შემოგვიერთდი

13.07.2009 16:58

პრეზიდენტ მიხეილ სააკშვილთან დაახლოებული პირი „ტელეიმედის“ და რადიო „იმედის“ მენეჯერად დანიშნეს

David Mchedlidze

"ჯორჯიან მედია ჰოლდინგის" გენერალურ დირექტორად საქართველოს ეკონომიკური განვითარების ყოფილი მინისტრი, პრეზიდენტ მიხეილ სააკშვილთან დაახლოებული პირი, გიორგი არველაძე, დაინიშნა. არაბული კომპანია "Rakeen Georgia"-ის მიერ შექმნილი "ჯორჯიან მედია ჰოლდინგი" ტელეკომპანია "იმედის" და რადიო "იმედის" მენეჯმენტს ახორციელებს. არაბულ კომპანიას ამ მაუწყებლებში წილის 90 პროცენტი ეკუთვნის, დანარჩენი 10 პროცენტი ბიზნესმენ ჯოზეფ ქეის საკუთრებაა. გიორგი არველაძემ media.ge-ს განუცხადა, რომ მისი დანიშვნა ჰოლდინგის ხელმძღვანელად "ჩვეულებრივი საკადრო ცვლილებაა". მისივე თქმით, ეს გადაწყვეტილება, რომელიც არაბულმა კომპანიამ მიიღო, პოლიტიკასთან დაკავშირებული არ არის. გიორგი არველაძე პოლიტიკური ასპარეზიდან 2008 წლის დასაწყისში წავიდა, მას შემდეგ რაც, იმავე წლის იანვარში ფორმირებულ ახალ მინისტრთა კაბინეტში ვერ მოხვდა. "მე ვიქნები ახალი მენეჯერი, რომელიც ფინანსურად გაუწევს კურირებას ტელე და რადიო არხებს. სხვა მხრივ, ყველაფერი დარჩება ისე, როგორც აქამდე იყო", თქვა არველაძემ. მისივე თქმით, გიორგი ისაკაძემ მას "აწყობილი ფინანსური სისტემა" დააახვედრა. " ტელერადიოკომპანიაში მუშაობს ძალიან ბევრი პროფესიონალი და მე ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ მათ შეექმნათ კარგი ფინანსური პირობები, რათა იმუშაონ წარმატებულად და პროფესიულად", დასძინა გიორგი არველაძემ.

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test