შემოგვიერთდი

19.11.2013 15:54

ტელეკომპანია „რუსთავი 2“-მა სამ თვეში ყველაზე მეტი შემოსავალი მიიღო

ნატა ძველიშვილი

ტელეკომპანიების შემოსავლები

კომუნიკაციების ეროვნული კომისიის (GNCC) ვებ გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ტელეკომპანია „რუსთავი 2“-მა 2013 წლის მესამე კვარტალში მაუწყებლებს შორის ყველაზე მეტი, 6 მილიონ 182 ათას 987 ლარის შემოსავალი მიიღო. აქედან 5 მილიონ 110 ათას 100 ლარი რეკლამიდან მიღებული თანხაა, 937 ათას 632 ლარი კი - სპონსორობიდან. ტექნიკური მომსახურებიდან შემოსავალი 78 ათას 712 ლარს შეადგენს.

„რუსთავი 2“-თან შედარებით თითქმის 2-ჯერ ნაკლები თანხა მიიღო ტელეკომპანია „იმედმა“. მესამე კვარტალში მისი შემოსავალი 3 მილიონ 180 ათას 77 ლარი იყო, საიდანაც 2 მილიონ 508 ათას 392 ლარი რეკლამიდან, 672 ათას 385 ლარი კი სპონსორობიდან მიღებული შემოსავალია.

სხვა მაუწყებლების შემოსავლები „რუსთავი 2“-თან და „იმედთან“ შედარებით მკვეთრად მცირეა. ამ მაჩვენებლით მესამე ადგილზე GMG-ია, რომელმაც მესამე კვარტალში 997 ათას 125 ლარი მიიღო. მაუწყებელი საკუთარ პროგრამებს საკაბელო ქსელებით ავრცელებს, ამიტომ შემოსავლებში დიდ წილს (696 435 ლარი) სწორედ კონტენტის რეალიზებიდან და საეთერო დროის გაყიდვიდან მიღებული თანხა შეადგენს. დანარჩენი შემოსავალი კი რეკლამაზე, სპონსორობასა და ტექნიკურ მომსახურებაზე ნაწილდება.

აღსანიშნავია, რომ შემოსავლების მხრივ „რუსთავი 2“-ს „იმედსა“ და GMG-ს ბათუმის „ტელეარხი 25“ მოსდევს, რომელმაც სამ თვეში 253 ათას 960 ლარი მიიღო. მიღებული თანხის დიდი წილი, 125 ათას 503 ლარი განცხადებების განთავსებაზე მოდის, 89 ათას 863 ლარი კი საეთერო დროის გაყიდვაზე. „ტელეარხი 25“-ის საეთერო დრო მედია კავშირ „ობიექტივს“ აქვს შესყუდული და საკუთარ კონტენტს რამდენიმე საათის განმავლობაში ამ არხის ეთერში გადასცემს.

„ტელეარხი 25“ მიღებული შემოსავლების რაოდენობით უსწრებს არა მხოლოდ ყველა რეგიონულ მაუწყებელს, არამედ დედაქალაქის არხებსაც, ისეთებს როგორიცაა „ტაბულა“ (144  830 ლარი), TV 3, „კავკასია“(71 095 ლარი), „აფხაზეთის ხმა“(76 794 ლარი), „პირველი სტერეო“ (56 503 ლარი) .

დედაქალაქში ბაზირებული მაუწყებლებიდან საკუთარ ანგარიშში ტელეკომპანია „მაესტრომ“ მიუთითა, რომ მას სამი თვის განმავლობაში შემოსავალი არ ჰქონია. თუმცა, როგორც GNCC-ის ინფორმაციულ ანალიტიკური დეპარტამენტის მთავარმა სპეციალისტმა ალეკო ღლონტმა Media.Ge-ს განუცხადა, „მაესტრომ“ არასწორად შეავსო ფორმა, რაც შემდეგ გააკორექტირა.

„მოთხოვნილ ვადაში, როდესაც იყო გამოგზავნის და გამოქვეყნების დრო,  „მაესტრომ“ მოგაწოდა ინფორმაცია, სადაც შემოსავლებში მითითებული იყო ნული. დღეის მდგომარეობით „მაესტროს“ უკვე დაზუსტებული აქვს მონაცემები. დაკორექტირებული მონაცემების ხელმეორედ გამოქვეყნება როგორ, რა სახით მოხდება, არ ვიცი“, - აღნიშნა ალეკო ღლონტმა.

რეგიონული მაუწყებლებიდან „ტელეარხი 25“ -ის შემდეგ შემოსავლების ოდენობით მოდის „თრიალეთი“ (გორი) მიღებული 93 ათას 70 ლარით და  „რიონი“ (ქუთაისი) 88 ათას 617 ლარით. ქვემო ქართლის ტელერადიო კომპანიამ კი 2013 წლის მესამე კვარტალში 41 ათას 895 ლარის შემოსავალი მიიღო.

17-დან 30 ათას ლარამდე მერყეობს ისეთი რეგიონული ტელეარხების შემოსავალი, როგორიცაა „გურია“, „ეგრისი“ (სენაკი), „მარნეული ტვ“, (მარნეული), „იმერვიზია“ (ჭიათურა),  „მეცხრე ტალღა“ (ფოთი),  „გურჯაანი“ (გურჯაანი),  „მეცხრე არხი“ (ახალციხე) და „ზარი“ (სამტრედია).

შედარებით მცირე შემოსავლიანი ტელევიზიები არიან „თანამგზავრი“(თელავი), „ზარი“ (სამტრედია), „ფოთი ტვ“ (ფოთი) და მეგა ტივი, მათ მიერ სამ თვეში მიღებული თანხა ჯამში 5-დან 9-ათასამდე მერყეობს.

მთელი საქართველოს მასშტაბით ყველაზე ნაკლები შემოსავალი ხაშურის ტელეკომპანია „დიას“ ჰქონდა, მესამე კვარტალში მან მხოლოდ 234 ლარი მიიღო, აქედან 134 ლარი განცხადებების განთავსებისთვის, 100 ლარი კი გადაცემის ეთერში გაშვებისთვის.

რადიოების შემოსავლები

რაც შეეხება რადიოებს, მათ შორის ყველაზე შემოსავლიანი რადიო „იმედია“ სამ თვეში მისმა შემოსავალმა ჯამში 291 ათას 952 ლარი შეადგინა. ბევრად ნაკლები, 74 ათას 802 ლარი მიიღო რადიო „მაესტრომ“, შემდეგ მოდის რადიო „მწვანე ტალღა“ 30 ათას 764 ლარით. რეგიონულმა რადიოებმა" ძველი ქალაქი" 24 ათას 527 ლარი, „ათინათმა“ 21 ათას 568 ლარი, „ჰერეთმა“ კი 17 ათას 560  ლარი მიიღო  შემოსავლის სახით 2013 წლის მესამე კვარტალში.

კომუნიკაციების ეროვნული კომისიის ვებ გვერდზე გამოქვეყნებულ მონაცემებში არ იძებნება შპს „ქართული რადიოს“ მიერ მიღებული შემოსავლების შესახებ ინფორმაცია.  სწორედ ეს კომპანია უშვებს ეთერში მსხვილ რადიოებს „არ დაიდარდოს“, „ავტო რადიოს“, „ფორტუნასა“ და „ფორტუნა +“-ს. როგორც კომისიაში განმარტავენ, ამ კომპანიამ მონაცემები მოგვიანებით წარმოადგინა და ერთიან სიაში ამიტომ ვერ მოხვდა.

მაუწყებლები ფინანსურ ინფორმაციას კომისიაში  ელექტრონული სისტემის გამოყენებით წარადგენენ. ისინი მომხმარებლის სახელითა და პაროლით შედიან სისტემაში, ავსებენ ფორმებს, რაც ავტომატურად არქივდება. თუმცა, კორექტირების შესაძლებლობა მოგვიანებითაც აქვთ. ამგვარი შესწორებები ან კომისიის აპარატის თანამშრომლების მხრიდან მათი შემოწმების შემდეგ ხდება ან მაუწყებლები საკუთარი სურვილით აზუსტებენ მონაცემებს. 

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test