შემოგვიერთდი

21.11.2013 21:59

საპატრიარქოს ტელევიზიას „სტერეო+“-მა რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზია გადასცა

ნატა ძველიშვილი

დავით ზილფიმიანი

დავით ზილფიმიანის კუთვნილმა კომპანიამ „სტერეო+“-მა საკუთარი რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზია საპატრიარქოს ტელევიზია „ერთსულოვნებას“ სიმბოლურ ფასად გადასცა. კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ 21 ნოემბერს ლიცენზიის გადაცემის საკითხი დღის წესრიგში დამატებით საკთხად სხდომაზევე შეიტანა, დაჩქარებული წესით განიხილა და თანხმობის გადაწყვეტილებაც მაშინვე მიიღო.

ლიცენზიის ფარგლებში „სტერეო +“ ჯერ ტელეკომპანია „მეცხრე არხს“ ავრცელებდა მთელი საქართველოს მასშტაბით, შემდეგ „ობიექტივს“. ახლა კი „ერთსულოვნების“ გადაცემების მიღება ანტენის საშუალებით იქნება შესაძლებელი.

დავით ზილფიმიანი ლიცენზიის გასხვისების რამდენიმე მიზეზს ასახელებს - მათ შორისაა ფინანსური პრობლემები. გარდა ამისა, პროფესიით ფიზიკოსი ზილფიმიანი ამბობს, რომ თანამშრომლობას იწყებს კოსმოსური კვლევის ცენტრ NASA-ში და ცოტა დრო ექნება მის მფლობელობაში არსებული კომპანიებისთვის ყურადღების მისაქცევად. მესამე მიზეზად კი - საპატრიარქოს თხოვნას ასახელებს.

„არაერთხელ ითხოვა ეკლესიამ, რომ მისთვის მაუწყებლობის საშუალება მიეცათ, თუმცა ეს თხოვნა ყურად არავინ იღო. მეც ჩვენი ქვეყნის შვილი ვარ და თუ ვინმეს მივცემდი ლიცენზიას წინა ორი მიზეზით, რა თქმა უნდა, პირველ რიგში ეს იქნებოდა ის, ვისაც უფრო მეტად  სჭირდება და ვინც ყველაზე მეტად საერო საქმეს აკეთებს“, - უთხრა Media.ge-ს დავით ზილფიმიანმა.

მის საკუთრებაშია ტელეკომპანია „პირველი სტერეოს“ 22 პროცენტიც, რომლის გასხვისებასაც ასევე აპირებს. დავით ზილფიმიანის თქმით, მის პარტნიორებს სურთ ამ წილის შეძენა და ისინი გააგრძელებენ სამართლებრივ ბრძოლასაც, რაც 65 პროცენტის მფლობელ ვასილ კობაიძის წინააღმდეგ მიმდინარეობს. ამ დროისთვის „პირველი სტერეოს“ დანარჩენი წილები ასე ნაწილდება: მარკო კუპოლეტი 10% და ლუკა სევერინი 3%.

დავით ზილფიმიანი კიდევ ერთი მაუწყებელს, „ომეგას“ ფლობს, რომლის საბაზრო ფასის შესაბამისად გასხვისებაზეც ასევე აწარმოებს მოლპარაკებას. „ომეგა“ საერთო მაუწყებელია, რომელიც დაბა მანგლისში მაუწყებლობს. ზილფიმიანის თქმით, ამ ხნის განმავლობაში „ომეგა“ საკუთარ კონტენტს არ აწარმოებდა და იმეორებდა სხვა მაუწყებლების გადაცემებს.

ზილფიმიანი ირწმუნება, რომ ამ კომპანიების გასხვისება არ უკავშირდება კომუნიკაციის ეროვნული კომისიის წევრის პოსტზე გამოცხადებულ კონკურსს, თუმცა ამბობს, რომ გამორიცხული არაფერია და შესაძლოა ამ თანამდებობის დაკავებისთვის იბრძოლოს.

„დღემდე ეს გადაწყვეტილება მიღებული არ მაქვს. მე ვფიქრობ, რომ განსაკუთრებით ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლის პროცესში ჩემი ცოდნა და გამოცდილება მნიშვნელოვანი იქნება, თუმცა, პირველ რიგში მე უნდა გავერკვე, მინდა ეს, თუ - არა. ეს საკითხი ღიაა“, - აღნიშნა დავით ზილფიმიანმა.

კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში ამ დროისთვის ორი ვაკანტური ადგილია - ერთი ირაკლი ჩიქოვანის გადადგომის შემდეგ გათავისუფლდა, მეორე კი მას შემდეგ, რაც პარლამენტმა კარლო კვიტაიშვილი იმპიჩმენტის წესით გადააყენა. ორივე ადგილის დასაკავებლად კონკურსია გამოცხადებული. კომისიის წევრის პოსტი ერთ ერთი ყველაზე მაღალაანაზღაურებადი თანამდებობაა საქართველოს საჯარო სამსახურში, კომისიონერის ყოველთვიური შრომითი ანაზღაურება დაახლოებით 13 ათასი ლარია.

 

 

 

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test