07.10.2013 11:06
იმედა დარსალია TV3-ის საინფორმაციო სამსახურის უფროსად დაინიშნა
გელა ბოჩიკაშვილი
იმედა დარსალია, რომელიც ტელეკომპანია „მეცხრე არხის“ დახურვამდე მისი სიანფორმაციო სამსახურის უფროსად მუშაობდა, 7 ოქტომბრიდან TV3-ზე ამავე თანამდებობაზე გააგრძელებს მუშაობას.
TV3-ის გენერალური დირექტორი, კახა ბაინდურაშვილი ამბობს, რომ იმედა დარსალიასთან მოლაპარაკებები დასრულებულია და უახლოეს დღეებში მასთან ხელშეკრულება გაფორმდება. მისივე თქმით, TV3-ზე პოლიტიკური ახალი ამბების დამატება იგეგმება.
„რაც შეიძლება მოკლე დროში ვგეგმავთ ეთერში გასვლას. მაქვს სერიოზული გეგმები, მაგრამ ამ ეტაპზე არ შემიძლია გესაუბროთ“, - უთხრა დარსალიამ Media.Ge-ს.
საინფორმაციო სამსახურს TV3-ზე მაია ბურჭულაშვილი ხელმძღვანელობდა. როგორც ბაინდურაშვილი ამბობს, დარასალიას შემდეგ ბურჭულაშვილი არხზე ბიზნესის ახალ ამბებს უხელმძღვანელებს.
TV3-ზე 2013 წლის სექტემბერში დაიწყო მუშაობა ტელეკომპანია "მეცხრე არხის" გადაცემა "ანატომიის" წამყვანმა, ნათია მიქიაშვილმაც. მას TV3-ზე კვლავ გადაცემა "ანატომია" მიჰყავს.
საჯარო რეესტრის მონაცემებით, ტელეკომპანია TV3-ის მფლობელები არიან - ლალი ეგაძე (10%), დავით მჟავია (51%), ლაშა ჩხენკელი (30%), დარჩენილი 9 პროცენტიანი წილის მფლობელი არხის გენერალური დირექტორი, კახა ბაინდურაშვილია.