის გამჭვირვალობა და მეტი პლურალიზმი მის საქმიანობაში“, - განმარტავენ არასამთავრობო ორგანიზაციები.

„მაუწყებლობის შესახებ“ კანონით, საქართველოს პარლამენტს საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრის ცხრავე  ვაკანტურ თანამდებობაზე  კანდიდატებს - საპარლამენტო უმრავლესობა (3), ასევე სხვა საპარლამენტო ჯგუფები  (3), სახალხო დამცველი (2) და აჭარის უმაღლესი საბჭო (1) სთავაზობენ, სპეციალური საპარლამენტო კომისიის მიერ ღია კონკურსის წესით შერჩეული 27 კანდიდატიდან.

პარლამენტმა ჯერჯერობით მხოლოდ 4 კანდიდატი დაამტკიცა.  მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრები არიან - საპარლამენტო უმრავლესობის მიერ დასახელებული  ნათელა სახოკია, საპარლამენტო უმცირესობის მიერ წარდგენილი ქეთევან მსხილაძე და სახალხო დამცველის მიერ შერჩეული - ლელა გაფრინდაშვილი და მარინე მუსხელიშვილი. საგულისხმოა, რომ საპარლამენტო უმრავლესობამ  სრულად არ გამოიყენა თავის კვოტა და სამის ნაცვლად მხოლოდ ერთი კანდიდატი დაასახელა. დეპუტატებმა განმარტეს, რომ კომისიის მიერ წარდგენილი  კანდიდატურებიდან სხვებზე ვეღარ შეთანხმდნენ. ხანგრძლივი ბჭობის შემდეგ კანდიდატურა დაასახელა დამოიკიდებელი დეპუტატების ჯგუფმაც, თუმცა, ის  კენჭისყრაზე არ გავიდა, რადგან, როგორც პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილმა  განაცხადა, ჯანა ჯავახიშვილის კანდიდატურა დეპუტატებმა პროცედურული დარღვევებით დაასახელეს. 

პარლამენტში ჩავარდა ნინია კაკაბაძის კანდიდატურაც, რომელიც საპარლამენტო უმცირესობამ ორჯერ დაასახელა. მოქმედი კანონი ითვალისწინებს კონკურსის ხელხლა გამოცხადებას და ახალი საკონკურსო კომისიის შექმნას   სამეურვეო საბჭოში ვაკანტური ადგილების შესავსებად.

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test