შემოგვიერთდი

23.01.2014 22:52

GPB-ის სამეურვეო საბჭოს 5 ვაკანტურ თანამდებობაზე კონკურსი ხელახლა უნდა გამოცხადდეს

გელა ბოჩიკაშვილი

საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი GPB

საზოგადოებრივი მაუწყებლის (GPB) სამეურვეო საბჭოს წევრის შესარჩევი კონკურსი ახლიდან უნდა გამოცხადდეს. დღევანდელი მდგომარეობით, კვლავ შესავსებია საბჭოს 5 ვაკანტური თანამდებობა. ვაკანტურ თანამდებობებზე კონკურსის გამოცხადებას კანონმდებლობა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს ავალდებულებს.

კონკურსში მონაწილეობის მიღება შეეძლება საზოგადოებრივი ნდობისა და აღიარების მქონდე საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს, რომელსაც ექნება მაგისტრის, ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი და არანაკლებ 10 წლიანი სამუშაო გამოცდილება (მინიმუმ 5 წელი ჟურნალისტიკის, ადამიანის უფლებათა დაცვის, საფინანსო, ელექტრო კომუნიკაციების სახელოვნებო, სამრეწველო, ან სამეცნიერო - პედაგოგიურ სფეროში).

განაცხადების შეტნა კვლავ შეუძლიათ იმ კანდიდატებს, რომლეთაც პარლამენტმა სამეურვეო საბჭოს წევრის ვაკანტურ თანამდებობაზე მხარი არ დაუჭირა.

შესული განაცხადები სპეციალურად შექმნილმა საკონკურსო კომისიამ უნდა შეისწავლოს, მანვე უნდა გამართოს გასაუბრება სამეურვეო საბჭოს წევრობის მსურველებთან. საკონკურსო კომისია კონკურსის გამოცხადებიდან 10 სამუშაო დღის განმავლობაში პარლამენტის დადგენილებით 9 წევრისგან უნდა შეიქმნას, რომელიც სამოქალაქო საზოგადოებისა და აკადემიური წრეების წარმოამდგენლები უნდა იყვნენ. კომისია ვალდებულია შეიმუშავოს დებულება, რომლითაც განისაზღვრება მეურვეობის კანდიდატთა და მათ მიერ წარმოდგენილი საზოგადოებრივი მაუწყებლის განვითარების კონცეფციების შეფასების კრიტერიუმები.

შერჩევის პროცედურა 2 ეტაპად ჩატარდება - კვალიფიკაციის მიხედვით და საზოგადოებრივი მაუწყებლის განვითარების კონცეფციის განხილვისა და გასაუბრების შედეგად. კონკურსანტებთან გასაუბრება კომისიამ საჯაროდ უნდა ჩატაროს. გასაუბრების შემდეგ კომისია საჭირო რაოდენობაზე მინიმუმ 3-ჯერ მეტ (15) კანდიდატს წარუდგენს საპარლამენტო უმრავლესობას, უმრავლესობის მიღმა დარჩენილ პარლამენტარებს და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოს. მათ პარლამენტის სიითი უმრავლესობა ცალ-ცალკე ირჩევს. თუ პარლამენტმა არ აირჩია წარდგენილი კანდიდატებიდან რომელიმე 10 დღის ვადაში დასამტკიცებლად, კანდიდატები პარლამენტს ხელახლა წარედგინება წარედგინება. 

კონკურსის ხელახლა გამოცხადება საპარლამენტო უმრავლესობის მიერ მიღებული გადაწყვეტილების - კანდიდატების არ დასახელებისა და უმცირესობისა და აჭარის უმაღლესი საბჭოს მიერ დასახელებული კანდიდატების დაუმტკიცებლობის გამო გახდა საჭირო.

დღევანდელი მდგომარეობით, საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრები არიან სახალხო დამცველის მიერ დასახელებული - მარინა მუსხელიშვილი და ლელა გაფრინდაშვილი, საპარლამენტო უმცირესობის მიერ წარდგენილი - ქეთევან მსხილაძე და საპარლამენტო უმრავლესობის კანდიდატი - ნათელა სახოკია.  იმის მიუხედავად, რომ ისინი ახალი წესით შერჩეული კანდიდატები არიან მათ უფლებამოსილება ჯერ არ აქვთ. 9 წევრიანი საბჭოს ქმედუნარიანი კი მხოლოდ მინიმუმ 7 წევრით დაკომპლექტების შემთხვევაში იქნება.

სამეურვეო საბჭოს სრულად დაკომპლექტების შემდეგ, მეურვეებს შორის ჩატარდება წილისყრა, რომლის მიხედვითაც განისაზღვრება მეურვეების უფლებამოსილების ვადები. კანონპროექტის მიხედვით, სამ-სამი მეურვე აირჩევა - 2 წლით, 4 წლითა და 6 წლით.

საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭო ადგენს მაუწყებლის პროგრამულ პრიორიტეტებს, საშტატო ერთეულს, თანამშრომლებთან გასაფორმებელი ხელშეკრულებების პირობებს, ამტკიცებს მაუწყებლის დებულებას და იღებს ბიუჯეტს. გარდა ამისა, საზოგადოებრივი მაუწყებელის სამეურვეო საბჭო აძლევს თანხმობას აჭარის ტელევიზიისა და რადიოს მრჩეველთა საბჭოს პროგრამული პრიორიტეტების, საშტატო ერთეულის, ბიუჯეტისა და დებულების დამტკიცების შესახებ. საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს ახალი წესით დაკომპლექტებამდე აჭარის ტელევიზია და რადიო ვერ მუშაობს მრჩეველთა საბჭოს მიერ დადგენილი პრიორიტეტებით.

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test