შემოგვიერთდი

27.09.2013 14:20

საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრობაზე უარი სავარაუდოდ კიდევ ერთმა წევრმა განაცხადა

საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარემ ემზარ გოგუაძემ 27 სექტემბერს, საბჭოს სხდომის წინ, ჟურნალისტებს  განუცხადა, რომ მასაც აქვს დაუდასტურებელი ინფორმაცია, რომ ერთ-ერთმა მეურვემ, ავთანდილ ანთიძემ, საბჭოდან გასვლის შესახებ განცხადება დაწერა.
"თუმცა, მე ეს დოკუმენტი არ მინახია", -  დასძინა გოგუაძემ

გოგუაძის განცხადებამდე, საზოგადოებრივი მაუწყებლის ერთ-ერთმა თანამშრომელმა Media.Ge-ს   აცნობა, რომ ავთანდილ ანთიძემ ნამდვილად დაწერა განცხადება გადადგომის შესახებ, ოღონდ პრემიერ-მინისტრის სახელზე. წყარომ დასძინა, რომ დოკუმენტი თავად ნახა. ავთანდილ ანთიძე ამჟამად საავადმყოფოში წევს.

სამეურვეო საბჭოს დატოვების შესახებ კიდევ ერთი განცხადება ეკა მაზმიშვილმა 20 სექტემბერს  პრეზიდენტის სახელზე დაწერა.

„მაუწყებლობის შესახებ“ კანონის მიხედვით, საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს დატოვების მსურველმა განცხადებით უნდა მიმართოს  საქართველოს პარლამენტს, რომდენადაც სწორედ პარლამენტი ამტკიცებს მეურვეებს პრეზიდენტის მიერ წარდგენილი კანდიდატურებიდან. თუმცა, როგორც Media.Ge-ს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში განუმარტეს, პრემიერ-მნისტრს და პრეზიდენტს შეუძლიათ მეურვეთა განცხადებები  დასაკმაყოფილებლად  კანონით განსაზღვრულ ადრესატს, პარლამენტს გადაუგზავნონ. წინააღმდეგ შემთხვევაში, მეურვეების თანამდებობიდან გათავისუფლება ფორმალურად შეუძლებელი იქნება.

საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭო, მოქმედი კანონმდებლობით, 15 წევრისგან შედგება, ოთხს უფლებამოსილება მიმდინარე წლის 1 სექტემბერს ამოეწურა. ამჟამად, ოფიციალურად , საზოგადოებრივ მაუწყებელს 9 მეურვე ჰყავს. მაზმიშვილის და ანთიძის განცხადებების დაკმაყოფილების შემთხვევაში, მაუწყებლის სამეურვეო საბჭო ქმედუუნარო გახდება, რადგან წევრთა რაოდენობა  დასაშვებ მინიმიმუმზე, რვაზე ნაკლები იქნება.  
სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარემ ემზარ გოგუაძემ Media.Ge-ს განუცხადა, რომ საბჭოს ქმედუუნარობა გამოიწვევს მაუწყებლის კრიზისს,  „ყველანაირი თვალსაზრისით“.

მაუწყებელში  ვითარება გამწვავდა, მას შემდეგ, რაც საბჭოს მაუწყებლის გენერალური დირექტორის თანამდებობიდან გიორგი ბარათაშვილი მეორედ გადააყენა. ბარათაშვილმა ეს გადაწყვეტილება პოლიტიკური მოტივით ახსნა. მისმა შემცვლელმა თამაზ ტყემალაძემ რამდენიმე დღის წინ მაუწყებლის ორი ჟურნალისტის ეკა კვესიტაძის და დავით პაიჭაძის გადაცემები საეთერო ბადიდან ამოიღო, განაცხადა რა,  რომ ორივე ჟურნალისტი წარმოადგენს „მხარეს“. ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ კვესიტაძის მიმართ გადაწყვეტილებას არაკანონიერი უწოდა.

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test