22.09.2013 08:44
GPB-ის სამეურვეო საბჭო ეკა მაზმიშვილმა დატოვა
გელა ბოჩიკაშვილი
საზოგადოებრივი მაუწყებლის (GPB) სამეურვეო საბჭო მისმა ერთ-ერთმა წევრმა, ეკა მაზმიშვილმა დატოვა. ამის შესახებ Media.Ge-ს თავად მაზმიშვილმა განუცხადა. მან სამეურვეო საბჭოს წევრობაზე უარი 20 სექტემბერს თქვა, საზოგადოებრივ მაუწყებელში სხდომის დაწყებამდე რამდენიმე წუთით ადრე მივიდა და თანამდებობიდან განთავისუფლების შესახებ განცხადება დაწერა.
ეკა მაზმიშვილი თანამდებობის დატოვებას თავის გადატვირთულ სამუშაო განრიგს უკავშირებს.
„თეატრალური ფესტივალი დაიწყო და თეატრალური სეზონი იწყება, ფაქტიურად ვერ ვესწრები საბჭოს შეხვედრებს. თუ ვერ დავესწრები სხდომებს, რა აზრი აქვს ვიქნები წევრი, თუ არა?“ - უთხრა მაზმიშვილმა Media.Ge-ს.
1968 წლის 22 თებერვალს დაბადებული ეკა მაზმიშვილი სამეურვეო საბჭოს წევრი 2011 წლიდანაა. საბჭოში მუშაობის პარალელურად იგი კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის მმართველი და თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის TBILISI INTERNATIONAL–ის დირექტორი იყო.
ეკა მაზმიშვილის თანამდებობიდან წასვლის შემდეგ საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრის კონკურსი 2014 წლის 1 იანვრამდე აღარ გამოცხადდება. ამ დროიდან ამოქმედდება „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში შეტანილი ცვლილებები, რომელიც მაუწყებლის მეურვეების არჩევას ახალ წესს გულისხმობს.
2013 წლის 20 სექტემბრის მდგომარეობით სამეურვეო საბჭოში რჩება 8 წევრი - მამუკა ფაჩუაშვილი, ავთანდილ ანთიძე, ზურაბ დავითაშვილი, დავით კანდელაკი, გიორგი მელაძე, ნატალია დვალი, ნინო დანელია და სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარე - ემზარ გოგუაძე.
„მაუწყებლობის შესახებ“ კანონის მიხედვით, სამეურვეო საბჭო უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება, თუ სხდომას ესწრება საბჭოს სრული შემადგენლობის უმრავლესობა, მინიმუმ 8 მეურვე.