შემოგვიერთდი

27.12.2013 11:44

აკმაყოფილებენ თუ არა კანდიდატები GNCC-ის წევრობისთვის საჭირო კრიტერიუმებს

ნატა ძველიშვილი

GNCC

პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა 2013 წლის 24 დეკემბერს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წევრობის მსურველი 23 პირიდან მთავრობას 3 კანდიდატურა შესთავაზა: კახი ბექაურის, სერგო შაგვულიძისა და თამაზ ინაშვილის. მთავრობა და პრეზიდენტი 2014 წლის 4 იანვრამდე უნდა შეთანხმდნენ საბოლოო კანდიდატებზე და პარლამენტს წარუდგინონ. 

მაუწყებლობის შესახებ კანონის თანახმად, კომისიის წევრობის კანდიდატს უნდა ჰქონდეს ეკონომიკის, საჯარო ადმინისტრირების, ბიზნესადმინისტრირების, სამართლის, ელექტრული კომუნიკაციების, ან ჟურნალისტიკის მაგისტრის, ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი. კანონის თანახმად, კომისიონერობის კანდიდატს უნდა ჰქონდეს არანაკლებ 10 წლის მუშაობის გამოცდილება, მათ შორის, 3 წლისა − მმართველ თანამდებობაზე.

Media.Ge გთავაზობთ სამივე კანდიდატის შესახებ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში წარდგენილ ინფორმაციას. 

კახი ბექაურის მიერ კონკურსში წარდგენილ დიპლომში, რომელიც პრეზიდენტის საიტზეა გამოქვეყნებული, მითითებულია, რომ მან უმაღლესი სასწავლებლის კიბერნეტიკის ფაკულტეტი დაამთავრა სპეციალობით  - გამოყენებითი მათემატიკა სპეც. ოპტიმიზაცია და ოპტიმალური მართვა. თუმცა, შესაძლოა მისი ეს კვალიფიკაცია კომისიონერისთვის დაწესებულ მოთხოვნებს არ შეესაბამებოდეს. დიპლომის თანახმად, მას უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ მათემატიკოსის კვალიფიკაცია მიენიჭა. კომისიონერისთვის სავალდებულო პროფესიებში კი მათემატიკოსი მითითებული არ არის. 

თავად კახი ბექაური Media.Ge-სთან საუბრისას ამბობს, რომ მისი კვალიფიკაცია სრულად შეესაბამება წაყენებულ მოთხოვნებს, ვინაიდან „კიბერნეტიკა ელექტრონულ კომუნიკაციებს მოიცავს“.

კახი ბექაურმა საკუთარ CV-ში ასევე მიუთითა, რომ ორი წლის განმავლობაში (1992-1994 წლებში) ESM თბილისის ევროპული მართვის სკოლაში სწავლობდა ზოგადი მენეჯმენტის სპეციალობაზე, თუმცა თავადვე ამბობს, რომ ეს არა მაგისტრატურა, არამედ უბრალოდ კურსები იყო. მისი დამადასტურებელი დოკუმენტი თანდართული არ არის.

კახი ბექაური სრულად აკმაყოფილებს სამუშაო გამოცდილების შესახებ კრიტერიუმებს. წლების განმავლობაში ის რამდენიმე ტელეკომპანიას ხელმძღვანელობდა, მათ შორის „მეცხრე არხს“, „მაესტროსა“ და „მზეს“. ასევე იყო "პირველი არხის" ფინანსური დირექტორი. 

სერგო შავგულიძეს დამთავრებული აქვს პოლიტექნიკური ინსტიტუტის კავშირგაბმულობის ფაკულტეტი, სპეციალობით ავტომატური კავშირგაბმულობა. დიპლომში აღნიშნულია, რომ მას 1980 წელს მიენიჭა ელექტროკავშირგაბმულობის ინჟინრის სპეციალობა.

დაცული აქვს როგორც საკანდიდატო, ისე სადოქტორო დისერტაცია. როგორც თვითონ უთითებს, მისი სამეცნიერო ინტერესების სფეროს წარმოადგენს ინფორმაციის თეორია, ხელშეშლამდგრადი კოდირების თეორია და მოდულაცია-კოდირების სისტემები. ტექნიკურ უნივერსიტეტში არის ენერგეტიკისა და ტელეკომუნიკაციის სრული პროფესორი.

დოკუმენტაციას თან ერთვის რამდენიმე რეკომენდაცია, მათ შორის საერთაშორისო სატელეკომუნიკაციო კავშირის (ITU) რადიოკომუნიკაციების ბიუროს ხელმძღვანელის, აგრეთვე გენერალური მდივნის, ბრიტანული სატელეკომუნიკაციო კომპანია Inmarsat-ის რეგულირების საქმეთა დირექტორის, გერმანული University of Ulm-ის პროფესორის და Institute of System Dynamics (ISD) – ის ხელმძღვანელის.

რაც შეეხება მმართველობით თანამდებობაზე მუშაობის მის გამოცდილებას, სერგო შავგულიძე 2004 წლის ნოემბრიდან მუშაობს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტის უფროსის თანამდებობაზე.

თამაზ ინაშვილს დამთავრებული აქვს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტი, რის შემდეგაც მიენიჭა იურისტის კვალიფიკაცია. მოგვიანებით დაამთავრა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიასთან არსებული სამართლის ინსტიტუტის ასპირანტურა. მას რეკომენდაციას უწევენ საქართველოს ენერგეტიკის აკადემიის პრეზიდენტი და თსუ-ს სრული პროფესორი ბესარიონ ზოიძე.

თამაზ ინაშვილი 1999-2009 წლებში ენერგეტიკისა და წყალმომარაგების სახელმწიფო მარეგულირებელი კომისიის იურიდიული დეპარტამენტის დირექტორი იყო, რისი დამადასტურებელი დოკუმენტიც წარდგენილი აქვს. ამჟამად ის შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ სამართლებრივი უზრუნველყოფისა და საქმისწარმოების დეპარტამენტის უფროსის მოადგილეა.

პრეზიდენტსა და საქართველოს მთავრობას შორის კანდიდატურების სიის შეთანხმების კონტრასიგნაციას 3 დღის ვადაში ახდენს საქართველოს პრემიერ-მინისტრი. ამის შემდეგ პრეზიდენტი კანდიდატურებს წარუდგენს  პარლამენტს, რომელიც 2 კვირის ვადაში აირჩევს კომისიონერს.

კომისიის წევრის თანამდებობა ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც კომისიის თავმჯდომარე კარლო კვიტაიშვილი პარლამენტმა იმპიჩმენტის წესით თანამდებობიდან გაათავისუფლა, პრეზიდენტმა კი კონკურსი 19 ნოემბერს გამოაცხადა.

ამჟამად კომისიაში კიდევ ერთი წევრის ადგილია ვაკანტური - ირაკლი ჩიქოვანის თანამდებობიდან გადადგომის შემდეგ ჯერ პარლამენტმა ვერ აირჩია ვერც ერთი კანდიდატი, შემდეგ კი წარდგენილმა სამივე პირმა კანდიდატურა თავად მოხსნა.

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test