შემოგვიერთდი

ნათია კუპრაშვილი

სულ რაღაც, რამდენიმე დღის წინ…

04.12.2014 12:18

qartia.org.ge

რამდენიმე დღის წინ, ოჯახმა ფსიქიკური პრობლემების მქონე ახალგაზრდა მეზობლებს გამოარიდა და რეგიონიდან დედაქალაქში გადმოიყვანა. დროებით, მანამ სანამ იქ ერთი რეპორტაჟით მიღებული შიში გაივლის – რომ ფსიქიკური პრობლემების მატარებლები ბავშვებს კლავენ.

რამდენიმე დღის წინ დედის გადაწყვეტილებით, სკოლაში არ წავიდა ბავშვი, რომელიც რელიგიურ უმცირესობას წარმოადგენდა. დროებით, მანამ სანამ კლასელებს ერთ-ერთი გადაცემით მიღებული განცდები დაავიწყდებათ.

რამდენიმე დღის წინ ერთმა პროდიუსერმა, ფიქრის შემდეგ უარი თქვა კადრში ეჩვენებინა მოკლული ბავშვის ფოტო ,,რას ვიტყვი ამით, იმას რომ – ნახეთ როგორ ლამაზ ბავშვებს კლავენ-თქო, და ლამაზი რომ არ ყოფილიყო, ამით რა შეიცვლებოდა” – უთქვამს მას

რამდენიმე დღის წინ, რამდენიმე რედაქცია მიხვდა, რომ ზედმეტად დააზარალა პერსონაჟის პირადი ცხოვრება და ონლაინ სივრციდან მასალები საკუთარი ნებით აიღო.

რამდენიმე დღის წინ ჟურნალისტი ბევრს ეცადა, შეესრულებინა პირობა და არ მოეხდინა წყაროს იდენტიფიცირება, მაგრამ მონტაჟისას უყურადღებობამ თავისი ქნა. მოგვიანებით იგივე ჟურნალისტი გულით ტიროდა თავისივე წყაროს წინაშე, რომელიც თავის მხრივ ასევე ტიროდა, არა მხოლოდ რეპორტაჟის დახურული განხილვის დღეს, არამედ მასალის ეთერში გასვლიდან ყოველ დღე.

რამდენიმე დღის წინ, ხელისუფლების ათეულობით წარმოადგენელი მონდომებით ჩაერთო მედიის გაცილებით მეტ წარმომადგენელთან, პროფესიული სტანდარტების შესახებ ღია დისკუსიაში. მას შემდეგ, რაც მედია ტრანსფარანტებით ხელში იმავე ხელისუფალთა ქმედებას ქუჩაში სტვენით აპროტესტებდა.

რამდენიმე დღის წინ, პრემიერმინისტრმა ჟურნალისტი სიცრუეში დაადანაშაულა. ჟურნალისტმა – ქარტიაზე მიუთითა , ორგანიზაციაზე, რომლის შემადგენლობა ცოტა ხნის წინ პროტესტის ნიშნად თავად დატოვა.

რამდენიმე დღის წინ, ბრიუსელის სააპელაციო სასამართლომ თქვა, რომ ბელგიის პრესის საბჭოს შეეძლო და მოვალეც იყო გამოექვეყნებინა გადაწყვეტილებები არაწევრი ჟურნალისტების შესახებაც. თქვა, რომ ეს არის გზა ეთიკური პრინციპების დამკვიდრების ხელშეწყობისთვის. ესეც იყო ნიშანი, საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიისთვის (რომელმაც საკუთარი მანდატი დიდი ფიქრის შემდეგ გააფართოვა), რომ სწორ გზაზე დგას.

რამდენიმე, ასე 1826 დღის წინ, მეგობარმა მეგობარს დაურეკა: ,,- თბილისში არ ხარ? ქარტიის დაფუძნებაზე … – ვერ ჩამოვედი , – იყო პასუხი, – ისედაც ვიფიქრე ჯერ ვნახავ, რა გამოვა”…

ვნახე, გამოვიდა!

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test