შემოგვიერთდი

11.12.2013 20:16

პარლამენტმა GPB-ს მეურვეების შესარჩევი კომისია დაამტკიცა

ნატა ძველიშვილი

კომისია

საქართველოს პარლამენტმა საზოგადოებრივი მაუწყებლის მეურვეების შესარჩევი კომისია 11 დეკემბერს ერთხმად დაამტკიცა. 9 წევრისაგან შემდგარი კომისია სამეურვეო საბჭოს წევრობის მსურველ კანდიდატებს მომდევნო ათი დღის განმავლობაში შეარჩევს.

კომისიის შემადგენლობაში შევიდნენ:

ია ანთაძე - ჟურნალისტი, "სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტის გამგეობის თავმჯდომარე

ნინო ბექიშვილი - ჟურნალისტი

ზვიად დევდარიანი - "სამოქალაქო განვითარების სააგენტოს" აღმასრულებელი დირექტორო

ნათია კაპანაძე - იურისტი, "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" გამგეობის წევრი

ნათია კუპრაშვილი - "რეგიონულ მაუწყებელთა ასოციაციის აღმასრულებელი" დირექტორი

არნოლდ სტეფანიანი - საერთო სამოქალაქო მოძრაობა "მრავალეროვანი საქართველოს" თავმჯდომარე

ზაზა შათირიშვილი - ფილოსოფოსი

ზვიად ქორიძე - ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს წევრი

თამაზ ჯოლოგუა - ფილოლოგი

ვინაიდან მეურვეთა შესარჩევი კონკურსი ხვალ, 12 დეკემბერს სრულდება, საკონკურსო კომისიაც მუშაობას ხვალიდანვე შეუდგება.

მათ უნდა შეიმუშავონ დებულება, რომლითაც განისაზღვრება მეურვეობის კანდიდატთა და მათ მიერ წარმოდგენილი საზოგადოებრივი მაუწყებლის განვითარების კონცეფციების შეფასების კრიტერიუმები. დებულება საქართველოს პარლამენტის ბიურო დაამტკიცებს.

„მაუწყებლობის შესახებ“ კანონში ივლისში შეტანილი ცვლილებებით, მაუწყებლის სამეურვეო საბჭო მთლიანად 2014 წლიდან უნდა შეცვლილიყო, თუმცა იმის გამო რომ ბორდი რამდენიმე წევრმა დატოვა, მათ გადაწყვეტილების მიღება აღარ შეეძლოთ და საკუთარ უფლებამოსილებას ვეღარ ახორციელებდნენ. ამიტომ პარლამენტმა ეს პროცესი დააჩქარა.

„სამეურვეო საბჭო დაგეგმილზე ერთი თვით ადრე შეიქმნება, რაც არსებულ ვითარებას, როდესაც საზოგადოებრივი მაუწყებლის ხელმძღვანელი ორგანო პრაქტიკულად პარალიზებულია გამოასწორებს“ - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილმა.

სამეურვეო საბჭოს წევრთა შერჩევის პროცედურა 2 ეტაპად ჩატარდება - თავდაპირველად კანდიდატები კვალიფიკაციის მიხედვით შეირჩევიან, შემდეგ კი მათ მიერ წარდგენილი საზოგადოებრივი მაუწყებლის განვითარების კონცეფციას განიხილავენ და საჯაროდ ჩატარდება გასაუბრებაც .

ამის შემდეგ, შესარჩევი კომისია საჭირო რაოდენობაზე მინიმუმ 3-ჯერ მეტ (27) კანდიდატს წარუდგენს საპარლამენტო უმრავლესობას, უმრავლესობის მიღმა დარჩენილ პარლამენტარებს, სახალხო დამცველსა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოს.

საკონკურსო კომისიის მიერ შერჩეულ მეურვეობის კანდიდატთაგან ორს საქართველოს სახალხო დამცველი, სამს საპარლამენტო უმრავლესობა, სამს საპარლამენტო უმრავლესობის გარეთ დარჩენილ პარლამენტის წევრთა არანაკლებ ერთი მეოთხედი და ერთს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო წარუდგენს საქართველოს პარლამენტს ასარჩევად.

თუ პარლამენტმა წარდგენილი კანდიდატებიდან რომელიმე არ აირჩია,  10 დღის ვადაში დასამტკიცებლად ახალი კანდიდატი წარედგინება. თუ ვერც ერთმა კანდიდატმა ვერ მიიღო ხმების საკამარისი რაოდენობა, მაშინ არჩეულად მიიჩნევა ის, ვინც მიიღო ხმების ყველაზე მეტი რაოდენობა, არანაკლებ პარლამენტის სიითი შემადგენლობის ერთი მესამედისა. თუ კანდიდატებს სიითი შემადგენლობის მესამედმაც არ დაუჭირა მახრი, ახალი კონკურსი იმართება.

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test