შემოგვიერთდი

20.12.2013 09:55

სასამართლომ გიორგი ბარათაშვილი GPB-ის გენერალური დირექტორის თანამდებობაზე მეორედ აღადგინა

გელა ბოჩიკაშვილი

გიორგი ბარათაშვილი

თბილისის საქალაქო სასამართლომ გიორგი ბარათაშვილი საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის თანამდებობაზე მეორედ აღადგინა. სასამართლომ ეს გადაწყვეტილება მოპასუხე და მოსარჩელე მხარეს დღეს, 20 დეკემბერს გააცნო.

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის, ხატია არდაზიშვილის გადაწყვეტილებით, საზოგადოებრივ მაუწყებელს დაევალა გენერალური დირექტორის თანამდებობაზე გიორგი ბარათაშვილის დაუყოვნებლივ აღდგენა. ამ გადაწყვეტილებითვე, მაუწყებელი ვალდებულია ბარათაშვილს გენერალური დირექტორის თანამდებობიდან გათავისუფლების მომენტიდან აღდგენამდე სახელფასო სარგო, არა უმეტეს 3 თვის ხელფასისა, აუნაზღაუროს. ასევე ბარათაშვილს უნდა დაუბრუნდეს სასამართლოში გადახდილი ბაჟი. ამავე გადაწყვეტილებით, გაუქმდა სამეურვეო საბჭოს 12 სექტემბრის გადაწყვეტილება - გენერალური დირექტორის თანამდებობაზე კონკურსის გამოცხადების შესახებ.

მოსამართლემ მიიჩნია, რომ გიორგი ბარათაშვილისთვის უნდობლობის გამოცხადების საკითხი 30 აგვისტოს დაისვა, როდესაც საბჭოს 12-მა წევრმა უნდობლობის გამოცხადების შესახებ საკითხის განხილვა მოითხოვა.  იმ დროს ბარათაშვილისთვის პირველად უნდობლობის გამოცხადებიდან (4 მარტი) კანონით დადგენილი 6 თვიანი ვადა გასული არ იყო, მოსამართლის გადაწყვეტილებით, ამ საფუძვლით ბარათაშვილის განთავსუფლების შესახებ აქტი გაბათილდა.

ბარათაშვილის მხარე სამეურვეო საბჭოს გადაწყვეტილების გაუქმებას კიდევ ერთი მიზეზით ითხოვდა - გადაწყვეტილების მიღების დღეს, 6 სექტემბერს საბჭოს მხოლოდ 9 წევრი ესწრებოდა რაც უნდობლობის გამოცხადების საკითხის დაყენებისთვის საკმარისი არ იყო,  კანონის თანახმად, საკითხის დასმას მინიმუმ 10 წევრი სჭირდებოდა, თუმცა გადაწყვეტილების მიღება 9 წევრსაც შეეძლო.

ეს ნიშნავს იმას რომ 30 აგვისტოს საბჭოს საკმარისი რაოდენობა ესწრებოდა, თუმცა საკითხის დაყენებისას 6 თვიანი ვადა არ იყო გასული, 6 სექტემბერს ვადა გასული იყო, მაგრამ საკითხის დასმისთვის საჭირო საკმარისი რაოდენობის წვერები არ ესწრებოდნენ სხდომას.

საბოლოო ჯამში მოსამართლემ მიიჩნია რომ უნდობლობის შესახებ საკითხი 30 აგვისტოს დაისვა და აქტი ბათილად სწორედ 6 თვიანი ვადის დარღვევის გამო სცნო.

თბილისის საქალაქო სასამართლოში ბარათაშვილის საქმის მოსამზადებელი სხდომა და საქმის არსებითი განხილვის პროცესი მიმდინარე წლის 12 დეკემბერს გაიმართა. სასამართლო სხდომის გამართვამდე, 4 დეკემბერს მოპასუხე მხარემ, საზოგადოებრივმა მაუწყებელმა სასამართლოს შუამდგომლობით მიმართა. მაუწყებელი შუამდგომლობაში გიორგი ბარათაშვილის სარჩელს ეთანხმებოდა. 

თანამდებობაზე აღდგენის შემდეგ ბარათაშვილს მუშაობა ახლადარჩეულ სამეურვეო საბჭოსთან მოუწევს. მისი თანამდებობიდან გათავისუფლება უნდობლობის გამოცხადებიდან 6 თვე - 2014 წლის თებერვლამდე ვერ განიხილება. 

გიორგი ბარათაშვილი საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭომ მიმდინარე წლის 6 სექტემბერს გადააყენა. ბარათაშვილმა სამეურვეო საბჭოს გადაწყვეტილება უკანონოდ მიიჩნია და თანამდებობაზე აღსადგენად თბილისის საქალაქო სასამართლოს მიმართა. მის უფლებებს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის მედიის სამართლებრივი დაცვის ცენტრი იცავადა. 

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test