შემოგვიერთდი

30.09.2013 13:46

„სამეურვეო საბჭოს დატოვების მოთხოვნით მის წევრებზე ზეწოლაა" - ემზარ გოგუაძე

გელა ბოჩიკაშვილი

ემზარ გოგუაძე

საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს ცნობით, საბჭოს დატოვების მოთხოვნით მის წევრებზე ზეწოლაა. სამეურვეო საბჭო მიიჩნევს, რომ საბჭოს წევრებზე ზეწოლა მაუწყებლის ფინანსურ საკთხზე გავლენას იქონიებს. ამის შესახებ სამეურვეო საბჭომ განცხადება გაავრცელა, თუმცა კონკრეტულ მაგალითებზე არ საუბრობენ.

„ზეწოლის ნიშნები სახეზეა, დანარჩენს ვერ მოგიყვებით. ერთ-ერთი ჩემთან დაკავშრებითაც დაფიქსირდა“, - განუცხადა Media.Ge-ს საბჭოს თავმჯდომარე ემზარ გოგუაძემ.

საბჭოს წერილში კი განმარტებულია, რომ უახლოეს მომავალში საზოგადოება გაიგებს იმ პირებისა და სტრუქტურების ვინაობას, ვისაც მაუწყებელში მიმდინარე ვითარებაზე პასუხისმგებლობის აღება მოუწევს. 1 ოქტომბერს ამ საკითხზე სამეურვეო საბჭოს სხდომა ჩატარდება, 2 ოქტომბერს კი ემზარ გოგუაძე ბრიფინგის გამართვას გეგმავს.

სამეურვეო საბჭოს განმარტებით, საზოგადოების ერთი ნაწილის ბრალდება მათ მიმართ კომერციული კრედიტის მიღების დაგვიანების შესახებ არასწორია და სესხის აღების პროცესის გაჭიანურება მაუწყებლის ფინანსური მდგომარეობის შესწავლითაა გამოწვეული.  მაუწყებელს მიმდინარე წლის საეთერო სეზონის დასასრულებლად დამატებით მინიმუმ 2 მილიონ 500 ათასი ლარი სჭირდება. მაუწყებლის ფინანსური სამსახური ამ თანხის სესხად აღებას გეგმავს, რაზეც სამეურვეო საბჭოს თანხმობა სჭირდება. თუმცა სამეურვეო საბჭო გადაწყვეტილებას ვერ მიიღებს, თუ სხდომას არ დაესწრება მინიმუმ 8 მეურვე.

ამჟამად საბჭოში 9 მეურვეა, თუმცა 2 მათგანს საბჭოს დატოვება სურს. Media.Ge-ს  წყაროს ინფორმაციით, მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს დატოვების მოთხოვნით განცხადება ავთანდილ ანთიძემ მაუწყებლის კანცელარიას 27 სექტემბერს ჩააბარა. ანთიძე თანამდებობიდან გათავისუფლებას პრემიერ-მინისტრს, ბიძინა ივანიშვილს სთხოვდა.

მიმდინარე წლის 20 სექტემბერს საბჭოს დატოვების სურვილი ეკა მაზმიშვილმაც გამოთქვა. მან ამ თხოვნით საქართველოს პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს მიმართა.

„მაუწყებლობის შესახებ“ კანონის მიხედვით, მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრმა თანამდებობის დატოვების შესახებ ოფიციალური წერილით საქართველოს პარლამენტს უნდა მიმართოს. მეურვე თანამდებობიდან გათავისუფლებულად მას შემდეგ ჩაითვლება, რაც მეურვის წერილობითი თხოვნა პარლამენტს ოფიციალურად ჩაბარდება.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-80-ე მუხლის მიხედვით, საქართველოს პრეზიდენტისა და პრემიერ-მინისტრის ადმინისტრაცია ვალდებულია 5 დღის განმავლობაში გადაუგზავნოს განცხადება და მასზე დართული საბუთები საქართველოს პარლამენტს.

თუკი საბჭო 7 მეურვის შემადგენლობით დარჩება, ახალ გენერალურ დირექტორს ვერ დაამტკიცებს, რომლის შესარჩევ კონკურსზე განცახდების მიღების ვადა 12 სექტემბერს იწურება. 

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test