შემოგვიერთდი

22.11.2013 17:34

შსს ირაკლი ციბაძეზე საჯარო ინფორმაციას არ გასცემს

გელა ბოჩიკაშვილი

შინაგან საქმეთა სამინისტრო

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო (შსს) ირაკლი ციბაძეზე საჯარო ინფორმაციას არ გასცემს. ციბაძე საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარე ემზარ გოგუაძემ ზეწოლაში დაადანაშაულა და საჯაროდ განაცხადა, რომ იგი „ოდეერ-ია“, რომელიც მაუწყებელში შსს-ს ინტერესებს ატარებს.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო ინფრომაციის მოთხოვნით - მუშაობდა თუ არა ირაკლი ციბაძე მათ უწყებაში, საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარემ, „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ“ და Media.Ge-მ მიმართა. არცერთ მათგანს შსს-დან ციბაძესთან დაკავშრებით პასუხი არ მიუღია.

„ძნელია შსს-ს საჯარო ინფრომაციის გაცემის ბიუროსთან დაკავშირება. ბოლო რამდენიმე დღეა უშედეგოდ ვცდილობთ მათთან დაკავშირებას“, - განაუცხადა Media.Ge-ს „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ მედია ანალიტიკოსმა, დიანა ჩაჩუამ.

Media.Ge-მ შსს-ს საჯარაო ინფორმაციის გაცემის ბიუროს 9 სექტემბერს მიმართა. მას შემდეგ ვებ-გვერდის რედაქტორმა უწყებას 17 ოქტომბერს ადმინისტრაციული საჩივრითაც მიმართა და სთხოვა, მიეწოდებინა საჯარო ინფორმაცია ირაკლი ციბაძის შესახებ. შსს-მ გამოცემის მიერ საჯარო ინფორმაციის მოთხოვნით გაგზავნილი ორივე განცხადება უპასუხოდ დატოვა.

შსს-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში განმარტავენ, რომ სამინისტრო საჯარო ინფრომაციის გაცემაზე განსაზღვრულ ვადებს არ არღვევს. სამსახურის ხელმძღვანელის, ნინო გიორგობიანის განმარტებით კი ირაკლი ციბაძე შსს-ს თანამშრომელი არ არის. ამავე თემაზე საქართველოს პრემიერმინისტრმა და ყოფილმა შინაგან საქმეთა მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მისი მისამართით დასმულ შეკითხვას პარლამენტში არ უპასუხა. 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მიხედვით, საჯარო უწყებამ საჯარო ინფორმაცია 10 სამუშაო დღეში უნდა გასცეს. იმ შემთხვევაში, თუ საჯარო დაწესებულება დადგენილ ვადაში არ გასცემს საჯარო ინფრომაციას, დაინტერესებულ პირს უფლება აქვს უწყებას ადმინისტრაციული საჩივრით მიმართოს და ხელმძღვანელ პირს მისი განცხადების დაკმაყოფილება სთხოვოს. ადმინისტრაციული საჩივრის განსახილველად საჯარო დაწესებულებებს 30 დღიანი ვადა აქვთ. შსს-მ ორივე შემთხვევაში Media.Ge-ს მოთხოვნის - საჯარო ინფრომაციის მიწოდების დაკამყოფილების ვადები დაარღვია.

Media.Ge-მ სცადა საზოგადოებრივი მაუწყებლის საჯარო ინფორმაციის გამცემი პირისგან მიეღო ინფორმაცია, იყო თუ არა ირაკლი ციბაძე მაუწყებლის თანამშრომელი, რა დროიდან მუშაობდა და რა თანამდებობაზე. 24 სექტემბერს მაუწყებლის საჯარო ინფორმაციის გაცემაზე პასუხისმგებელი პირი იტყობინებოდა, რომ ირაკლი ციბაძე მაუწყებლის თანამშრომელი 2013 წლის 21 მარტიდანაა და მას უსაფრთხოების საკითხებში გენერალური დირექტორის მრჩევლის თანამდებობა უკავია.

ირაკლი ციბაძის შესახებ საჯარო ინფორმაციის მოთხოვნამდე რამდენიმე დღით ადრე, 3 სექტემბერს Media.Ge-მ საზოგადებრივ მაუწყებელს მიმართა მიეწოდებინა საჯარო ინფრომაცია - რამდენი თანამშრომელი მიიღო მაუწყებელმა 2013 წლის 1 იანვრიდან 1 სექტემბრამდე. ამ განცხადების პასუხად კი ირკვევა, რომ მაუწყებელს 21 მარტს არავინ მიუღია სამსახურში.

Media.Ge დაინტერესდა რატომ არ იყო ირაკლი ციბაძის მიღების შესახებ ინფრომაცია მითითებული 2013 წლის 1 იანვრიდან 1 სექტემბრამდე პერიოდში მაუწყებელში მიღებულ თანამშრომლებს შორის.

„მიუხედავად იმისა, რომ უშიშროების დარგში გენერალური დირექტორის მრჩევლის  პოზიცია ცხრილში არ არის მითითებული,  თქვენ ამის შესახებ ოფიციალურად ცალკე წერილობით გეცნობათ“,- უთხრა მაუწყებლის საჯარო ინფრომაციის გაცემაზე პასუხისმგებელმა პირმა Media.Ge-ს.

საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარემ, ემზარ გოგუაძემ, მის მიმართ განხორციელებულ ზეწოლაზე 6 სექტემბრის სამეურვეო საბჭოს სხდომაზე ისაუბრა. მისი თქით, 5 სექტემბერს, სამეურვეო საბჭოს სხდომამდე ერთი დღით ადრე, ვიდრე გენერალური დირექტორის გადაყენების გადაწყვეტილებას მიიღებდნენ, საკუთარ კაბინეტში შესულს ირაკლი ციბაძე დახვდა და გადაწვეტილების შეცვლა მოსთხოვა.

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test