შემოგვიერთდი

05.11.2013 16:42

აქვს თუ არა აჭარის ტელევიზიისა და რადიოს მრჩეველთა საბჭოს წევრს ინტერესთა კონფლიქტი

გელა ბოჩიკაშვილი

ნატა იმედაიშვილი new

„აჭარის“ ტელევიზიისა და რადიოს მრჩეველთა საბჭოს წევრი, რუსუდან (ნატა) იმედაიშვილი „რადიო თავისუფლების“ ჟურნალისტია და აჭარის რეგიონიდან მასალების მომზადებისას ანაზღაურებას იღებს. საქართველოს კანონდმებლობით, საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომელს ეკრძალება სხვა მაუწყებელში ანაზღაურებადი საქმიანობის შესრულება. „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში წერია, რომ ამ შემთხვევაში დასაქმებულს ინტერესთა კონფლიქტი ექმნება და მას მაუწყებლის დატოვება უწევს.

რუსუდან იმედაიშვილი 1 ნოემბერს ტელეკომპანია „აჭარის“ საინფორმაციო სამსახურის თანამშრომლების პრესკონფერენციას ესწრებოდა და მას „რადიო თავისუფლების“ ჟურნალისტის სტატუსით აშუქებდა. მისი მომზადებული სიუჟეტი ამავე დღეს პროგრამაში „15 წუთი თავისუფლებასთან ერთად“ გავიდა.

იურისტი, მარიამ გოგოსაშვილი მიიჩნევს, რომ იმედაიშვილის შემთხვევაში ინტერესთა კონფქლიქტი ცალსახად არ იკვეთება, მაგრამ კითხვები ჩნდება.

მისი თქმით, ეს საკითხი აჭარის უმაღლესმა საბჭომ უნდა გამოიკვლიოს და გამოარკვიოს იმედაიშვილის „რადიო თავისუფლებაში“ მუშაობა სხვა მაუწყებლისთვის შესრულებულ სამუშაოდ მიიჩნევა, თუ - არა.

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის ინფორმაციით, „რადიო თავისუფლება“ არც სამაუწყებლო ლიცენზიას ფლობს და არც ავტორიზებული პირია მაუწყებლობის სფეროში. იმის მიუხედავად, რომ „თავისუფლებას“ არ აქვს მაუწყებლობის ლიცენზია მისი პროგრამები გადაიცემა - „რადიო იმედის“, „მწვანე ტალღის“, „პალიტრას“, „რადიო ქალაქისა“ და რამდენიმე რეგიონალური რადიოს ეთერით.

„შესწავლილი უნდა იქნეს  აქვს თუ არა მას პირდაპირი, ან არაპირდაპირი ეკონომიკური ინტერესი სხვა მაუწყებლის ან იმ პირის მიმართ, რომელიც ახორციელებს ტელერადიოპროდუქციის წარმოებას ან/და მიწოდებას“, - უთხრა გოგოსაშვილმა Media.Ge-ს.

იმის მიუხედავად, რომ იმედაიშვილს აჭარის ტელევიზიასთან დაკავშირებითაც „რადიო თავისუფლებისთვის“ უწევს სიუჟეტების მომზადება იგი მიიჩნევს, რომ „აჭარის“ ტელევიზიისა და რადიოს მრჩეველთა საბჭოს წევრად მუშაობის მას ინტერესთა კონფლიქტს არ უქმნის.

 „თავისუფლება“ არ არის მაუწყებელი, მას სხვადასხვა რადიოებში ნაყიდი აქვს დრო და ისე გადის ეთერში. ეს არ არის ჩემთვის ინტერესთა კონფლიქტი, რადგან უცხოური მედიაა და კონკურენტი ვერ იქნება,“- აღნიშნა იმედაიშვილმა Media.Ge-თან საუბრისას.

მისივე თქმით, მრჩეველთა ჯგუფს სრულყოფილი მუშაობა ჯერ არ დაუწყია, სრულად ამუშავების შემდეგ კი, კონფლიქტის არსებობის შეთვევაში იგი „რადიო თავისუფლებაში“ ანაზღაურებად საქმიანობას თავს დაანებებს.

აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრის გია მასალკინის თქმით, იმ შემთხვევაში თუ რუსუდან იმედაიშვილს ინტერესთა კონფლიქტის პრობლემა ექნება კანონის ფარგლებში იმოქმედებენ.

რუსუდან (ნატა) იმედაიშვილი აჭარის უმაღლესი საბჭოს სხდომაზე „აჭარის“ ტელევიზიისა და რადიოს მრჩეველის ვაკანტურ თანამდებობაზე ფრაქცია „ქართული ოცნება - თავისუფალი დემოკრატებმა“ დაასახელეს. დღევანდელი მონაცემებით, აჭარის ტელევიზიისა და რადიოს მრჩეველთა საბჭოს ხუთივე წევრი კოალიცია „ქართული ოცნების“ მიერ დასახელებული კანდიდატებითაა დაკომპლექტებული. საბჭოს წევრები არიან - ოლღა ჟღენტი, ვახტანგ ღლონტი, რუსუდან (ნატა) იმედაიშვილი, გიორგი ირემაძე და ზაზა ხალვაში.

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test