შემოგვიერთდი

05.11.2013 16:16

აჭარის ტელევიზიისა და რადიოს მრჩეველთა საბჭო მხოლოდ „ქართული ოცნების“ კანდიდატებით დაკომპლექტდა

გელა ბოჩიკაშვილი

ტელეკომპანია აჭარა

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესმა საბჭომ დღეს, 5 ნოემბერს კენჭი უყარა აჭარის ტელევიზიისა და რადიოს მრჩეველთა საბჭოს წევრის ორ ვაკანტურ თანამდებობაზე წარდგენილ კანდიდატებს. კენჭისყრის შედეგებით, ვაკანტურ თანამდებობებზე ფრაქცია „ქართული ოცნება - აჭარის“ კანდიდატი ოლღა ჟღენტი და ფრაქცია „ქართული ოცნების“ კანდიდატი ვახტანგ ღლონტი დაამტკიცეს. ამავე თანამდებობაზე 17 ოქტომბერს უმაღლესმა საბჭომ კიდევ სამი წევრი დაამტკიცა. სამივე მათგანი უმრავლესობაში მყოფი კოალიცია „ქართული ოცნების“ ფრაქციების მიერ იყვნენ დასახელებულები.

ჟღენტისა და ღლონტის არჩევას საბჭოს 12-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი და 8-მ წინააღმდეგ მისცა ხმა. ამავე თანამდებობაზე მუშაობის სურვილი ჰქონდათ ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მიერ დასახელებულ კანდიდატებს -ირაკლი დარცმელიძესა და ბეჟან გობაძეს. დარცმელიძისა და გობაძის კანდიდატურა უმაღლესმა საბჭომ მეორედ განიხილა. საბჭოს 17 ოქტომბრის სხდომაზე მათ ხმების საჭირო რაოდენობა (მინიმუმ 11) ვერ მოაგროვეს. ორივე კენჭისყრაზე მათ არჩევას 8 მომხრე და 12 მოწინააღმდეგე ჰყავდა. 5 ნოემბრის  სხდომაზე  საბჭოს ერთ-ერთმა წევრმა, დავით ბაციკაძემ კენჭისყრაში მონაწილეობაზე უარი განაცხადა.

კოალიცია „ქართული ოცნების“ ფრაქციებმა საკუთარი კანდიდატები მას შემდეგ წამოაყენეს, რაც აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრთა უმრავლესობამ „ნაციონალური მოძრაობის“ ფრაქციების მიერ დასახელებულ კანდიდატებს მხარი არ დაუჭირა. კანონი "ქართულ ოცნებას" არ უკრძალავდა მრჩეველთა საბჭოს დასაკომპლექტებლად კანდიდატის კვლავ დასახელებას.

დღევანდელი მონაცემებით, აჭარის ტელევიზიისა და რადიოს მრჩეველთა საბჭოს ხუთივე წევრი კოალიცია „ქართული ოცნების“ მიერ დასახელებული კანდიდატებითაა დაკომპლექტებული. საბჭოს წევრები არიან - ოლღა ჟღენტი, ვახტანგ ღლონტი, რუსუდან (ნატა) იმედაიშვილი, გიორგი ირემაძე და ზაზა ხალვაში.

„მაუწყებლობის შესახებ“ კანონის მიხედვით მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს მრჩეველთა საბჭოში 5 წევრია და თითოეული მათგანი ექვსი წლის ვადით აირჩევა. კანონმდებლობის მიხედვით, ისინი აჭარის უმაღლესი საბჭოს სიითი შემადგენლობის (21 დეპუტატი) უმრავლესობით (მინიმუმ 11 ხმით) აირჩევიან.

5 ნოემბრის კენჭისყრაში მონაწილე კანდიდატების პრიორიტეტები

ვახტან ღლონტი მიიჩნევს, რომ აჭარის ტელევიზიამ და რადიომ უნდა წარმოაჩინოს საქართველოს რეგიონების, განსაკუთრებით აჭარის კულტურულ-ეთნოგრაფიული და გეოგრაფიული სპეციფიკა, იზრუნოს მოსახლეობის სახელმწიფო და სამოქალაქო თვითშეგნების ამაღლებისთვის და დემოკრატიული ფასეულობების დამკვიდრებისთვის - კანონის უზენაესობა, ურთიერთპატივისცემა და თანასწორობა. 

მისი აზრით, ტელევიზიის დამატებითი შემოსავლები (რეკლამა) უნდა მოხმარდეს თანამაშრომლების კვალიფიკაციის ამაღლებას, ახალი ტექნიკის შეძენასა და არხის ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლას.

აჭარის ტელევიზია და რადიო ორიენტირებული უნდა იყოს საზოგადოების სამსახურზე, და პოლიტიკურმა ძალებმა გავლენა ვერ უნდა მაოხდინოს მის საქმიანობაზე - აღნიშნავს მრჩეველთა საბჭოს წევრობის კიდევ ერთი კანდიდატი, ოლღა ჟღენტი წარდგენილ კონცეფციაში.

იგი არხის ერთ-ერთ პრიორიტეტად საგამოძიებო ტიპის გადაცემის დაწყებას მიიჩნევს, რომელის მიზანიც ხელისუფლების საქმიანობის მონიტორინგი იქნება.

„უმცირესობათა საკითხების გაშუქებისას დროის განაწილება უნდა მოხდეს სხვადასხვა უმცირესობათა ინტერესების პროპორციული ასახვის საფუძველზე“, - აღნიშნული აქვს მას თავის კონცეფციაში.

ირაკლი დარცმელიძე, მიიჩნევს რომ ტელევიზია ხალხს უნდა ემსახურებოდეს - მიაწოდოს  ის, რაც მას აინტერესებს. დარცმელიძის აზრით, აჭარის ტელევიზიასა და რადიოში აქცენტი რეგიონში განვითარებულ მოვლენებზე უნდა გაკეთდეს.

იგი თავის კონცეფციაში საჭიროდ მიიჩნევს თანამდებობის მოქმედი და ყოფილი პირების ქონებრივი მდგომარეობის შესახებ გადაცემის არსებობას.

„რიგითმა მაყურებელმა უნდა გაიგოს მის მიერ არჩეული დეპუტატების, მთავრობის წევრებისა და აჭარაში მოღვაწე სხვა ჩინოვნიკების ფინანსური მდგომარეობის შესახებ“, - წერია დარცმელიძის კონცეფციაში.

ბეჟან გობაძემ ყურადღებას სოციალური პრობლემების გაშუქებაზე ამახვილებს. მის პროგრამულ პრიორიორიტეტებში შედის საჯარო მოხელეთა საქმიანობის, არქივით დამზადებული პრგრამებისა და სხვადასხვა რელიგიური და ეთნიკური ჯუფების აქტიურად გაშუქების საკითხი.

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test