შემოგვიერთდი

ლაშა ქავთარაძე

occupy social media

04.02.2012 08:23
მინისტრი გოგა ხაჩიძე და ბლოგერები, ფოტო -

ქართული „პოლიტელიტა“ ნელ-ნელა რომ აცნობიერებს სოციალური მედიის ძალას, ფაქტია. ამაზე მეტყველებს თუნდაც თქვენი ფეისბუკის კედლის მარჯვენა მხარე, საიდანაც სხვადასხვა პოლიტიკოსი გვიმზერს ხოლმე განაზებული ღიმილით.

ერთი მხრივ კარგია, როდესაც ინფორმაციის წყაროდ მხოლოდ “კასტრირებული მეინსტრიმმედია” აღარ გვაქვს, მაგრამ მეორე მხრივ უფრო და უფრო ჭირს პროპაგანდის კლანჭებს თავი დააღწიო.

ყველაზე აქტიური სოცმედიის მომხმარებლები კი, რა თქმა უნდა, ჟურნალისტები და ბლოგერები არიან. სწორედ ისინი ცდილობენ პირველებმა და რაც შეიძლება ბევრისთვის მისაწვდომად გაავრცელონ ინფორმაცია.

ვის, ვის და პოლიტიკოსებს კი ყველაზე უკეთ ესმით თუ რამხელა მნიშვნელობა აქვს მასმედიის კეთილგანწყობას მათდამი. ისინი ხომ ფაქტობრივად მედიაპროდუქტები არიან. მითუმეტეს საქართველოში, სადაც ელემენტარული ურთიერთობის შემთხვევაშიც კი სუბორდინაციის განცდა ერთიორად უფრო მძაფრდება ხოლმე.  

ამ ყველაფრის გათვალისწინებით, ერთობ მომგებიანია თუკი ბევრ ბლოგერს, ჟურნალისტსა და ონლაინსივრცეში აქტიურ “იუზერს” შეუქმნი ინტიერესთა კონფლიქტს. განსაკუთრებით, თუკი არც ისე პოპულარული პოლიტიკოსი ხარ და შენი სახელი და გვარი ნებისმიერ მედიასაშუალებაში შენს პირდაპირ საქმიანობაზე მეტად, შენი გვერდითი აქტივობების (საპრეზიდენტო სიმღერების წერა, მუსიკალურ საკრავებზე დაკვრა, პოლიტიკური ოპონენტის შვილის ნიჭიერების შეფასება და ა.შ.) გამო ხვდება.

მოკლედ, საკმაოდ ჭკვიანური ტექნოლოგია იყო გარემოს დაცვის მინისტრისა და ბლოგერების შეხვედრა, რომელიც, წესით, ინფორმაციის გაცვლისა და გავრცელების საბაბი უნდა გამხდარიყო. ხოლო მოგებული, პირველ რიგში, ინფორმაციის მომხმარებელი უნდა ყოფილიყო. ამის მაგივრად კი, ზუსტად ის მოხდა, რაც მინისტრის გულს და პიარს ესიამოვნებოდა.

ერთი შეხედვით პრობლემა არაფერშია, ბლოგერებთან შეხვედრა ბევრ ქვეყანაში დამკვიდრებული პრაქტიკაა. მაგალითად, ბარაკ ობამამ არაერთხელ უმასპინძლა ამერიკელ ბლოგერებს. თუმცა 2010 წლის ოქტომბერში ერთი ასეთი შეკრების სტენოგრამულ ჩანაწერს თუ ნახავთ, მიხვდებით რომ აშშ–ის შემთხვევაში ასეთ შეხვედრებს აზრი მართლაც აქვს. რამდენიმესაათიანი საუბრის დროს იმდენი შეკითხვა დაისვა და იმდენ საინტერესო მოვლენაზე გაკეთდა კომენტარი, რომ უბრალოდ საქმეში ჩაუხედავი უნდა იყო ასეთი ტიპის შეკრების ეფექტურობა კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენო. ლგბტ ადამიანთა უფლებებიდან მოყოლებული, აშშ–ის საგარეო პოლიტიკითა და ლათინოამერიკელების პრობლემით დასრულებული პრეზიდენტმა თითქმის ყველა შეკითხვას უპასუხა. მიუხედავად ამისა, ამერიკელ ბლოგერთა ნაწილი მაინც ალაპარაკდა, რომ ობამა სოციალური მედიის წარმომადგენლებს მხოლოდ მაშინ უხმობს თავისთან, როდესაც მის რეიტინგს გასაჭირი ადგას.
ამის ფონზე ქართველი მინისტრების შეხვედრა ბლოგერებთან კიდევ უფრო კომიკური და აზრგამოცლილი ჩანს.

მოკლედ, ვითომდა არც არაფერი თუ გარემოს დაცვის მინისტრმა თავისი ყოფილი მოადგილისა და მასთან დაახლოებული სოცმედიაში გათვითცნობიერებული ბლოგერების დახმარებით სხვა ბლოგერები ბორჯომში წაიყვანა. მაგრამ როდესაც ასეთი შეხვედრები მხოლოდ გუნდაობისთვის, ჭამა-სმისთვის და მინისტრის “უბადლო იუმორისა და ადამიანურობის” დემონსტრაციისთვის ეწყობა, სიმართლე გითხრათ ვერ ვხვდები რასთან გვაქვს საქმე, თუ არა უბრალოდ სასუსნავებითა და გართობით შენიღბულ აგრესიულ პიართან.

სასიამოვნოდ დაღლილი და მინისტრის უზადო ხუმრობებით აღტაცებული ორიოდე ბლოგერის “გოგა მაგარი კაცი ყოფილა” პათოსით დაწერილი პოსტის გარდა მე ვერ გავიგე - რა მოხდა ბორჯომში. არავის არაფერი დაუწერია, არსად წამიკითხავს რა კითხეს ბლოგერებმა მინისტრს, რა უპასუხა მინისტრმა და ა.შ. რატომღაც ეჭვი მეპარება, რომ საქართველოში ეკოლოგიური, ან გარემოსთან დაკავშირებული პრობლემა ვერ მოიძებნა, რომელზეც ბლოგერები შეკითხვას დაუსვამდნენ მინისტრს, შემდეგ კი ეს ყველაფერი დაიწერებოდა. თუკი ვაღიარებთ, რომ ბლოგინგი მხოლოდ დეპრესიული გოგოშკურ/ბიჭუშკური ჩანაწერები არ არის და ის ინფორმაციის გავრცელებასაც გულისხმობს, მაინტერესებს რა ინფორმაცია გაავრცელეს ბლოგერებმა ამ შეხვედრის შემდეგ? მე მგონი, რომ არაფერი.
სიმართლე გითხრათ, გარეთა თვალიდან ყველაფერი ისე ჩანს, რომ მინისტრმა მშვნიერი რეკლამა გაიკეთა.

რა თქმა უნდა, სოცმედიის მთელი ხიბლი თავისუფლებაშია. ვისაც უნდა წავა ასეთ შეხვედრებზე, ვისაც უნდა, დაწერს ამ შეხვედრის შესახებ და ვისაც უნდა, არ დაწერს. თუმცა, მაინც მგონია “ბლოგერის” იარლიყი, ისევე როგორც ნებისმიერი იარლიყი ცოტათი მეტ პასუხისმგებლობას ანიჭებს ადამიანს. უბრალოდ დიდაქტიკა და თან უხერხული დიდაქტიკა გამოვა, რომ მე სამოქალაქო ჟურნალიზმის ძირითად არსზე დავიწყო საუბარი, საჭიროების შემთხვევაში ნებისმიერი ადამიანი თავად მოიძიებს ინფორმაციას თუ რისთვის არსებობს ბლოგინგი.

P.S. არც იმას აქვს მნიშვნელობა გოგა ხაჩიძე იქნება შეხვედრის ორგანიზატორი, მიხეილ სააკაშვილი, ბიძინა ივანიშვილი თუ თეო ტლაშაძე. დითირამბების მიძღვნა ასეთ დროს ნებისმიერი „მასპინძლის“ შემთხვევაში სირცხვილი და უგემოვნობა მგონია. კარგი იქნება თუ მსოფლიო სამოქალაქო ჟურნალისტიკის პრაქტიკას გავიზიარებთ და ბლოგპოსტებს პრობლემების აქტუალიზაციას მივუძღვნით და არა საბჭოთა ინერციით წამოსულ ქებათქებებს, რომლებიც ზოგჯერ, შეიძლება, არაპოპულრულობის გამო ჩვენს ეგოისტურ, ორიგინალურ მეს აკმაყოფილებდეს, მაგრამ არც ისე ორიგინალური ჩანდეს ობიექტურად.

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test