„მიშისტი“ ბლოგერები
21.04.2012 18:46
შალვა რამიშვილს ჩემგან ერთი დიდი მადლობა ეკუთვნის. უკვე დიდი ხანია ვფიქრობ და ვერაფრით გამირკვევია, რომელი პოლიტიკური ძალისკენ იხრება ჩემი სიმპატია. ერთი მხრივ, საშინლად არ მომწონს პოსტმოდერნული საბჭოთა კავშირი, რომლის შენების პროცესსაც საკუთარი თვალით ვუყურებ. მეორე მხრივ კი, კიდევ უფრო არ მომწონს მის საპირწონედ საშინლად პათეტიკური, ქაოტური და ცოტა არ იყოს, ანაქრონისტული იდეები, რომლითაც აპირებენ ამ პოსტმოდერნ სსრკ-ს დაუპირისპირდნენ. მესამე მხრივ ... საერთოდ ვინ/რა ჯანდაბაა ეს მესამე მხარე.
შალვა რამიშვილი კი დამეხმარა ამ საქმეში. საბოლოოდ გამოვარკვიე ვის უნდა მივცე არჩევნებზე ხმა. მის კომპეტენტურ აზრს თუ ვენდობით, (ოღონდ გაითვალისწინეთ, შალვა თითქმის ყველა სფეროსა თუ დარგში კომპეტენტურია, განსაკუთრებით გენდერულ საკითხებში, პოლიტიკაში, ჟურნალისტიკასა და საერთოდაც განსაკუთრებით ყველაფერში) მე „მიშისტი“ ვარ, რადგან „ბლოგერები მიშისტები არიან ძირითადად“.
http://www.youtube.com/watch?v=S3Heftmx_wM&feature=player_embedded
შალვას პრიმიტიული დიქოტომური ვნებები ჩემი საქმე ნამდვილად არ არის. მესმის, რომ გაცილებით ადვილია ოპერირება სამყაროში, თუკი მას დავყოფთ მხოლოდ კეთილებად და ბოროტებად, კარგებად და ცუდებად, მიშისტებად და „ვინმისტებად“. ოღონდ, ეს ბოლო („ვინმეიზმი“) წმინდად ქართული მოვლენა მგონია, ჯერ არსად გამიგია ბუშისტის, ობამისტის, სარკოზისტის, პუტინისტის ცნების არსებობის შესახებ.
შალვას ამ გენიალურ მიგნებაში (რომ თითქმის ყველა ბლოგერი მიშისტია) სხვა რამეა საგულისხმო. გულწრფელად მაინტერესებს, საერთოდ უნახავს თუ არა რომელიმე ქართული ბლოგი ბ-ნ შალვას? რატომღაც მგონია, რომ მაინცადამაინც გათვითცნობიერებული ვერ უნდა იყოს ქართულ სოცმედიაში. წინააღმდეგ შემთხვევაში ეცოდინებოდა, რომ ბლოგერების უმეტესობას ისევე აქვს შეხება პოლიტიკასთან, როგორც მე ასტროფიზიკასთან, ან მხატვრულ ტანვარჯიშთან. და ეს უფროა პრობლემა, ვიდრე ის, რომ რამდენიმე ბლოგერს შალვასგან განსხვავებული პოლიტიკური შეხედულება აქვს. საერთოდაც, ჩვენს რეალობაში ბლოგერებზე, როგორც სერიოზულ კოლექტივზე საუბარი, ზედმეტად არასერიოზულად მიმაჩნია.
ეჭვი მაქვს, ბ-ნი შალვას შეფასება ბლოგერების პოლიტიკურ ორიენტაციაზე განპირობებულია არა იმით თუ რას წერენ ბლოგერები, ან საერთოდ წერენ თუ არა რამეს, არამედ რამდენიმე ბლოგერის ვიზიტით სხვადასხვა მინისტრთან. აი, აქ კი საშინლად ცდება შალვა კომპეტენტური. თუკი მისთვის სიახლეა, ვეტყვი - იმ შეხვედრაზე წასული ადამიანებიდან რამდენიმე ხელისუფლებისადმი საკმაოდ კრიტიკულად განწყობილი გახლავთ, უმეტესობას საერთოდ, ბოდიში და ფეხებზე ჰკიდია მიშაც, ბიძინაც, საერთოდ მთელი პოლიტიკური სპექტრიც და ასეთ შეხვედრებზე „კაი პონტების“ გულისთვის დადის. შეხვედრის ორგანიზატორი ბლოგერები კი ბუნებრივია, რომ „ქართული ოცნების“ წევრები ვერ იქნებოდნენ. თუმცა ერთი-ორ ბლოგზე რომ შესულიყო ბ-ნი შალვა, ამაში თავადაც დარწმუნდებოდა.
რაც შეეხება „ბლოგერებზე მუშაობას“ - ეს უფრო რიტორიკული საკითხია. ბლოგერებზეც, ჟურნალისტებზეც, ოპერატორებზეც, ფოტოგრფებზეც და მასმედიასთან დაკავშირებულ ნებისმიერი სფეროს წარმომადგენელეზე მუშაობა არც ამჟამინდელი ხელისუფლების გამოგონილია და არც წინა ხელისუფლების. მათზე ზეგავლენას თანაბრად ცდილობს ნებისმიერი პოლიტიკური ძალა და ეს გავლენა უმეტესწილად აისახება მედიაპროდუქტზე და საბოლოოდ მოქალაქეთა შეხედულებებზეც. უბრალოდ, ზოგი უკეთ ფლობს გადაბირების ხერხებს, რაც ოპონენტების სადარდებელი უფროა. ვინ, ვინ, და შალვას პოლიტიკურმა ფავორიტებმაც კარგად იციან ამის შესახებ და მალე ამ ცოდნას „მე-9 არხიდან“ კიდევ უფრო ეფექტურად გამოიყენებენ.
ისე, მაინც მგონია, რომ „-ისტებით“ საუბარი 90-იანებს და მანანა არჩვაძე-გამსახურდიას მხარდამჭერებს უნდა დავუტოვოთ.