შემოგვიერთდი

12.07.2013 18:30

საპარლამენტო კომისია კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარის და წევრის იმპიჩმენტს მოითხოვს

media.ge
 (photo: )

კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარის კარლო კვიტაიშვილის და ამავე კომისიის წევრის ირაკლი ჩიქოვანის იმპიჩმენტის საკითხის დაყენებას აპირებს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის შემსწავლელი დროებითი საპარლამენტო კომისია მომავალ სასესიო კვირაში.

ამის შესახებ განაცხადა დროებითი საგამოძიებო  კომისიის თავმჯდომარემ  თინათინ ხიდაშელმა 12 ივლისს, ხსენებული კომისიის   სხდომაზე, რომელსაც მიწვევის მიუხედავად, არ ესწრებოდნენ კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წევრები.

ხიდაშელის თქმით, პარლამენტარები  ასევე სწავლობენ კომუნიკაციების ეროვნული კომისიის კიდევ ერთი წევრის სოფიო ბრიტანჩუკის ინტერესთა კონფლიქტის საკითხს, ამჟამად, რამდენიმე დოკუმენტის შესწავლა მიმდინარეობს.

„ირაკლი ჩიქოვანთან დაკავშირებით ყურადღებას იქცევს სამი საკითხი: ის 2 თვეზე მეტია არ ესწრება სხდომებს, ეს „მაუწყებლობის შესახებ კანონის“  დარღვევასთან პირდაპირ კავშირში არ არის. თუმცა  ფაქტია, რომ ჩიქოვანი არა თუ არ ესწრება  სხდომებს, არამედ სპარლამენტო არჩევნების შემდეგ საქართველოშიც არ არის. ფუნდამენტური საკითხია მისი ბიზნესინტერესები, კერძოდ, ირაკლი ჩიქოვანი სარეკლამო კომპანიების „მაგი სტილის“ და „მედია ჰაუსის“  მეწილეა, შევეცდებით კომისიის შუალედურ  დასკვნაში დავუმტკიცოთ პარლამენტს, რომ ის, კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარეობის დროს,  დაინტერესებული იყო ამ კომპანიის მოგებით.  ჩიქოვანი,   როგორც კომისიის თავმჯდომარე,  არეგულირებდა ტელერეკლამის ბაზარს. ჩვენ დოკუმენტურად დავამტკიცებთ, რომ ტელეკომპანიებში „რუსთავი 2“-სა  და „იმედში“ ჩიქოვანს  გააჩნდა რეკლამის განთავსების ექსკლიუზიური უფლება, შესაბამისად, ფინანსური დაინტერესება“,  განაცხადა თინათინ ხიდაშელმა. მისივე განცხადებით, ორივე  ტელეარხი  არღვევდა სარეკლამო ტიხრების დადგენილი ლიმიტებს, ასევე ნორმებს კონტენტის ნაწილში.

„იმედიც“ და „რუსთავი 2“-იც  რეკლამის შესახებ კანონის დარღვევისთვის მხოლოდ ერთხელ დაჯარიმდნენ, ისიც,  მას შემდეგ, რაც მარეგულირებელ კომისიაში მრავალი საჩივარი შევიდა არასამთავრობო ორგანიზაციებიდან. კომისიამ  მაშინ „რუსთავი 2“ მხოლოდ  2500 ლარით დააჯარიმა, თუმცა ხელთ გვაქვს დოკუმენტები, როცა იგივე ტიპის  დარღვევისთვის სხვა კომპანიებს   ათიათასობით ლარით აჯარიმებდნენ“, დასძინა ხიდაშელმა.

პარლამენტარის განცხადებით, სახეზეა კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარის პოსტზე ჩიქოვანის შემდეგ მოსული კარლო კვიტაიშვილის ინტერესთა კონფლიქტიც.

„მაუწყებლობის შესახებ კანონში“ ცალსახად წერია, რომ კომუნიკაციების ეროვნული  კომისიის წევრი არ შეიძლება იმავდროულად  იყოს რომელიმე პარტიის წევრი. კვიტაიშვილი კომუნიკაციების კომისიის წევრობის პარალელურად იყო   ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელი ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში. საარჩევნო კოდექსში წერია, რომ ცესკოში პარტიის წარმომადგენელი, ხაზს ვუსვამ,  წარმომადგენელი და არა კომისიის წევრი,  ამავდროულად არის პარტიის ინტერესების გამტარებელი. ჩვენ გვაქვს ცესკოდან მიღებული დოკუმენტი, სადაც დადასტურებულია, რომ კვიტაიშვილი იყო  საარჩევნო ადმინისტრაციაში  პარტიის  წარმომადგენელი (კვიტაიშვილს ეს  სტატუსი  2013 წლის 24 აპრილს შეუწყდა-რედ). დარწმუნებული ვარ, ჩვენი ოპონენტები შეგვედავებიან, თუმცა ჩვენ გვაქვს ბატონ მიხეილ მაჭავიარიანის [პარლამენტის წევრი „ნაციონალური მოძრაობიდან“] დადასტურება, რომ კვიტაიშვილი ნამდვილად იყო პარტიის წარმომადგენელი, მაგრამ იყო თუ არა ის პარტიის წევრი, ამაზე მაჭავარიანი არ გვპასუხობს. პარტიის წევრობა არ რეგისტრირდება  საჯარო რეესტრში, „ნაციონალურმა მოძრაობამ“  შეიძლება დღეს თქვას,  რომ კვიტაიშვილი არ არის პარტიის წევრი, მაგრამ ხვალ გადათქვას. კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარის  პარტიულ კუთვნილებას  ვერც ისინი [„ნაციონალური მოძრაობა“] უარყოფენ  ფორმულარუდ და ვერც ჩვენ დავამტკიცებთ. სწორედ ამიტომ, ვაპირებ პარლამენტის სხდომაზე წარვდგე  დოკუმენტით, რომ კვიტაიშვილი იყო პარტიის ინტერესების გამტაარებელი საარჩევნო ადმინისტრაციაში. ეს არის საკმარისი არგუმენტი იმის დასამტკიცდებლად, რომ დარღვეულია „მაუწყებლის შესახებ კანონის“ იმპერატიული მოთხოვნა, რომლის მიხედვით,  კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წევრი არ შეიძლება იყოს რომელიმე პარტიის წევრი.“ განაცხადა ხიდაშელმა.

პარლამენტარის თქმით, მისი კომისია მომავალ კვირაში კიდევ ერთ სხდომას გამართავს, სადაც პლენარულ სხდომაზე გასატან შუალედური დასკვნას განიხილავენ.

კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის შემსწავლელი დროებითი საპარლამენტო კომისიის მუშაობის სამთვიანი ვადა მიმდინარე თვეში იწურება. პარლამენტის რეგლამენტით დროებითი საგამოძიებო კომისიის მუშაობა შეიძლება 6 თვემდე გაგრძელდეს.ხიდაშელმა განაცხადა, რომ კომისია მუშაობას 1 სექტემბერს განააახლებს, რადგან „უამრავი სხვა საქმეა შესასწავლი“.

„დასაკითხი იქნება ათობით ადამიანი“, თქვა ხიდაშელმა.

კარლო კვიტაიშვილი აცხადებს, რომ ის არასდროს არ ყოფილა ნაციონალური მოძრაობის წევრი. ის იყო უბრალოდ მხარდამჭერი და წარმოადგენდა ნაციონალურ მოძრაობას ცესკოში. ამის შესახებ Media.Ge-ს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის პრესსამსახურის უფროსმა ხატია ყურაშვილმა უთხრა. „რაც შეეხება ჩიქოვანს“,დასძინა ხატია ყურაშვილმა, “მას დეკლარირებული ჰქონდა ყველა ის კომპანია, სადაც ფლობდა წილს და არ მიაჩნდა,  რომ ჰქონდა ინტერესთა კონფლიქტი“.

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test