შემოგვიერთდი

28.11.2013 11:41

საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრების შესარჩევი კონკურსი გამოცხადდა

გელა ბოჩიკაშვილი

საზოგადოებრივი მაუწყებელი

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, დავით უსუფაშვილმა საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრების შესარჩევი კონკურსი გამოაცხადა. კონკურსი ერთდროულად სამეურვეო საბჭოს წევრის 9 ვაკანტურ თანამდებობაზე გამოცხადდა. შესაბამისი ბრძანება უსუფაშვილმა 27 ნოემბერს გამოსცა.

კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია საზოგადოებრივი ნდობისა და აღიარების მქონდე საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს, რომელსაც ექნება მაგისტრის, ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი და არანაკლებ 10 წლიანი სამუშაო გამოცდილება (მინიმუმ 5 წელი ჟურნალისტიკის, ადამიანის უფლებათა დაცვის, საფინანსო, ელექტრო კომუნიკაციების სახელოვნებო, სამრეწველო, ან სამეცნიერო - პედაგოგიურ სფეროში). განცახდები საქართველოს პარლამენტის შენობაში - ქუთაისში ირაკლი აბაშიძის 26 ნომერში, ან ელექტრონულ მისამართზე (contact@parliament.ge) 2013 წლის 12 დეკემბრამდეა შესაძლებელი.

უსუფაშვილს საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრების შესარჩევი კონკუსის გამოცხადებას „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში 25 ნოემბერს ამოქმედებული ცვლილებები ავალდებულებს. ამ ცვლილებებით სრულად იცვლება სამეურვეო საბჭოს შემადგენლობა და ახალი წესით კომპლექტდება. მოქმედი კანონმდებლობით, სამეურვეო საბჭო 15-ის ნაცვლად 9 წევრით უნდა დაკომპლექტდეს.

საბჭოს ახალი წესით დაკომპლექტების შემდეგ, სამეურვეო საბჭოს წევრთა შორის ჩატარდება წილისყრა, რომლის მიხედვითაც განისაზღვრება მეურვეების უფლებამოსილების ვადები. კანონპროექტის მიხედვით, სამ-სამი მეურვე აირჩევა - 2 წლით, 4 წლითა და 6 წლით.

მეურვე ირჩევა მაქსიმუმ 6 წლის ვადით, რომლის სამუშაო ვადაც იწყება წინა მეურვის უფლება-მოსილების შეწყვეტის მეორე დღიდან. თუკი სამეურვეო საბჭოს წევრს უფლებამოსილება ვადაზე ადრე შეუწყდება, მის ნაცვლად არჩეული წევრი საბჭოში მისი წინამორბედის ვადის ამოწურვამდე დარჩება.

პარლამენტს სამეურვეო საბჭოს წევრობის 3-3 კანდიდატს საპარლამენტო უმცირესობა და უმრავლესობა, 2 კანდიდატს - სახალხო დამცველი და 1 კანდიდატს - აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო წარუდგენენ. საბოლოოდ სამეურვეო საბჭოს წევრებს პარლამენტი დაამტკიცებს.

კონკურსის გამოცხადებიდან 10 სამუშაო დღის განმავლობაში პარლამენტის დადგენილებით 9 წევრისგან დაკომპლექტებული საკონკურსო კომისია უნდა შეიქმნას. საკონკურსო კომისია სამოქალაქო საზოგადოებისა და აკადემიური წრეების წარმოამდგენლებით უნდა დაკომპლექტდეს. კომისიამ უნდა შეიმუშავოს დებულება, რომლითაც განისაზღვრება მეურვეობის კანდიდატთა და მათ მიერ წარმოდგენილი საზოგადოებრივი მაუწყებლის განვითარების კონცეფციების შეფასების კრიტერიუმები. დებულება საქართველოს პარლამენტის ბიურო დაამტკიცებს.

შერჩევის პროცედურა 2 ეტაპად ჩატარდება - კვალიფიკაციის მიხედვით და საზოგადოებრივი მაუწყებლის განვითარების კონცეფციის განხილვისა და გასაუბრების შედეგად, რომელიც საჯაროდ უნდა ჩატარდეს. რის შემდეგაც კომისია საჭირო რაოდენობაზე მინიმუმ 3-ჯერ მეტ (27) კანდიდატს წარუდგენს საპარლამენტო უმრავლესობას, უმრავლესობის მიღმა დარჩენილ პარლამენტარებს, სახალხო დამცველსა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოს. მათ პარლამენტის სიითი უმრავლესობა ცალ-ცალკე ირჩევს. თუ პარლამენტმა არ აირჩია წარდგენილი კანდიდატებიდან რომელიმე 10 დღის ვადაში დასამტკიცებლად, ახალი კანდიდატი წარედგინება. თუ ვერცერთმა კანდიდატმა ვერ მიიღო ხმების საკამრისი რაოდენობა, მაშინ არჩეულად მიიჩნევა ის, ვინც მიიღო ხმების ყველაზე მეტი რაოდენობა, არანაკლებ პარლამენტის სიითი შემადგენლობის მესამედისა. თუ კანდიდატებს სიითი შემადგენლობის მესამდმაც არ დაუჭირა მახრი, ახალი კონკურსი იმართება.

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test