შემოგვიერთდი

ლაშა ქავთარაძე

პარაზიტობის ანგარიში

06.05.2012 23:33

საზოგადოებირივი მაუწყებლის 78-გვერდიანი ანგარიშის  წაკითხვის შემდეგ ეჭვი მაქვს, რომ ჩემი ტელევიზორი „საზმაუს“  საერთოდ არ აჩვენებს ან საკაბელო, რომელიც ჩემს ტელევიზორზეა მიერთებული "პირველი  არხის" ლოგოთი,  სხვა ტელევიზიის ტრანსლირებას ახდენს.

ვიდრე BBC-ისთვისაც კი შესაშური წლიური ანგარიშის შინაარსზე გადავიდოდე, ერთი შეკითხვა უნდა დავსვა, თუნდაც რიტორიკული: ნუთუ გრამატიკის, კორექტურისა და რედაქტირების შესახებ არაფერი სმენიათ საზოგადოებრივ მაუწყებელში? ამდენი გრამატიკული თუ მექანიკური შეცდომა ბოლოს ერთიანი ეროვნული გამოცდების ქართული ენის ტესტში შემხვდა, როდესაც შეგნებულად დაშვებული შეცდომები უნდა გამესწორებინა. შეგიძლიათ  პედანტი მიწოდოთ,  მაგრამ ჩემს აზრს მაინც ვიტყვი: გამოქვეყნებული ანგარიშის შინაარსი, დაულაგებელი ტექსტი, ტექნიკური წუნი,  ხაზს უსვამს ავტორთა უპასუხისმგებლო მიდგომას ამ სერიოზული დოკუმენტის მიმართ. ხალხის ჯიბიდან აღებული 45 მილიონი ლარი, როგორც ჩანს,  საკმარისი არ აღმოჩნდა თუნდაც კორექტორის ასაყვანად.

მაგრამ გრამატიკას და სპელინგს მოუკვდა მომგონი, როდესაც  ქვეყნის ცენტრალური ტელევიზიის წლიურ ანგარიშს წაიკითხავ  და საბოლოოდ გიმყარდება აზრი, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი არის საზოგადოებრივი პარაზიტი, რომელიც ჩვენს ხარჯზე ცხოვრობს, მაყურებლის ინტერესს სულაც არ ითვალისწინებს, ჩვენივე გადახდილი  ფულით  ჩვენვე ”გვაბოლებს” და თან  წლიური ანგარიშში  ლამის  გვამადლის საკუთარ მუშაობს.

არ მინდა სიტუაციის  დრამატიზება მოვახდინო, მაგრამ მეეჭვება საზოგადოებრივი მაუწყებლის მდგომარეობის უფრო მეტად დრამატული წარმოჩენა  შეიძლებოდეს. მარტო ის ფაქტი რად ღირს, რომ "პირველი არხის" რეკომენდაციებში ვკითხულობთ -„შეიქმნას სპეციალური პროექტი ჟურნალისტური გამოძიების ფორმატში, სიხშირით არანაკლებ 24 გადაცემა წელიწადში.“ თქვენი არ ვიცი და ამ არხის ეთერში მე ასეთი 24 კი არა 1 გადაცემაც არ მინახავს. რა თქმა უნდა, თუკი საქმე არ ეხება სიუჟეტებს, სადაც დიდი ჟურნალისტური კვლევა-ძიების  შემდეგ,  იმ დასკვნამდე მიდიან ხოლმე, რომ საბჭოთა კავშირი ცუდი იყო, რუსეთი ცუდია და რომ სტალინი, ბერია და პუტინი პირსისხლიანები არიან. მხოლოდ ამგვარი „ინოვაციური“ აღმოჩენების საკეთებლად თუ იყო საჭირო ჟურნალისტური გამოძიებები, არ ვიცოდი. ამ ყველაფრის ფონზე საოცრად კომიკურად მეჩვენება  არხის ერთ-ერთი პრიორიტეტი - ხელისუფლების საქმიანობაზე საზოგადოებრივი მონიტორინგის განხორციელება.

არხის მთავარ საინფორმაციო გამოშვებაზე საუბრისას, წერია, რომ „მოამბემ“ ქვეყნის  შიგნით და მის ფარგლებს გარეთ  მიმდინარე ყველა აქტუალური  მოვლენა ასახა. არგუმენტებიც აქვთ მოხმობილი. თურმე საინფორმაციო გამოშვებებში განსაკუთრებული ყურადღება დაუთმიათ ვეტერანების აქციისა და მათი მოთხოვნებისთვის,  პენიტენციალურ სისტემაში არსებული მდგომარეობისთვის, ოპოზიციის აქციებისათვის, 26 მაისის დარბევისათვის, ვრცლად გაშუქებულა დევნილთა გამოსახლების პროცესი და ა.შ. თქვენი არ ვიცი და მე ეჭვი მაქვს, რომ ანგარიშის ავტორები რაღაც სხვა არხის შარშანდელ მუშაობას აჯამდბდნენ.

მომავალი წლის ანგარიშში, ალბათ, დაწერენ, რომ 2012 წელს „მოამბემ“ განსაკუთრებული ყურადღება მიაქცია გაურკვეველ სიტუაციაში გარდაცვლილი სოსო ქიმერიძისა და გლდანის ციხეში გარდაცვლილი პატიმრის ამბავს. ისინი ხომ არ იშურებდნენ საინფორმაციო გამოშვებების 46-ე, 49-ე, 56-ე წუთებს ამ უმნიშვნელო მოვლენებზე სასაუბროდ. ალბათ იმასაც იტყვიან, რომ ”მოამბემ” გააშუქა „პრესის თავისუფლების  დღესთან“ დაკავშირებული აქცია. მერე რა, რომ მათი ჟურნალისტები დიდი მონდომებით წერდნენ აქციაზე რესპონდენტებს, რა მნიშვნელობა აქვს გაუშვეს თუ არა ეს თემა ეთერში. რაც მთავარია,  მონღოლეთის დელეგაციის  ქართულ  რეფორმებზე დამოძღვრის ამბავი ხომ გავიდა ეთერში. ჩვენმა პრეზიდენტმაც, როგორც სჩვევია,  დიდხანს, მთელი   12-წუთი, ისაუბრა  ახლად გახსნილ საავადმყოფოზე.

ჩემდა გასაოცრად, ანგარიშში  არაფერია ნათქვამი პრეზიდენტის 15, 20, 30 და 40-წუთიანი გამოსვლების  შესახებ. ამაზე მხოლოდ გაკვრით არის ნათქვამი.  რომ „მოამბისთვის“ მუდმივად მთავარ თემად, პრეზიდენტის  გახსნილი საავადმყოფოებისა და „ახალი ესტაკადის მშენებლობის“  გარდა, სოფელ ბლიყვირში  მცხოვრები ჯუმბერის მიერ თავში ნაჯახის ჩარტყმით მოკლული მეზობელი მურთაზი, საგზაო ავარიების დროს რაც  შეიძლება მეტი მსხვერპლი  და მოკლედ რომ ვთქვათ, „ბევრი სისხლი“ რჩება.

შეუძლებელია "პირველი არხის"  ყველა გადაცემას   ერთ ჩანაწერში შევეხო. მხოლოდ რამდენიმე მინდა  გამოვყო. ეკა ხოფერიას „აუდიტორია" რომ საზოგადოებისათვის  აქტუალურ თემებს ეხება,   კიდევ ერთხელ შეგვახსენეს  ანგარიშში. განა  იყო  სხვა უფრო აქტუალური თემა  2011 წლის იანვარში, ვიდრე ჩოხა და ქართული  ტრადიციული სამოსია? ან აპრილში  fashionweek-ზე უფრო საინტერესო რამე მოხდა? ნოემბერში როგორ არ უნდა გვესაუბრა „ღალატზე ჩვენს ცხოვრებაში“ ან „ცხოვრებაზე პოპულარობის შემდეგ.“ მონსტრების კორპორაციად ქცეულმა კომუნიკაციების მარეგულირებელმა კომისიამ ხომ გვითხრა გაართეთ ხალხიო.

საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში კიდევ რამდენიმე  საინტერესო გადაცემა გადის. მაგალითად „საჯარო პოლიტიკა.“  ამ  ვუნდერკინდების გადაცემაში გადაცემის  ავტორები ახერხებემ „ამომწურავად“  ისაუბრონ უმუშევრობის პრობლემაზე საქართველოში, ბიზნესისა და მეწარმეების მდგომარეობაზე ქვეყანაში, განათლების რეფორმაზე, ძალადობის ფაქტებსა და სამოქალაქო პასუხისნგებლობაზე. ამდენი თემის ერთ გადაცემაში ჩატევა დევიდ კოპერფილდსაც კი გაუჭირდებოდა, სამაგიეროდ არ უჭირს ეკა მიშველაძეს.

ბანალური ვიქნები, თუ ვისაუბრებ  ნინო ქაჯაიას  გადაცემაზე ”ცხოვრება  მშვენიერია, ან  ქართული მედიის პრიმადონების ნინო ზაუტაშვილის, სალომე დადუნაშვილის, ნანა ფაჩუაშვილის და ახლა უკვე ახალი წამყვანის ნინო კურატაშვილის შესახებ, რომლის ტელეეთერში დაბრუნებასაც მაყურებლის განსაკუთრებული აღფრთოვანება მოჰყოლია. თუმცა,  ეს უფრო იმათი გემოვნების საკითხია,  ვისაც სურს, რომ  დატკბეს ცხოვრების მშვენიერებით და სამოთხის ვაშლებით.

მერე რა, თუ ამ არხის რედაქციას  ჰგონია, რომ საქართველოში მცხოვრებ აზერბაიჯანლებს, სომხებს, აფხაზებსა და ოსებს,  არასდროს სძინავთ და დილის 06:30 საათიდან  მშობლიურ ენაზე „მოამბეს" უყურებენ. რაც  მთავარია, ანგარიშში ხომ  წერია, რომ ისინი ეთნიკური უმცირესობების ინფორმირებისთვის დაუღალავად იღწვიან.

ობიექტურობისთვის კი უნდა აღვნიშნო, რომ „საზმაუზე“ ისეთი გადაცემებიც არსებობს, როგორიც ეკა კვესიტაძის „აქცენტებია,“ რომელიც  მე თუ მკითხავთ, რეალობის ყველაზე  ადეკვატურ ასახვას ახერხებს ნაციონალურ არხებში. ასევე  დათო პაიჭაძის „დიალოგები,“  რომელიც ზოგჯერ მონოლოგში გადადის, თუმცა  მწირ ტელესადისკუსიო სივრცეს  თუ გავითვალისწინებთ, ეს გადაცემები ნამდვილად  პოზიტიურ ტელემოვლენად უნდა შეფასდეს. ასევე „წითელი  ზონა,“ რომელმაც ვერა და ვერ  დაიმსახურა მისთვის საკადრისი  საეთერო  დრო.

და ბოლოს, მადლობა ანგარიშის  ავტორებს, რომ შეგვახსენეს  "მეორე არხის" არსებობა. თუმცა, ამის შესახებ  ძნელად ამოსაცნობი შრიფტით  იყო ნაწერი. რაც არხი, ის ანგარიში. ისე კი, ამ შრიფტის ბოლომდეე ”გაშიფვრაც” რომ შემძლებოდა, არამგონია   არხის შესახებ  რამე საინტერესო გამეგო. 

კონკურსები

არქივი

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test