შემოგვიერთდი

09.01.2014 18:44

მთავრობა და პრეზიდენტი GNCC-ის წევრობის კანდიდატებზე შეთანხმდნენ

გელა ბოჩიკაშვილი

გიორგი მარგველაშვილი

საქართველოს მთავრობა და პრეზიდენტი, გიორგი მარგველაშვილი საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის (GNCC) წევრის თანამდებობაზე პარლამენტისთვის დასამტკიცებლად წარსადგენ სამ კანდიდატურაზე შეთანხმდნენ. პრეზიდენტის ადმინისტრაციას საქართველოს პრემიერ-მინისტრის ხელმოწერილი კანდიდატების სია 8 იანვარს დაუბრუნდა.

საქართველოს პრეზიდენტი კომუნიკაციების კომისიის წევრის თანამდებობაზე დასამტკიცებლად პარლამენტს სერგო შავგულიძეს, კახი ბექაურსა და თამაზ ინაშვილს წარუდგენს. კანონით მარგველაშვილს კონკრეტული ვადა არ აქვს განსაზღვრული, როცა პარლამენტს უნდა გადაუგზავნოს მთვარობასთან შეთანხმებული კანდიდატების სია. კანდიდატების წარდგენიდან 2 კვირის ვადაში პარლამენტი ვალდებულია კენჭი უყაროს პრეზიდენტის მიერ წარდგენილ კანდიდატურებს.

კომუნიკაციების კომისიის წევრის თანამდებობაზე წევრის შერჩევისა და წარდგენის ახალი წესი „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში შესული ცვლილებებით განისაზღვრა. ეს ცვლილებები გიორგი მარგველაშვილის პრეზიდენტის თანამდებობაზე ინაუგურაციის შემდეგ ამოქმედდა.

კომისიის წევრობის კანდიდატი საზოგადოებრივი აღიარებისა და ნდობის მქონე პირი უნდა იყოს. კანდიდატს უნდა ჰქონდეს ეკონომიკის, საჯარო ადმინისტრირების, ბიზნესადმინისტრირების, სამართლის, ელექტრონული კომუნიკაციების, ან ჟურნალისტიკის მაგისტრის, ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი, ასევე არანაკლებ 10 წლის მუშაობის გამოცდილება, მათ შორის, 3 წლისა − მმართველ თანამდებობაზე.

ცვლილებების მიხედვით, პრეზიდენტს აღარ აქვს უფლება ერთპიროვნულად შეარჩიოს პარლამენტისთვის წარსადგენი კომისიის წევრი კანდიდატების სია. პრეზიდნეტი ვალდებული გახდა კანდიდატების შესარჩევად მთავრობასთან კონსლუტაცია გამართოს. კანდიდატების დასამტკიცებლად პარლამენტისთვის წარდგენა კი, მას შემდეგაა შესაძლებელი, თუ შერჩეული კანდიდატების წარდგენას ხელი საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მოაწერა.

დღევანდელი მდგომარეობით, კომუნიკაციების კომისიაში წევრის კიდევ ერთი ვაკანტური თანამდებობაა. კომისიაში კომისიონერის თანამდებობები მას შემდეგაა ვაკანტური, რაც ირაკლი ჩიქოვანმა თანამდებობა საკუთარი სურვილით დატოვა, კარლო კვიტაიშვილს კი, პარლამენტმა უფლებამოსილება შეუჩერა.

კომუნიკაციების ხუთწევრიანი კომისიის წევრის თანამდებობა საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადია. ამ თანამდებობაზე შერჩეული კანდიდატი ყოველთვიურად სახელფასო სარგოდ დაახლოებით 13 ათასი ლარს იღებს.

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test