შემოგვიერთდი

11.09.2013 14:14

დავა „პირველი სტერეოსთვის“

ნატა ძველიშვილი

1 სტერეო

„პირველი სტერეოს“ გენერალური დირექტორის პოზიციაზე დავით ზილფიმიანი არ დაბრუნებულა და კომპანიას ისევ ზვიად ამირიძე მართავს. დავით ზილფიმიანი, რომელსაც „პირველი სტერეოს“ 22 პროცენტი წილი ეკუთვნის და ამ ტელევიზიას წლების განმავლობაში ხელმძღვანელობდა, 2012 წლის გაზაფხულზე 65 პროცენტი წილის მფლობელმა ვასილ კობაიძემ ერთპიროვნულად გადააყენა. დავით ზილფიმიანმა სასამართლოში იჩივლა და პარტნიორთა კრების ოქმის გაუქმება მოითხოვა, სასამართლო პროცესიც მოიგო, თუმცა, თანამდებობა მაინც ვერ დაიბრუნა.

სადავო ოქმი

ვასილ კობაიძისა და დავით ზილფიმიანის გარდა „პირველი სტერეოს“ მფლობელები არიან მარკო კუპოლეტი (10%) და ლუკა სევერინი (3%). როგორც საქალაქო სასამართლო გადაწყვეტილებიდან ირკვევა, 2012 წლის 18 მაისს პარტნიორებისთვის შეტყობინების გარეშე ვასილ კობაიძემ დავით ზილფიმიანი ერთპიროვნულად გაათავისუფლა დაკავებული თანამდებობიდან და საკუთარი თავი დანიშნა. ზილფიმიანმა სასამართლოში იჩივლა და პროცესი 2012 წლის 8 ნოემბერს მოიგო.

საინტერესოა, რომ კობაიძის მხარემ გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა, პარალელურად კი 2013 წლის 9 იანვარს, ვასილ კობაიძემ კიდევ ერთი ერთპიროვნული გადაწყვეტილება მიიღო - 18 მაისის აქტი თავადვე გააუქმა, რის შემდეგაც დავით ზილფიმიანი ავტომატურად აღდგა თანამდებობაზე, თუმცა იმავე ოქმით კვლავ გადააყენა და ტელეკომპანიის გენერალურ დირექტორად ზვიად ამირიძე დანიშნა.

უკვე გაუქმებული ოქმის ბათილად ცნობაზე სააპელაციო სასამართლომაც იმსჯელა და ძალაში დატოვა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება, ანუ ისედაც ძალადაკარგული აქტი გააუქმა.

ზილფიმიანის დაბრუნების მცდელობა

2013 წლის 15 ივლისს დავით ზილფიმიანმა საჯარო რეესტრში სასამართლო გადაწყვეტილება წარადგინა და გაკეთდა ჩანაწერი, რომლის მიხედვითაც „პირველი სტერეოს“ გენერალური დირექტორის პოსტს სწორედ ზილფიმიანი იკავებდა.

პარალელურად ტელეკომპანიამ ლიცენზიის მოდიფიცირება გააკეთა და გასართობი მაუწყებლიდან საერთო ლიცენზიის მქონე არხად გადაკეთდა. დავით ზილფიმიანი აცხადებდა, რომ არხს აღადგენდა და ახალ გადაცემებს მოამზადებდა, მანამდე კი „მეცხრე არხის“ რეტრანსლირება დაიწყო.  

ამ ფაქტიდან 4 დღის შემდეგ, 19 ივლისს სამეწარმეო რეესტრში კიდევ ერთი ჩანაწერი ჩნდება - მომსახურების სახეა „რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილების გაუქმება“, თუმცა, როგორც სხვა შემთხვევებში ხდება ხოლმე, რატომღაც არც ის ჩანს აღნიშნული ცვლილება ვინ დაარეგისტრირა და დოკუმენტის ნაცვლადაც მხოლოდ თეთრი ფურცელია ატვირთული.

მოგვიანებით, 23 ივლისს ამონაწერს დავით ზილფიმიანი აკეთებს, სადაც ჩანს, რომ დირექტორის პოსტს სწორედ ის იკავებს, 9 აგვისტოს ამონაწერით კი ყოველგვარი ცვლილების დარეგისტრირების გარეშე, „პირველი სტერეოს“ დირექტორად ისევ ზვიად ამირიძე ფიქსირდება.

ზვიად ამირიძე Media.Ge - სთან საუბრისას განმარტავს, რომ შეცდომა საჯარო რეესტრის თანამშრომლებმა დაუშვეს.

„ის შეცდომა, რაც საჯარო რეესტრის თანამშრომლებმა დაუშვეს სისხლის სამართლის დანაშუალი - თაღლითობა იყო. ამიტომ თავადვე შეასწორეს“, - აღნიშნავს ამირიძე და ამბობს, რომ დავით ზილფიმიანი „პირველ სტერეოში“ გენერალური დირექტორის თანამდებობაზე საჯარო რეესტრის შეცდომაში შეყვანით აღდგა. 

თავად ზილფიმიანის თქმით კი, საჯარო რეესტრში დოკუმენტების სისწორეს არ ამოწმებენ, სწორედ ამიტომ დაარეგისტრირეს ამირიძის განაცხადი.

„ჩანაწერში ისევ აღარ ვარ დირექტორი. დღეს საჯარო რეესტრი არაფერს აღარ ამოწმებს. რასაც მიიტან, იმას აკეთებენ, ოღონდ მერე იმაზე პასუხი უნდა აგო“, - აღნიშნა მან.

დავით ზილფიმიანს  მიმდინარე წლის 9 იანვარს მიღებული გადაწყვეტილება, როდესაც ასევე ვასილ კობაიძემ ერთპიროვნული გადაწყვეტილებით გაათავისუფლა თანამდებობიდან, აღარ გაუსაჩივრებია. თუმცა ამბობს, რომ ბრძოლას სასამართლოს გზით განაგრძობს და თანამდებობაზე კანონის დაცვით დაბრუნდება.

კომუნიკაციების ეროვნული კომისიის ვებგვერდზე კი ერთი წლის წინანდელი  შესაბამისობის დეკლარაცია დევს, რომლის მიხედვითაც, „პირველი სტერეოს“ დირექტორი ისევ ვასილ კობაიძეა. „მაუწყებლობის შესახებ“ კანონის თანახმად კი მაუწყებლები ვალდებულნი არიან ხელმძღვანელი პირების შესახებ კომისიას ცვლილების განხორციელებიდან 10 დღის ვადაში აცნობონ.

„პირველი სტერეოს“ მომავალი

„პირველი სტერეო“ ვიდრე „მეცხრე არხი“ დაიხურებოდა, მის ტრანსლირებას ახდენდა და ასე ცდილობდა სალიცენზიო ვალდებულებების შესრულებას, რომლის მიხედვითაც საერთო ლიცენზიის მქონე მაუწყებელმა მინიმუმ საინფორმაციო გამოშვება და ერთი გადაცემა უნდა გაუშვას ეთერში.

ამირიძე ამბობს, რომ მალე GDS-ის რეტრანსლირებას დაიწყებს, თუმცა აღანიშნავია, რომ GDS არა საერთო, არამედ სპეციალიზირებული მაუწყებელია.  ამირიძის თქმით, იმის გამო, რომ სალიცენზიო პირობები არ დაარღვიონ, რეგიონებში GDS-ის პროგრამების პარალელურად საკუთარი საინფორმაციო ტიპის გადაცემებსაც აწარმოებენ.

„თბილისში რა გავა, ამაზე ვყალიბდებით“, - დასძენს ამირიძე. დირექტორის პოზიციაზე მისი დანიშვნის შემდეგ, 8 თვის განმავლობაში „პირველ სტერეოს“ საკუთარი გადაცემები არ უწარმოებია.

სამეწარმეო რეესტრის მონაცემებით, ზვიად ამირიძე მარშალის კუნძულებზე შექმნილ ოფშორულ ზონაში რეგიტრირებული კომპანიის, „ჩემექსიმ ინტერნეიშენალის“ წარმომადგენელია საქართველოში. ამ კომპანიის პარტნიორია პარლამენტის წევრი დავით ბეჟუაშვილი.

„ჩემექსიმ ინტერნეიშენალი“ ფლობს შპს „ჰოლდინგი საქართველოს ინდუსტრიულ ჯგუფს“. ვიდრე კანონმდებლობაში ცვლილება შევიდოდა და ოფშორულ კომპანიებს მაუწყებლების ფლობა აეკრძალებოდათ, „ჰოლდინგი საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი“  სამი ტელეკომპანიის „რუსთავი 2“-ის, „მზისა“ და „პირველი სტერეოს“ მესაკუთრე იყო.

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test