შემოგვიერთდი

თამარ კარელიძე

ინტერპრეტირებული ჟურნალისტიკა

21.05.2012 13:08
How to intrepret? (photo: )

უნივერსიტეტის მეორე კურსზე ვიყავით, როცა ჩვენმა ლექტორმა - ნათია კუპრაშვილმა,  ლექციაზე ოთხ ჯგუფად დაგვყო. პირველ ნაწილს ჩვეულებრივი, ფურცელზე დაწერილი ნიუსი მისცა. მათ უნდა წაეკითხათ და მეორე ჯგუფისთვის ეამბათ. მათ მიღებული ინფორმაცია მესამესთვის უნდა გაეზიარებინათ და ა.შ.

საბოლოოდ, როცა ამბავი ფურცლებზე გადავიტანეთ, აღმოჩნდა, რომ პირველად ინფორმაციას საოცრად ვიყავით აცდენილები.

სოციალური ქსელების ტრადიციულ მედიაში შემოსვლამ, ის ეფექტი გამოიწვია, რაც, ზოგადად, ქართველებს გვახასიათებს: ზედმეტი მოგვივიდა. საინფორმაციო სააგენტოები და პორტალები ერთმანეთს რეიტინგებში ეჯიბრებიან. ხშირად - იუთუბის ხარჯზეც, თუმცა მომხმარებლების მოზიდვის მიზნით, არც ქვეყანაში მიმდინარე ამბების ინტერპრეტირებას ერიდებიან.

ალბათ, ყველას გახსოვთ, გასულ კვირას საინფორმაციო სააგენტოების მიერ გავრცელებული ნინო კალანდაძის ნათქვამი, რომლის მიხედვითაც მან უდაბნოს ეკლესია აზერბაიჯანის საკუთრებად გამოაცხადა. 

თავდაპირველად, ეს ინფორმაცია ერთ-ერთმა ყველაზე რეიტინგულმა და სანდო სააგენტომ დადო, ცოტა ხანში ზუსტად იგივე ამბავი სხვა საიტებზეც შეგვხვდა. სინამდვილეში კალანდაძემ მხოლოდ ის თქვა, რომ ორ ქვეყანას შორის დემარკაციის პროცესი არ დასრულებულა, საბჭოთა საზღვრებით კი ტაძარი აზერბაიჯანის ტერიტორიაზეა.

ბუნებრივია, როდესაც თემა მტკივნეულია, ბევრ ადამიანს აინტერესებს და სწრფად ვრცელდება. ამიტომ, კალანდაძეს ორ დღეში მოუხდა განმარტების გაკეთება. აღნიშნული შემთხვევა, ქართულ ჟურნალისტიკაში დამატებით, საკმაოდ სერიოზულ პრობლემას აჩენს: მიუხედავად იმისა, რომ ჟურნალისტები ერთსა და იმავე ამბებზე აშუქებენ, გამოდის, რომ ტექსტებს ერთმანეთისგან იწერენ.

მეორე ასეთი შემთხვევა ლგბტ საზოგადოებასა და მმკ-ს შორის მომხდარ დაპირისპირებაზე აღმოვაჩინე, სათაურით: „ფილარმონიასთან გეი აღლუმი მიმდინარეობს“. არადა, საკონცერტო დარბაზთან რამდენიმე ადამიანის შეკრებას, გეი აღლუმთან საერთო არაფერი ჰქონდა. თუმცა, ამბავმა თავისი საქმე როგორც ერთ, ისე მეორე შემთხვევაში გააკეთა: მკითხველი მოიზიდა და არცთუ მცირე რაოდენობის.

შეცდომისგან დაზღვეული არავინაა, თუმცა იმ სიტუაციაში, როგორშიც დღევანდელი ქართული მედია იმყოფება, როცა მიმდინარე მოვლენებზე, უმეტესად, მიკერძოებულ ინფორმაციას ვიღებთ, რამდენიმე ასეული ვიზიტორის გამო,  სერიოზული სააგენტო იმიჯს არ უნდა იფუჭებდეს. ამასთან, მისმა მესვეურებმა უნდა იცოდნენ, რომ ნდობის დაკარგვა, იმიჯთან ერთად, დროთა განმავლობაში, საიტის რეიტინგზეც აისახება.

პოსტის თავში მოყვანილი სავარჯიშოდან ყველაზე კარგად ის გავიგე, თუ როგორი სიფრთხილეა საჭირო მანამ, სანამ ამბავს სხვებს გაუზიარებ. მაშინ პირველად ვიგრძენი, რომ ზედმეტად საპასუხისმგებლო პროფესიებიც არსებობს.

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test