შემოგვიერთდი

16.07.2013 10:43

ირაკლი ჩიქოვანი კომუნიკაციების კომისიის წევრის თანამდებობას ტოვებს

ნატა ძველიშვილი

ირაკლი ჩიქოვანი

კომუნიკაციების ეროვნული კომისიის ყოფილი თავმჯდომარე ირაკლი ჩიქოვანი კომისიის წევრის თანამდებობასაც ტოვებს. კომისიის პრესმდივნის ხატია ყურაშვილის განცხადებით, 15 ივლისს ირაკლი ჩიქოვანის 2 წერილი მიიღეს. ერთი განცხადებით ის საქართველოს პრეზიდენტს მიმართავს და უფლებამოსილების შეჩერებას სთხოვს, მეორით კი კომისიის ამჟამინდელ თავმჯდომარეს კარლო კვტიაიშვილს პირველი წერილის პრეზიდენტის კანცელარიაში გაგზავნას სთხოვს.

ირაკლი ჩიქოვანი კომუნიკაციების კომისიის წევრი და თავმჯდომარე 2009 წლიდან 2013 წლის 14 აპრილამდე იყო. ის 2012 წლის ნოემბერში სამთვიან შვებულებაში გავიდა, თუმცა მას შემდეგ სამსახურში არ დაბრუნებულა. თავმჯდომარის პოსტი ჩიქოვანმა საკუთარი განცხადების საფუძველზე მიმდინარე წლის 14 აპრილს დატოვა.  ის ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი საჯარო პირი იყო საქართველოში, მისი ყოველთვიური სახელფასო ჰონორარი 15 ათას ლარს შეადგენდა.

ირაკლი ჩიქოვანი კომისიის წევრად არჩევამდე “რუსთავი 2”-ის დირექტორი და მეწილე იყო. ფლობდა რამდენიმე კომპანიას, მათ შორის „მაგი სტილი მედიას“, რომელის სარეკლამო კომპანიაა. ამის გამო არასამთავრობო ორგანიზაციები მას კანონდარღვევაში ინტერესთან კონფლიქტში ადანაშაულებდნენ, რასაც თვითონ უარყოფდა.

საქართველოს პარლამენტში კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის შემსწავლელი დროებითი საპარლამენტო კომისიაც შეიქმნა. მისმა თავმჯდომარემ თინათინ ხიდაშელმა განცხადა, რომ მისი კომისია აპირებს მომავალ კვირაში პარლამენტის რიგგარეშე სესიაზე გაიტანოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარის კარლო კვიტაიშვილის და ირაკლი ჩიქოვანის იმპიჩმენტის საკითხი. 

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test