შემოგვიერთდი

27.05.2008 13:31

ერეკლე ტრიპოლსკი თანამდებობიდან გადადგა

David Mchedlidze

საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარე ერეკლე ტრიპოლსკი თანამდებობიდან გადადგა იმის გამო, რომ მისი თქმით, არხი ტენდენციურად აშუქებდა მოვლენებს.

"მე გუშინ გვიან ღამით მივიღე ეს გადაწყვეტილება და ამის შესახებ ვაცნობე სამეურვეო საბჭოს დანარჩენ წევრებს,"- განუცხადა Civil.ge-ს ტრიპოლსკიმ, "კანონში წერია, რომ არხი უნდა იყოს ობიექტური და მე ძალა არ შემწევდა ამის უზრუნველყოფისთვის".

მისი თქმით, მის გადაწყვეტილებას ბიძგი მისცა იმან, რომ საზოგადოებრივმა მაუწყებელმა არასათანადო ყურადღება დაუთმო 26 მაისს ოპოზიციის ფართომასშტაბიანი აქციის გაშუქებას.

ერეკლე ტრიპოლსკი 9-წევრიანი სამეურვეო საბჭოს წევრად ოპოზიციის წარდგინებით თებერვალში მას შემდეგ დაინიშნა, რაც ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის საზოგადოებრივი მაუწყებლის რეფორმირებასა და ხელმძღვანელობის შეცვლის შესახებ შეთანხმება შედგა.

გაზეთ "რეზონანსთან" ინტერვიუში, რომელიც ტრიპოლსკის გადაწყვეტილებამდე ჩაიწერა, ყოფილმა თავმჯდომარემ განაცხადა: "მე და საბჭოს რამდენიმე წევრი ვადასტურებთ, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი გუშინ ტენდენციური იყო. ჩემთვის, 50-წამიანი სიუჟეტებით გაშუქებული მიტინგი ნამდვილად აღმაშფოთებელი გახლდათ. ვერც ერთი ადამიანი, რომელსაც მოვლენის შესახებ სხვა წყაროებიდან ინფორმაცია არ ჰქონდა, მაუწყებლის მიერ გაშუქებული კადრებით ვერ მიხვდებოდა რა ხდებოდა ქვეყანაში". ტრიპოლსკი ასევე უკმაყოფილოა არსებული კანონმდებლობის მიმართ, რომელიც საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვო საბჭოს მაუწყებლის სარედაქციო პოლიტიკა ჩარევას უკრძალავს. "..ჩვენი მისია მხოლოდ ისაა, რომ არხის გენერალურ დირექტორს პრიორიტეტები დავუსახოთ. შემდეგ ეს პრიორიტეტები დავამტკიცოთ, დავამტკიცოთ ბიუჯეტი და შევამოწმოთ, რამდენად ახერხებს არხის ხელმძღვანელობა ბიუჯეტის შესრულებას. ერთი სიტყვით, საბჭოს არაფრის უფლება არ აქვს. ჩემი აზრით, სამეურვეო საბჭო აბსოლუტური ფიქციაა", განაცხადა ტრიპოლსკიმ საგაზეთო ინტერვიუში.

media.ge-თან საუბარში კი სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ ლევან გახელაძემ განაცხადა, რომ ტრიპოლსკის ოფიციალურად ჯერ არ დაუწერია განცხადება გადადგომის შესახებ. "ის, რომ ტრიპოლსკი თანამდებობიდან გადადგა, საბჭოს წევრებმა, მაუწყებლის შენობის წინ ოპოზიციის მიერ დღეს გამართული მიტინგის მონაწილეებისგან შევიტყვეთ. ამ ინფორმაციით გაოგნებულები დავრჩით, რადგან ტრიპოლსკის ჩვენთვის წინასწარ არაფერი უთქვამს", განაცხადა ლევან გახელაძემ. საბჭოს ყოფილი თავმჯდომარის არგუმენტების კომენტირებისას გახელაძემ განაცხადა, რომ არა ჰგონია, რომ ტრიპოლსკის არ სცოდნოდა სამეურვეო საბჭოს ფუნქციები, როცა მას საბჭოს თავმჯდომარედ ირჩევდნენ. გახელაძის თქმით, პროცედურულად ტრიპოლსკიმ გადადგომის თაობაზე ორი განცხადება უნდა დაწეროს, ერთი სამეურვეო საბჭოს და ერთიც პრეზიდენტის სახელზე.

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test