შემოგვიერთდი

30.12.2013 08:53

„სტერეო +“-მა სატელიტური მაუწყებლობის ლიცენზია მიიღო

გელა ბოჩიკაშვილი

„სტერეო +“-მა თანამგზავრული სისიტემების გამოყენებით მაუწყებლობის ლიცენზია აიღო. ამ ლიცენზიით კომპანია სატელიტური მაუწყებლობის განხორციელებას შეძლებს. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ „სტერეო +“-სთვის ლიცენზის მიცემის შესახებ გადაწყვეტილება 27 დეკემბერს მიიღო.

ლიცენზიის პირობების მიხედვით, კომპანიამ კერძო საერთო მაუწყებლობა (რაც საინფორმაციო პროგრამების არსებობასაც გულისხმობს) საქართველოს მთელ ტერიტორიაზე უნდა გაავრცელოს. ლიცენზიის მოქმედების ვადა 2023 წლის 27 დეკემბრამდეა განსაზღვრული. კომპანიამ მაუწყებლობა კი ლიცენზიის მიღებიდან ერთი თვის ვადაში უნდა დაიწყოს და დღე-ღამის განმავლობაში 12 საათი იმაუწყებლოს.

ამ ლიცენზიის გასაცემად კომისიამ საქმის ადმინისტრაციული წარმოება 29 ნოემბერს დაიწყო. მაშინ „სტერეო+“-ის მფლობელი, დავით ზილფიმიანი Media.Ge-სთან საუბრისას აღნიშნავდა, რომ მისი კომპანია სატელიტური მაუწყებლობის მოპოვებასა საპატრიარქოს ტელევიზიისთვის - „ერთსულოვნებისთვის“ გადასაცემად გეგმავდა.

„გეგმები არ შეცვლილა, ამ ლიცენზიას ან საპატრიარქოს გადავცემთ, ან ჩვენი კომპანიისთვის გამოვიყენებთ“, - უთხრა ზილფიმიანმა Media.Ge-ს სატელიტური მაუწყებლობის ლიცენზიის მიღების შემდეგ.

ზილფიმიანმა „ერთსულოვნებას“ 21 ნოემბერს საკუთარი რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზია გადასცა. ამ ლიცენზიით „სტერეო +“ ჯერ ტელეკომპანია „მეცხრე არხს“ ავრცელებდა მთელ საქართველოში, შემდეგ კი „ობიექტივს“.

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test