შემოგვიერთდი

ისტორიულ ჭრილში, ხელისუფლების ეს ქმედება მისთვისვეა დამღუპველი

03.03.2017 14:15

Media.Ge გთავაზობთ, ირაკლი ტაბლიაშვილის ჩანაწერს, რომელიც მან ფეისბუქში გამოაქვეყნა:

ის, რომ ქიბარ ხალვაშმა დვალს და აქიმიძეს, აგრეთვე, ეროსი კიწმარიშვილს ტელევიზია წაღლიტა, ფაქტია.

თუმცა, სამართლებრივი თვალსაზრისით რამდენად ეკუთვნის ხსენებული ტრიოდან ორს ეს არხი, არ ვიცი... რადგან საქმე მის ხანდაზმულობასაც უკავშირდება.
რომც ვცდებოდე და ტელევიზია დვალისა და აქიმიძის რომც უნდა იყოს, მაშინ საერთოდ არ მესმის, რატომ შემოდო სახელმწიფომ მათი სარჩელი თაროზე და პირიქით - რატომ ამოწია თავად მათთვის ტელევიზიის წამღლეტის, ქიბარ მონა ხალვაშის სარჩელ-საჩივარი?
მე გეტყვით, რატომაც - იმიტომ, რომ სწორედ ხალვაშისგან მიიღო გარანტია, რომ რ2-ს, როგორც არხს, მოკლავდა.

დვალ-აქიმიძისაგან ეს გარანტია არ არსებობდა (მათ, დამფუძნებლებს, შვილივით უყვარდათ ის რ2 და, მაღალი ალბათობით, არც ახლა არიან მის მიმართ გულგრილნი. აი, ხალვაშს კი, როგორც ჩვეულებრივ ქორ-ვაჭარს (უკაცრავად, მონა ქორ-ვაჭარს), მედია ზოგადად ბოდიში და ჰკიდია... რ2 - მით უფრო).

შესაბამისად, ხელისუფლებამ კიდევ უფრო აბურდა ისედაც აბურდული საქმე.
დაუსაბუთებლად გაამარჯვებინა ხალვაშს, რომელიც მზად არის გაყიდოს რ2... ოღონდ, თან სუფთა ბიზნესმენურად კი არა, არამედ სეგრეგაციულად...

რას ვიცავთ ჩვენ?
მცდელობა, მომედავონ, რომ პირადად მე ვიცავ ვთქვათ მიხეილ სააკაშვილს ან ნაც.მოძრაობის ტელევიზიას, განწირულია მარცხისათვის.
(ათასჯერ გამიკრიტიკებია რ2-ის ცალკეული გადაცემა, რიტორიკა, მისი სწორედ და მეტწილად ქიბარისდროინდელი წარსული და ა.შ.)
მე ვიცავ სწორედ კრიტიკის უფლებას, რადგან ზუსტად ვიცი, ხალვაში ამ ტელევიზიას მოკლავს... და, შესაბამისად, ვერასოდეს გავიგებ ამბებს ახალი პანორამების, ახალი ცერცვაძეების, საპატრიარქოში მიმდინარე ახალი პროცესების შესახებ.
ვერასოდეს გავაკრიტიკებ რომელიმე რ2-ელს ვთქვათ ცოტა სუბიექტური სიუჟეტის გამო იმიტომ, რომ ისინი ეთერში უბრალოდ ვერ იქნებიან.

რას იცავს ხელისუფლება?
ის ამბობს, რომ აბურდულ საქმეში ყველაფერი დალაგდა. თუმცა, გამოხატვის და კრიტიკის უფლებას უკანა პლანზე სწევს და დაუსაბუთებელი, სეგრეგაციული სამართლის დამკვიდრებას ცდილობს.
ამასთან, მიდის ყველას წინააღმდეგ - სამოქალაქო - სააკაშვილის მომხრე და მიდი მოწინააღმდეგე ჯგუფების წინააღმდეგაც.

ის ახერხებს და ერთი თემის გარშემო აერთიანებს გუშინდელ მოწინააღმდეგეებს - პოლიტიკოსებს... აქტივისტებს (მაგალითად, ლეიბორისტებს და ნაციონალებს, მემარცხენეებს და მემარჯვენეებს).

ისტორიულ ჭრილში, ხელისუფლების ეს ქმედება მისთვისვეა დამღუპველია.
უბრალოდ, საკითხავია, რამდენი ხანი გაგრძელდება ეს სტატუს-ქვო... ერთი თვე თუ 13 წელი... იქნებ, საერთოდაც 70.

ჩემთვის მთავარი კითხვაა - რატომ ჩქარობს ხელისუფლება ასე?
და ახლაც რომ არ ვისაუბრო რუსეთის ფაქტორზე (იმაზე, რომ გვსჯიან ვიზის ლიბერალიზაციის გამო და ა.შ.)
გეტყვით კიდევ ერთს - ხელისუფლების მიზანია, ყველაფრის გაერთფეროვნება კონსტიტუციური ცვლილებების წელს.
დაგეგმილი ცვლილებების უმტკივნეულოდ განხორციელება... დამფრთხალი, კრიტიკის უნარდაკარგული საზოგადოების დანახვა... დადუმებული მედიის ხილვა.

ეს ყოველივე კი არღვევს სახელმწიფოს საძირკველს.
საძირკველმორღვეული ქვეყანა კი ვერაფრით შეაღწევს იმ პატარა ჭუჭრუტანაში, რომელიც ევროპამ დაგვიტოვა და იმასაც მალე ამოავსებს.

აი, ამ ჭრილშია დასანახი პრობლემა და არა იმაში - პირობითად 2006 წლის 16 თებერვალს ხალვაში დაიბარა თუ არა მიშამ და 17 თებერვალს დაურეკეს თუ არა დვალს და 2008 წლის 10 მარტს წაართვეს თუ არა ქიბარს მის მიერ სხვისთვის უკვე წართმეული რ2 და ა.შ.

პ.ს. ისე, თუ ასე ვწვრილმანდებით, გეტყვით, რომ რ2 ფიქრია ჩიხრაძეს ეკუთვნის... და არ ამახსნევინოთ - რატომ.

კონკურსები

არქივი

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test