შემოგვიერთდი

განცხადებები

დედლაინი

28.12

2015

განცხადებები / კონკურსები

საქართველოს მედია პარტნიორობის პროგრამის (GMPP) ახალი კონკურსი ტელევიზიებისთვის

საერთაშორისო კვლევისა და გაცვლების საბჭო (IREX)-ი აცხადებს ღია კონკურსს ტელევიზიებისთვის 2016-17 წლების  განმავლობაში საქართველოს მედია პარტნიორობის პროგრამაში (GMPP) მონაწილეობის მისაღებად.

კონკურსის მიზანი

კონკურსის შედეგად შეირჩევა 2 ქართული ტელემაუწყებელი. ამჯერად, პროგრამის კონკურსში გამარჯვებული ქართული მედიასაშუალებების პარტნიორობა ამერიკელ კოლეგებთან ექსკლუზიურად ფოკუსირებული იქნება არსებული ონლაინ მულტიმედია რესურსების შემდგომ განვითარებასა და ეფექტიან გამოყენებაზე. პარტნიორობის საბოლოო მიზანია ხელი შეუწყოს ქართული მაუწყებლების, როგორც ონლაინ სივრცეში სათანადოდ წარმოდგენილი ნიუს ორგანიზაციების განვითარებას.

ორმხრივი პარტნიორული ვიზიტების და ადგილზე კონსულტაციების მეშვეობით, პროგრამის მონაწილეები უშუალოდ გაეცნობიან ამერიკაში ინტეგრირებული ნიუსრუმის ონლაინ მუშაობის სტილს. მოხდება ამერიკელი კოლეგებისგან გამოცდილების გაზიარება ისეთ სფეროებში, როგორიცაა: ვებ-გვერდის კონტენტისა და დიზაინის დახვეწა, ფოტო, ვიდეო და ტექსტუალური მასალის მორგება ვებისთვის, სოციალური ქსელის უფრო ინტენსიურად და ეფექტიანად გამოყენება, ეთერისა და ონლაინ რესურსების ინტეგრირება, ახალი მედია, ნიუსრუმის თანამშრომელთა ინტერნეტში პროფესიული აქტივობის გაუმჯობესება, მულტიპლატფორმული ჯვარედინი პრომოუშენი და მარკეტინგი, ონლაინ სარეკლამო გაყიდვები, მობილური აპლიკაციების შექმნა და გამოყენება და სხვა. 

2017 წლის მარტამდე, თითოეული შერჩეული ტელევიზიის 6 თანამშრომელს შესაძლებლობა ექნება აშშ-ში გაიაროს ერთკვირიანი სტაჟირება, რომელიც მოიცავს ამერიკელი კოლეგების მუშაობაზე უშუალო დაკვირვებას, გამოცდილების გაზიარებასა და ტექნიკურ კონსულტაციებს. ვიზიტების მონაწილეთა კანდიდატურები შეირჩევა ამერიკელი მონაწილეების მიერ, მაუწყებლის ხელმძღვანელობასთან შეთანხმებით.

საპასუხოდ, თითოეული შერჩეული ქართული ტელევიზია ორჯერ უმასპინძლებს თითოკვირიანი ვიზიტით საქართველოში ჩამოსულ 4 ექსპერტს ამერიკული პარტნიორი მედია საშუალებიდან. ისინი ადგილზე გაეცნობიან ქართველი კოლეგების მუშაობის სტილს, გაუზიარებენ საკუთარ გამოცდილებას, ჩაატარებენ პრაქტიკულ ტრენინგებს, მისცემენ ადგილობრივ საჭიროებებზე მორგებულ პრაქტიკულ რჩევებს და ხელს შეუწყობენ პროფესიულ განვითარებაში.

GMPP პროგრამის წარმომადგენლები ითანამშრომლებენ ორი ქვეყნის წარმომადგენელ მაუწყებლებთან  მათ შორის მჭიდრო და გრძელვადიანი პროფესიული ურთიერთობის ჩამოყალიბების ხელშეწყობის მიზნით, რათა ორმხრივი გაცვლითი ვიზიტებისა და ონლაინ კონსულტაციების გზით, ქართულ მედია საშუალებებში მოხდეს ინოვაციური იდეების დანერგვა და წამყვანი თანამშრომლების კვალიფიკაციის ამაღლება ონლაინ რესურსების უკეთ გამოყენებასა და მართვაში.

ამასთანავე, IREX-ი აქტიურად იმუშავებს გამარჯვებულ მაუწყებლებთან რათა გაცვლითი ვიზიტების მონაწილეებმა მიღებული გამოცდილება გაუზიარონ როგორც თანამშრომლებს, ასევე სხვა კოლეგებს.

კონკურსში მონაწილეობის საკვალიფიკაციო კრიტერიუმები:

 

პროგრამის წარმატებით განხორციელება მნიშვნელოვანწილად დამოკიდებულია მჭიდრო, ინტენსიურ და შედეგებზე ორიენტირებულ თანამშრომლობაზე შერჩეულ ქართულ ტელევიზიას, IREX-სა და ამერიკულ პარტნიორ მედია საშუალებას შორის, რასაც საფუძვლად უდევს მაღალი მოტივაცია, შესაბამისი რესურსების არსებობა, ურთიერთნდობა და პატივისცემა. ამიტომ IREX-ი ეძებს ისეთ ადგილობრივ მაუწყებლებს, რომლებიც მზად არიან პროგრამაში მონაწილეობას მიუდგნენ სრული პასუხისმგებლობით, ძალისხმევითა და გამჭვირვალობით. შერჩეული მაუწყებლები ვალდებული იქნებიან უზრუნველყონ რეგულარული და ღია ორმხრივი კომუნიკაცია IREX-თან და იყონ მამოძრავებელი ძალა ამერიკულ პარტნიორ მედია საშუალებასთან თანამშრომლობის პროცესში, რათა მიაღწიონ რეალურ პროგრესს.

აქედან გამომდინარე, წლევანდელ კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია საქართველოში მომუშავე ნებისმიერ ტელევიზიას რომელიც აკმაყოფილებს ყველა შემდგომ კრიტერიუმს:

ფლობს  საერთო მაუწყებლობის მოქმედ ოფიციალურ ავტორიზაციას.

აქვს მოქმედი ვებგვერდი და სოციალური მედიის გვერდ(ებ)ი

აქვს საკუთარი საინფორმაციო გადაცემა

აქვს ონლაინ აქტივობის ადეკვატურად მართვისთვის საჭირო შესაბამისი რესურსი და პარტნიორობის ფარგლებში აღებული ვალდებულებების შესრულების უნარი.

შეფასების კრიტერიუმები:

აქვს დამოუკიდებელი და დაბალანსებული სარედაქციო პოლიტიკა.

ჰყავს თანამშრომელთა გუნდი, რომლებიც იზიარებენ ისეთი ფუნდამენტურ ჟურნალისტურ სტანდარტებს, როგორიცაა სიზუსტე, სამართლიანობა და  პასუხისმგებლიანი გაშუქება.

რეალურად მოწადინებულია გაეცნოს ამერიკული მაუწყებლის ონლაინ მუშაობის სტანდარტებს, დანერგოს ინოვაციური მიდგომები და შემოიღოს ახალი პრაქტიკა ყოველდღიურ საქმიანობაში.

ადასტურებს გულწრფელ მზაობას რათა მჭიდროდ ითანამშრომლოს GMPP პროგრამასთან და უზრუნველყოს შესაბამისი თანამშრომლების და მენეჯმენტის პროაქტიული ჩართულობა პროგრამის ყველა აქტივობაში, წერილობითი და ზეპირსიტყვიერი ანგარიშების წარდგენასა და მიღწეული პროგრესის დასაბუთებით მიზნით საჭირო ინფორმაციის რეგულარულად მოწოდებაში.

ასაბუთებს მზაობას ჩამოაყალიბოს და შეინარჩუნოს გრძელვადიანი პარტნიორობა ამერიკულ მედია საშუალებასთან

კონკურენტულია ადგილობრივ მედია ბაზარზე.

რეგულარულად ათავსებს საკუთარ მულტიმედია კონტენტს ინტერნეტში.

მაუწყებლობს მოსახლეობის ფართო ჯგუფისთვის ან პრიორიტეტული მიზნობრივი აუდიტორიისთვის (სასურველია აკეთებდეს ჟურნალისტური გამოძიების სიუჟეტებს და/ან ჰქონდეს გენდერის, უმცირესობათა უფლებების, კანონის უზენაესობის, სამოქალაქო საზოგადოებისა და დემოკრატიული პროცესების ამსახველი საკუთარი პროგრამები)

თანახმაა გაუზიაროს მიღებული ცოდნა და გამოცდილება თანამშრომლებს და კოლეგებს.

თუ თქვენი ტელევიზია აკმაყოფილებს ზემოთ აღნიშნულ ყველა პირობას და დაინტერესებულია მონაწილეობა მიიღოს შესარჩევ კონკურსში, გთხოვთ შეავსოთ ქვემოთ მოცემული GMPP პროგრამის განაცხადის ფორმა, მანამდე კი ყურადღებით გაეცნოთ ინსტრუქციებს. განაცხადის ფორმები აგრეთვე შეგიძლიათ ჩამოტვირთოთ IREX-ის საქართველოს ოფისის ვებგვერდიდან: http://irex.ge/ge/archives/1223

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად არ არის საჭირო ინგლისური ენის ცოდნა. IREX-ი უზრუნველყოფს თარჯიმნების მომსახურებას როგორც აშშ-ში სტაჟირების, ასევე ამერიკელი პარტნიორების საქართველოში ვიზიტების დროს.

განაცხადის შემოტანის წესი:

განაცხადის შემოტანის ბოლო ვადაა ორშაბათი, 28 დეკემბერი, 16:00 სთ. სრულად შევსებული განაცხადის ფორები (ქართულად და ინგლისურად) და დამატებითი დოკუმენტაცია - როგორც ნაბეჭდი სახით ასევე ელექტრონულ ფორმატში CD-ზე ან USB მეხსიერების ბარათზე ჩაწერილი - უნდა მოიტანოთ IREX-ის ოფისში მისამართზე: ქ. თბილისი, კ. მარჯანიშვილის ქ. 6, მე-2 სართული (ე.წ. „მწვანე ოფისის შენობა“, კოტე მარჯანიშვილის სახ. თეატრის გვერდით). დაგვიანებით მოტანილი ან არასრული განაცხადები არ განიხილება. გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ ჩაბარებული მასალა უკან არ დაგიბრუნდებათ, ამიტომ გირჩევთ დაიტოვოთ შევსებული განაცხადის და საბუთების ასლი.

ღია კარის დღე

კონკურსში მონაწილეობის მიღების მსურველთათვის, IREX-ისა და აშშ-ს საელჩოს საზოგადოებრივ საქმეთა განყოფილების წარმომადგენლები ჩაატარებენ ღია კარის დღეს სამშაბათს, 8 დეკემბერს 12 საათზე, აირექსის ოფისში, რათა დამსწრეებს მიაწოდონ უფრო ვრცელი ინფორმაცია პროგრამის შესახებ და დეტალურად განიხილონ განაცხადის შემოტანის პროცესი.

მაუწყებლებისთვის, რომლებიც გეგმავენ კონკურსში მონაწილეობის მიღებას რეკომენდებულია ღია კარის დღეზე დასწრება. დასწრების სურვილის შემთხვევაში, წარმომადგენლ(ებ)ის სახელ(ებ)ი და გვარ(ებ)ი წინასწარ უნდა გამოგვიგზავნოთ ელ. ფოსტაზე: njavakhishvili@irex.org.

ზეკითხვების არსებობის შემთხვევაში გთხოვთ დაგვიკავშირდეთ ელ. ფოსტით: gmpp-georgia@irex.org ან სამუშაო საათებში ტელეფონის ნომერზე:  +(995 32) 291 26 08 / შიდა ნომერი 122 ან 123 (11-21 დეკემბრის გარდა).

მონაწილეთა შერჩევა:

შემოსულ განაცხადებს განიხილავს საგანგებოდ შექმნილი კომისია, რომლშიც შევლენ ამერიკელი და ქართველი მედია ექსპერტები. მონაწილეთა შერჩევა მოხდება 2016 წლის იანვარში. კონკურსის გამარჯვებულები გამოცხადდებიან იანვარ-თებერვალში, რის შემდეგადაც მათთან გაფორმდება ურთიერთგაგების მემორანდუმი და ადგილზე ჩატარდება საჭიროებათა დეტალური კვლევა, რომელიც გაეგზავნება პროგრამის დონორს და ამერიკულ პარტნიორ მედიასაშუალებას. გაცვლითი ვიზიტების დაწყებამდე მოხდება ორი მედიასაშუალების ონლაინ დაკავშირება.

ზოგადი ინფორმაცია პროგრამის შესახებ:

GMPP პროგრამა დაფინანსებულია საქართველოში აშშ-ს საელჩოს საზოგადოებრივ საქმეთა განყოფილების მიერ და მას IREX-ი ახორციელებს. 2010 წლიდან დღემდე, პროგრამაში მონაწილეები გახდა 9 ტელევიზია (ბათუმის 25-ე არხი, გურჯაანის ტელევიზია, ტელეკომპანია გურია, ბორჯომის ტელევიზია, ფოთის ტელეკომპანია „მეცხრე ტალღა“, ქვემო-ქართლის ტელეკომპანია, საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია, საქართველოს რეგიონულ მაუწყებელთა ასოციაცია და რუსთავი 2) და 2 რადიო (ქუთაისის რადიო „ძველი ქალაქი“ და რადიო „ჰერეთი“).

დღეისათვის პროგრამის ფარგლებში განხორციელებულია 39 ორმხრივი გაცვლითი ვიზიტი, რომლებშიც მონაწილეობა ქართული მაუწყებლების 80-მა თანამშრომელმა და ამერიკული ტელევიზიებისა და რადიოების 30-მა წარმომადგენელმა მიიღო. პროგრამის მონაწილე ამერიკული მედიასაშუალებები მუშაობდნენ კენტუკის, ვირჯინიის, პენსილვანიის, ტენესის, ოჰაიოს, მისურის და ალასკის შტატებში.

შედეგად, პროგრამის მონაწილე ქართული მაუწყებლების მიერ მოხდა მენეჯმენტის სტრუქტურის, ადამიანური რესურსების მართვისა და ჟურნალისტური უნარ-ჩვევების გაუმჯობესება, პროგრამული ბადის გამრავალფეროვნება, არსებული პროგრამების, მათ შორის საინფორმაციო გადაცემების გაუმჯობესება და უკეთ შეფუთვა, თემში ჩართულობის გაზრდა სოციალური პროექტების განხორციელებით, ონლაინ მულტიმედია პლატფორმების გამოყენების ეფექტიანობის გაზრდა, უკეთესი მარკეტინგი და პრომოუშენი, ონლაინ სივრცის თანამედროვე მეთოდებით ათვისება და ვებგვერდის განვითარება, სარეკლამო და სასპონსორო პაკეტების გაყიდვებიდან და ალტერნატული წყაროებიდან მიღებული შემოსავლების გაზრდა და ტექნიკური რჩევების მიღება ციფრულ მაუწყებლობაზე წარმატებით გადასვლისთვის მზადების პროცესში.

GMPP-ს მისიაა ხელი შეუწყოს ადგილობრივი მედიის განვითარებას ქართულ და ამერიკულ მედიასაშუალებებს შორის პროფესიული პარტნიორობის დამყარებით. პროგრამას 3 მიზანი აქვს:

ქართულ და ამერიკულ მედიასაშუალებებს შორის მჭიდრო, კოლეგიალური და მდგრადი ურთიერთობის ჩამოყალიბება, რის შედეგადაც ქართული მაუწყებლებს შორის გაუმჯობესდება პროფესიული უნარ-ჩვევები და სამუშაო პრაქტიკა.

ქართველი მონაწილეების მიერ მიღებულ ცოდნას ფართოდ გაზიარება.

ქართველი და ამერიკელი მონაწილეების მიერ ერთმანეთის კულტურის, საზოგადოებისა და ფასეულობების უკეთ გაცნობა.

პროგრამა მორგებულია ქართველი მონაწილეების საჭიროებებზე იმ მოლოდინით, რომ ისინი რეალურ სარგებელს მიიღებენ პროფესიული გაცვლითი ვიზიტებითა და ამერიკულ პარტნიორ მედია საშუალებასთან  თანამშრომლობით, რაც საბოლოო ჯამში გააძლიერებს დამოუკიდებელი მედიის მდგრადობას საქართველოში.   

IREX-ის შესახებ:

IREX-ი საერთაშორისო არაკომერციული ორგანიზაციაა, რომელიც მდგრადი და დადებითი ცვლილებების ხელშეწყობის მიზნით მოწინავე იდეებს სთავაზობს და ინოვაციურ პროგრამებს ახორციელებს გლობალური მასშტაბით. IREX-ი 1968 წელს დაარსდა. მისი წლიური პორტფელი 70 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს და გლობალურად 400-ზე მეტი პროფესიონალი ჰყავს დასაქმებული. IREX-ი მიმართავს საველე პირობებში გამოცდილ მეთოდებსა და ტექნოლოგიების ინოვაციურ გამოყენებას, რათა მსოფლიოს 120-ზე მეტ ქვეყანაში პარტნიორებთან ერთად შეიმუშაოს პრაქტიკული და ადგილობრივ საჭიროებებზე მორგებული შეთავაზებები. საქართველოში IREX-ი 1994 წლიდან მუშაობს.

აპლიკაციის ფორმა იხილეთ media.G-ს გვერდზე

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test