შემოგვიერთდი

13.09.2013 12:31

„მეცხრე არხის“ გამოსყიდვის მსურველები პრემიერის გადაწყვეტილებას ელოდებიან

ნატა ძველიშვილი
სს ტელევიზია (photo: )

ტელეკომპანია „მეცხრე არხის“ პრემიერ-მინისტრისგან გამოსყიდვის მსურველმა პირებმა სააქციო საზოგადოება „ტელევიზია“ დააფუძნეს, პრემიერ-მინისტრს კითხვებზე პასუხი გაუგზავნეს და მის გადაწყვეტილებას ელოდებიან.

დამფუძნებლები

მას შემდეგ, რაც პრემიერ მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა საკუთარი ოჯახის მფლობელობაში არსებული ტელევიზიის გაყიდვის სურვილი გამოთქვა, საზოგადოების წევრებმა სოციალურ ქსელებში სააქციო საზოგადოების დაფუძნების და ტელეკომპანიის გამოსყიდვის შესახებ დაიწყეს საუბარი.

სააქციო საზოგადეობის იდეის ავტორები ბიძინა ივანიშვილსაც შეხვდნენ და ორგანიზაცია ოფიციალურად 9 სექტემბერს დააფუძნეს. დამფუძნებლები არიან „სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტის“ გამგეობის თავმჯდომარე ია ანთაძე, „მეცხრე არხის“ უკვე ყოფილი წამყვანი ვასილ მაღლაფერიძე და პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას შვილი ცოტნე გამსახურდია.

საწესდებო კაპიტალი 3 ათასი ლარით განისაზღვრა. 1 აქციის ნომინალური ღირებულება 1 ლარს შეადგენს. ვასილ მღალაფერიძე ორგანიზაციის დირექტორად აირჩიეს, როგორც თვითონ ამბობს მხოლოდ სამი თვით, შემდეგ კი ჟურნალისტურ საქმიანობას დაუბრუნდება.

აქციონერთა კრებამ სამეთვალყურეო საბჭო9 წევრის შემადგენლობით აირჩია, სადაც შევიდნენ „სტუდია მონიტორის“ ხელმძღვანელი  ნინო ზურიაშვილი, „პირველი სტერეოს“ ერთ-ერთი მფლობელი დავით ზილფიმიანი, მსახიობი ნატა მურვანიძე, მწერალი მერაბ რატიშვილი, მათემატიკოსი თამაზ ავალიშვილი, საქართველოს საფონდო ბირჟის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე გოგი ლოლაძე, მწერალი პაატა ქურდაძე, ჟურნალისტი რამილია ალიევა და სტუდია „რეს“ ხელმძღვანელი მამუკა ყუფარაძე, ეს უკანასკნელი საბჭოს თავმჯდომარედაც აირჩიეს.

სს „ტელევიზიის“ მიზნები

სს „ტელევიზიის“ დამუძნებლები დარწმუნებულები არიან, რომ შეძლებენ არხი მომგებიან ბიზნესად აქციონ. „ჩვენ ვსაუბრობთ სარეკლამო ბაზრის 5 პროცენტზე. გვაქვს იდეები, რითიც ამ პროცენტის მოზიდვას შევძლებთ“, - აღნიშნა ია ანთაძემ 13 სექტემბერს გამართულ პრესკონფერენციაზე.

გოგი ლოლაძის თქმით კი, არსებული საკანონდებლო ბაზა და საზოგადოების წესდება არწმუნებს მათ, რომ სააქციო საზოგადოება ისეთივე წარმატებული იქნება, როგორც ეს სხვა ქვეყნებშია.

იმისათვის, რომ მსურველებმა აქციის შეძენა შეძლონ, საჯარო შეთავაზება უნდა გაკეთდეს. სწორედ ამიტომ საზოგადოებას თავიდან მხოლოდ სამი დამფუძნებელი ჰყავს. ისინი ფიქრობენ, რომ მოგვიანებით მათი რაოდენობა მკვეთრად გაიზრდება და მესაკუთრეები დივერსიფიცირებული იქნება. როდესაც აქციონერები შეიკრიბებიან შემდეგ გადაწყდება რა დაერქმევა ტელევიზიას, განისაზღვრება ლოგოც და შესაძლოა სამეთვალყურეო საბჭოც შეიცვალოს.

დამფუძნებლები დარწმუნებულნი არიან, რომ იმ პირობებში, როდესაც აქციონერები ყოველდღე უყურებენ ტელევიზიის პროდუქციას, ხოლო სამეთვალყურეო საბჭო აკონტროლებს ფინანსურ მდგომარეობას და პროგრამულ პრიორიტეტებს, პოლიტიკური დაკვეთის განხორციელება შეუძლებელი ხდება. ამიტომ პრობლემას ვერ ხედავენ, თუ ერთერთი აქციონერი თავად ბიძინა ივანიშვილი იქნება.

ივანიშვილის ფაქტორი

დამფუძნებლებთან შეხვედრის შემდეგ პრემიერ-მინისტრმა ივანიშვილმა განაცხადა, რომ მზად არის არხის ერთ-ერთი აქციონერი გახდეს. გოგი ლოლაძის თქმით, მას შემდეგ რაც აქციების ლიმიტი დადგინდება, გაირკვევა მაქსიმუმ რამდენი აქციის შეძენის უფლება უნდა ჰქონდეს ერთ პირს, ნებისმიერ პირს, მათ შორის ბიძინა ივანიშვილსაც, შეეძლება როგორც ჩვეულებრივი, ისე პრივილეგირებული აქციების შეძენა, თუ - არა.

სს „ტელევიზიის“ წესდების თანახმად, ჩვეულებრივი აქციების მფლობელებისგან განსხვავებით, პრივილეგირებული აქციების მფლობელებს საერთო კრებაზე კენჭისყრის დროს ხმის უფლება არ აქვთ, თუმცა საზოგადოების მოგების განაწილებისას, უფლება აქვთ ჩვეულებრივი აქციების მფლობელებზე ადრე მიიღონ წინასწარ დათქმული ოდენობით დივიდენდები კაპიტალში მათი მონაწილეობის პროპორციულად.

სწორედ ჩვეულებირვ აქციებზე დადგენილი ლიმიტისა და პრივილეგირებული აქციების განუსაზღვრელი რაოდენობით შეძენის შესაძლებლობიდან გამომდინარე, დამფუძნებლები ფიქრობენ, რომ ვერც ივანიშვილის ფაქტორი და ვერც სხვა მსხვილი აქციონერები ტელევიზიის საქმიანობაზე გავლენას ვერ მოახდებს, „მცირეა იმის ალბათობაც რომ მათ იმ ტიპის არაგონივრული ჩარევა მოინდომონ რაც ტელევიზიის პრესტიჟს დაბლა დაწევს და შესაბამისად, აქციებს გააუფასურებს“.

ორგანიზაციის დამფუძნებლები ბიძინა ივანიშვილს იმ ტექნიკის გადაცემას სთხოვენ, რაც მათი აზრით ტელევიზიის ფუნქციონირებისთვის არის საჭირო და რაც წინასწარ ნუსხაში გაწერეს. როგორც ვასილ მაღლაფერიძე ამბობს, ისინი მზად არიან ტექნიკა ნებისმიერი ფორმით მიიღონ - იქირაონ, იჯარით აიღონ, ან შეისყიდონ.

ბიძინა ივანიშვილს წერილი დამფუძნებლება 9 სექტემბერს გაუგზავნეს და  აცნობეს ორგანიზაციის ოფიციალურად რეგისტრაციის შესახებ. პრემიერ-მინისტრისგან პასუხი ამ დრომდე არ მიუღიათ.

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test