ბოცომ უკეთ იცის
09.04.2012 09:26
ქართული მედია ყველაზე უფრო მოსაწყენი თემა გახდა, რაზეც შეიძლება ადამიანმა დაწერო. არა მგონია ვინმესთვის ახალი ამბავი იყოს, რომ მედიასაშუალებების მფლობელებზე და რედაქტორებზე მეტად, მედიაპროდუქტს პოლიტიკოსები და სახელმწიფო ინსტიტუტები არედაქტირებენ. მათ უმეტესობას, ვისაც არ აკონტროლებენ ეთიკაც და სტანდარტებიც სულ ცალ ფეხზე ჰკიდია და ბოროტებაში ტოლს არ უდებენ მეინსტრიმს. რჩება ორი თუ სამი მედიასაშუალება, რომელიც მეტ-ნაკლებად ღირებულ პროდუქტს ქმნის. ისიც ან გრანტებზეა ჩამოკონწიალებული, ან იმდენად ვიწრო სეგმენტზეა გასული, რომ მის არსებობას მხოლოდ ნომინალური მნიშვნელობა აქვს შერჩენილი.
ჰოდა, წერე ამ მედიაზე და იკითხე. იწუწუნე რამდენიც გინდა და ვისთანაც გინდა. ასე ერთი-ორი ადამიანის გამოქვეყნებული ბლოგი, თუ სტატია კი არა, საერთაშორისო ორგანიზაციების კვლევები და ანგარიშები ვერაფერს ცვლის და მდგომარეობა წლიდან წლამდე უფრო დრამატული ხდება.
რამდენიმე დღის წინ IREX-ის კიდევ ერთი ახალი ანგარიში გამოქვეყნდა. მედია მდგრადობის ინდექსის მიხედვით საქართველოს 1.88 ქულა მიენიჭა და „არამდგრადი შერეული სისტემის“ მქონე ქვეყანათა შორის მოხვდა. ყველაზე დაბალი ქულა ჟურნალისტთა პროფესიონალიზმსა და მედიაბიზნესის მენეჯმენტის გამართულობას აქვს მინიჭებული. ჩემი აზრით, სწორედ ეს ორი კრიტერიუმი არის ყველაზე მეტად დამოკიდებული იმაზე თუ რამდენად „გაუშვებს“ ხელისუფლება მედიას, ამიტომაც ხელისუფლებას უნდა მოეთხოვოს პასუხი ყველაზე მეტად.
ხშირად გამიგია, რომ ქართული ჟურნალისტიკის მთავარ პრობლემად ჟურნალისტთა არაპროფესიონალიზმს ასახელებენ, რაც ვფიქრობ, საფუძველშივე მცდარი მიდგომაა. არამგონია რომ ქართველ ჟურნალისტებს რომელიმე ქვეყნის ჟურნალისტებზე ნაკლებად ჰქონდეთ პროფესიის ათვისების უნარი განვითარებული, თუკი მას ათვისების შესაძლებლობას მისცემ. საქმე ისაა, თუ რამდენად ექნებათ მათ საშუალება შემდგომი პროფესიული განვითარებისა და რეალზებისთვის.
ჯერ ერთი, რომელი პროფესიონალი მივა ტელეკომპანიაში სამუშაოდ, სადაც მათე კირვალიძეს, ნოდარ მელაძეს, გიორგი ლაფერაშვილს, გიორგი არველაძეს, ან დავით კიკალიშვილს „მიყჰავს პარადი“. ანდა რომც მივიდეს რა აზრი აქვს?! დღეს ქართულ ტელევიზიებში ედვარდ მაროუ და უოლტერ კრონკაიტიც რომ დასვა, გგონიათ რამე შეიცვლება? სამწუხაროდ, ყველაზე ხშირად ჯოხი იმათზე ტყდება, ვინც ეკრანზე ჩანს, თუმცა მთავარი „დამნაშავეები“ პრდიუსერებისა და რედაქტორების სახით კამერის მიღმა დგანან. რა თქმა უნდა, ეს არ ათავისუფლებს „უბრალო“ ჟურნალისტებს პასუხისმგებლობისგან, თუმცა მუდმივი აპელირება ქართველ ჟურნალისტთა არაპროფესიონალიზმზე გაცილებით უფრო დიდი სიბრიყვე მგონია, ვიდრე ის, რასაც ეს ჟურნალისტები აკეთებენ.
აი, მედიაბიზნესის მენეჯმენტს რაც შეეხება აქ გაცილებით უფრო მარტივად არის საქმე. მეეჭვება ვინმეს იმის ახსნა სჭირდებოდეს, თუ რატომ უნდა უზრუნველყოს სახელმწიფომ თავისუფალი, თუ არა თანასწორი ბიზნესგარემო და მედიაბაზარი მაინც. თუმცა თანასწორობას თავისუფლების გარეშე რა აზრი აქვს არ ვიცი. ხელისუფლების მხარდამჭერებისგან ნამტკიცები „ბაზარი თავისუფალია, მიდი და რაც გინდა აკეთე“ ლოგიკის საზღვრებს სცდება. ბაზრის თავისუფლებაში ორი სარეკლამო კომპანიის მონოპოლიას და სახელმწიფოს ყურმოჭრილ კომუნიკაციების მარეგულირებელ კომისიას თუ გულისხმობენ არ ვიცი.
ყველაზე კომიკური და ალბათ უფრო ტრაგიკომიკური კი ნუგზარ ბოცო წიკლაურის რადიო თავისუფლებისთვის მიცემული კომენტარი გახლდათ IREX-ის კვლევასთან დაკავშირებით: „ასეთი მისწრაფებები (საუბარია მასმედიაზე პოლიტიკურ გავლენებზე) პოლიტიკოსებს ზოგადად ყველგანა აქვთ, ალბათ... მაგრამ მასმედიის ამოცანაა, რომ მან შეძლოს დამოუკიდებლობის შენარჩუნება”. რა თქმა უნდა, ბატონო ნუგზარ! რა უნდა ამ დამოუკიდებლობის შენარჩუნებას, ის ხომ ასეთი ადვილია. კიდევ კარგი ასწავლეთ ქართულ მასმედიას რა უნდა ქნას. მოკლედ, ბოცომ უკეთ იცის.
აი ამ ყველაფრის ფონზე კი კიდევ უფრო ტრაგიკულად მეჩვენება დაახლოებით ერთი კვირის წინ „სოლიდარობის კამპანიის“ ფარგლებში გამართული 20-25-კაციანი აქცია ავლაბარში. ქვეყანაში სადაც არცერთი, ნორმალურთან მიახლოვებული არხი არ არსებობს (ვგულისხმობ კონტენტს და არა ტექნიკურ აღჭურვილობას), სადაც ნოდარ მელაძე წლის ჟურნალისტი ხდება, სადაც სამი ტელევიზის საინფორმაციო გამოშვებებში ტექსტები სკრუპლუოზურად მეორდება, სადაც გაზეთებს ურიკებით და ველოსიპედებზე ამხედრებულები ყიდიან, სადაც სარეკლამო ბიზნესს მხოლოდ ორი, უკეთეს შემთხვევაში სამი (თუმცა მაინც ერთი) ტელევიზია და სარეკლამო კომპანია აკონტროლებს, სადაც ყოველდღე შეგიძლია წააწყდე მედიაეთიკისა და პროფესიული სტანდარტების უგულვებელყოფას, სადაც ბოლოსდაბოლოს „რეალ-TV” არსებობს, Pressa.ge კი ერთ-ერთი ყველაზე უხვვიზიტორიანი საინფორმაციო და, რაც არ უნდა სასაცილოდ ჟღერდეს, ანალიტიკური პორტალია, სადაც „ასავალ-დასავალს“ ყველაზე მაღალი რეიტინგი აქვს, მედიის დამოუკიდებელობის მხარდასაჭერ აქციაზე მხოლოდ 20-25 ადამიანი მიდის.
არ ვიცი, რა საერთო შეიძლება ჰქონდეს ამ ყველაფერს ჯანსაღ საზოგადოებასთან და ჯანსაღ ჟურნალისტთა კორპუსთან.
ბოცოს ეცოდინება.