შემოგვიერთდი

20.08.2013 21:05

მამუკა ღლონტს ტელევიზიების დუმილმა ეჭვები გაუმყარა

media.ge

საზოგადოებრივმა მაუწყებელმა და ასევე ტელეკომპანიებმა  „იმედი“ და „რუსთავი 2“-ი არ გააშუქეს ტელეკომპანია „მაესტროს“  მუშაობასთან დაკავშირებული პრობლემა, რაც "მაესტროს" დამფუძნებელს და თანამფლობელს, მამუკა ღლონტს, ეჭვს უმყარებს, რომ "გარკვეულ სახელისუფლებო ჯგუფს" მისი არხის დასუსტება სურს.

„წარმოიდგინეთ,  ქართული სატელევიზიო ბაზრის ერთ-ერთ მსხვილ მოთამაშეს წინასაარჩევნო პერიოდში  პრობლემა ექმნება, მისი ერთ-ერთი მფლობელი ზეწოლაზე საუბრობს და ამ დროს, არც ერთი წამყვანი  ტელევიზია ამ ამბავს არ აშუქებს და  საკუთარ მაყურებელს უმალავს“, უთხრა Media.Ge-ს მამუკა  ღლონტმა.

მისი თქმით, ხსენებული  ტელევიზიები, თითქოს მათ ერთი ხელი მართავდეს, „სინქრონულად დუმდნენ“, მაშინ როცა „მაესტროში“ შექმნილი ვითარებით ძალიან დაინტერესდნენ საინფორმაცი სააგენტოები, ინტერნეტ-გამოცემები და ბეჭდვითი მედია.

„მაესტროს“ საკითხი მხოლოდ ტელეკომპანია „კავკასიამ“ გააშუქა, სხვა ტელევიზიებიდან მე არ დამკავშირებიან და პრობლემის არსით არ დაინტერესებულან“, დასძინა ღლონტმა, რომელმაც 16 აგვისტოს განაცხადა, რომ ხელისუფლების, ერთ-ერთმა ფრთამ, დაიწყო მაესტროს წინააღმდეგ ბრძოლა,  მას შემდეგ,  რაც ვერ შეძლო მათი „დამორჩილება“.

მისი განცხადება დაემთხვა ტელევზიიდან  საზოგადოებრივ-პოლიტიკურ გადაცემებზე მომუშავე ჟურნალისტების და პროდიუსერების გადასვლას "იმედში".

“მაესტროს” დამფუძნებელმა Media.Ge-ს განუცხადა, რომ წარმოშობილი პრობლემა ტელეკომპანიამ დაძლია და სექტებრიდან ახალ პროექტებს განახორციელებენ. ამასთან გაიმეორა, რომ ხელისუფლების ერთ-ერთი ფრთა  „მაესტროს“ წარმატებით დაინტერესებული არ არის.

„ჩვენ გავაგზავნეთ ერთ-ერთ უწყებაში ოფიციალური მოთხოვნა და დოკუმენტებს ველოდებით, უნდა შევისწავლოთ, მერე ღიად ვილაპარაკებთ“, განაცხადა ღლონტმა.

საზოგადოებრივი მაუწყებლის საინფორმაციო სამსახურის უფროსმა სოფო მოსიძემ, რომელიც შვებულებიდან ორიოდე დღის წინ დაბრუნდა, Media.Ge-ს განუცხადა, რომ მისი არხი ერიდება სხვა ტელევიზიების  „შიდასამზარეულო საკითხების“ გაშუქებას.

„ვინ რომელ ტელევიზიაში გადავა, ეს თავად  ტელევიზიების შიდა საკითხებია, ჩვენ ყოველთვის გვერდში ვუდგავართ კოლეგებს, როცა მათი უფლებები ირღვევა, მაგრამ საკადრო საკითხები, მგონია,  რომ არ არის ის თემა,  რომლითაც  საზოგადოებრივი მაუწყებელი უნდა დაკავდეს“, თქვა მოსიძემ.

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test