
რუსეთ-საქართველოს 2008 წლის ომამდე დღეებით ადრე, თუ არ ვცდები, 2 თუ 3 აგვისტოს, რუსულ მედიაში გავრცელდა კადრები, რომლებმაც გულგრილად არ დატოვა არათუ რუსეთის “არაჩვეულებრივი” მოქალაქეები - პრეზიდენტ პუტინის თავკაცობით, არამედ, ჩვეულებრივი ქართველების ერთი ნაწილიც.
კადრებზე ასახული იყო, როგორ ტოვებენ ცხინვალელი ოსები საკუთარ სახლებს, როგორ ეშინიათ ქართველთა „მორიგი აგრესიისა“ და გადადიან შედარებით მშვიდ და უსაფრთხო ვლადიკავკაზში.
იმ სიუჟეტებში არაერთხელ ითქვა, რომ დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის დედაქალაქი დაცარიელებულია და აგრესიის შესაჩერებლად რამდენიმე ასეული ადგილობრივია დარჩენილი, თუმცა, სამშვიდობო ჯარი, რასაკვირველია, ამ აგრესიას არც დაუშვებს.
... გამოხდა „ხანი“ - რუსეთის „არაჩვეულებრივ“ მოქალაქეებს, პუტინის თავკაცობით, ცხინვალის რეგიონში შეჭრა-ინტერვენციის და საქართველოს ხელისუფლების ქმედებების დაგმობის, შემდეგ კი, დამხობის აუცილებლობის გამართლება დასჭირდათ - შესაბამისად, იმავე არხებზე გავრცელდა კადრები სააკაშვილის მიერ „მძინარე ცხინვალის“ დაბომბვის შესახებ. ითქვა, რომ „საქართველომ მოაწყო ოსი ერის გენოციდი“, ამუშავდა მანქანა, რომელიც „ამტკიცებდა“, რომ ცხინვალსა და მიმდებარე სოფლებში იმდენი ცხედარია, რომ ჭირისუფლები მათთვის მიწის მიყრასაც ვერ ასწრებენ.
გაეროში რუსეთის წარმომადგენელმა ვიტალი ჩურკინმა უშიშროების საბჭოზეც კი ისაუბრა აგრესორი ქართველების და დაუცველი ოსების, აგრეთვე, რუსეთის ქმედებების იძულებითობის და გარდაუვალობა-ვალდებულების შესახებ.
საინტერესოა, რომ ქართული საზოგადოების ერთი ნაწილი უკვე იმხანად აჰყვა ამ დემაგოგიას - პოლიტიკოსები, რომლებსაც „კაბლუკები“ გაურბით და მზერა ეპარებათ მოსკოვისკენ, აგრეთვე, მათთან აფელირებული „ექსპერტები“, ჯერ იმას ამტკიცებდნენ, რომ ცხინვალი მართლაც დაცარიელებულია, ხოლო შემდგომ ასეთივე დამაჯერებლობით ამბობდნენ, რომ „დაცარიალებული კია, მაგრამ, ოსთა გენოციდი, მინიმუმ კი ეთნიკური წმენდა, მართლაც მოხდა... ქართული მედიაც დროს უხვად უთმობდა ამგვარ „კრიტიკოსებს“.
ობიექტურობა მოითხოვს, ვთქვათ, რომ ამ სპიკერებს სჭირდებოდათ გადაბალანსება და ამიტომაც ისინი ხმადაბლა, ყასიდად და ცალყბად იმასაც დასძენდნენ, „რომ სააკაშვილის არამართლზომიერი ქმედებები მაინც არ ამართლებს რუსეთს“.
2008 წლის ამბები ზოგადად და, დეზინფორმაციის ეს ორი თვალსაჩინოება „ჩვენი ცხელი ომიდან“ თითქმის ექვსი წლის თავზე იმიტომ გამახსენდა, რომ ამასწინ, „ინტერნეტში ძრომიალისას“ კიდევ ერთხელ წავაწყდი ვიდეო და ფოტო კადრებს, რომლებზეც დაღუპული ბავშვები, დაჩეხილი მოხუცებულები, გადამწვარი სოფლებია ასახული. მართლაც, უმძიმესი სანახავია - ბევრი ნორმალური მოქალაქე თვალზე ხელს რომ აიფარებს, ისეთი...
ფოტოებს გავყევი, გავყევი და, ახლა უკვე სამხრეთ-აღმოსავლეთ უკრაინის ფრონტის წინა ხაზზე „აღმოვჩნდი“ - იქ, სადაც ერთიანი უკრაინის ბედი წყდება... ერთმა კადრმა განსაკუთრებით მიიქცია ჩემი ყურადღება, ერთხანს, სამიოდე წამით თვალზე ხელი მეც ავიფარე, მაგრამ, მზერა მაინც გამეპარა - ფოტო კადრზე ასახული იყო ოთხი დაღუპული მცირეწლოვანი და მსხვილი შრიფტით ეწერა: „აი, როგორ უსწორდებიან ბავშვებს კიეველი ხუნტის წევრები“... ჩანს, ინტერნეტ-გამოცემის რედაქციას ეს ფოტო გაეპარა - როგორც წესი, რუსული სადეზინფორმაციო მანქანა ძველ, მაგრამ, გამოუქვეყნებელ ფოტო-ვიდეო მასალებს აქვეყნებს ხოლმე, ხოლო ეს - ფოტოზე ასახული ბავშვები, ადრეული და უკვე ტირაჟირებულია - ჩეჩნეთის ომის დროინდელი და გლობალურ ქსელში რამდენიმეჯერ უკვე „დატრიალებული“.
დროსა და მანძილში სხვაობას რუსული საინფორმაციო პოლიტიკისათვის არსებითი მნიშვნელობა არ აქვს. დიალოგი, რომელიც იმართება რომელიმე გაზეთის, ინტერნეტ საიტის თუ ტელევიზიის რედაქტორსა და გენერალური შტაბის წარმომადგენელს შორის, დაახლოებით ამგვარია: - „ხვალინდელ გამოცემაში დაბეჭდეთ კადრი, რომელზეც თავწაჭრილი სამხედრო იქნება, საიდანაც გნებავთ, იქიდან მოიძიეთ - არ ვიცი -სირია, ერაყი, ლიბია, ავღანეთი, ჩეჩნეთი - მასალა, რასაკვირველია, საარქივო უნდა იყოს, მაგრამ, გამოუქვეყნებელი; არ უნდა ჩანდეს, რომ დაღუპული სირიელი თუ ავღანელია; უნდა მიაწეროთ, რომ პორაშენკოს ხელისუფლებამ ვთქვათ 300 ბავშვი ამოხოცა და მასთან დიალოგს ამიტომ არ აქვს აზრი. თქვენ უნდა გახსოვდეთ, ხვალ ლავროვი იქნება ბერლინში, ზეგ ჩურკინი გამოდის გაეროში, მაზეგ მედვედევი ხვდება ბაროზოს, ერთ კვირაში პუტინი ობამას, ეს ჩვენ გვჭირდება - რუსეთს სჭირდება... გასაგებია?“.. მოკლე პასუხი, რასაკვირველია, არ ახანებს და ასეთია: „გასაგებია, გვჭირდება... რა თქმა უნდა, შევასრულებთ“.
ეს ამბავი, მოდელირებული დიალოგის ჩათვლით, შედარებით უინტერესო იქნებოდა, ქართულ მედიას ერთგვარად და ირიბად რომ არ ეხებოდეს - ჩვენთან, სამწუხაროდ, არაერთხელ „იპარება“ სწორედ ის კადრები და ტექსტები, რომლებიც სწორედ რუსეთის შეიარაღებული ძალების ბნელ, უშიშროების სამსახურების შავ და კრემლის ოქროსფერ კაბინეტებში იწერება... ქართული მედია, რომლის ნაწილიც ფულს ზოგავს ობიექტურ და კვალიფიციურ „როიტერზე“ თუ “Associated Press“-ზე და რომელსაც არ აქვს საკუთარი კორესპონდენტების ცხელ წერტილებში ხანგრძლივი მივლინების შესაძლებლობა, მთავარ-წყაროდ ხშირად სწორედ რუსულ პროპაგანდისტულ მედიას იყენებს, მას ეყრდნობა.
არადა, ეს პროპაგანდისტული მანქანა უსასტიკესი და, შეიძლება ითქვას, ისეთივე მძლავრი იარაღია უკრაინის თუ საქართველოს დამოუკიდებლობის არამოსურნე - რუსეთის ხელში, როგორც ნებისმიერი სხვა, მაღალტექნოლოგიური შესაძლებლობა.
... მაგალითად „Всероссийская государственная телевизионная и радиовещательная компания - ს“ ჟურნალისტი იგორ კორნელიუკი დაღუპვამდე (მისი მკვლელობა თავისთავად ძალიან ცუდი ფაქტია) ერთი დღით ადრე გადმოსცემდა: „დაბა შასტეში მტარვალებმა ამოხოცეს მშვიდობიანი მოსახლეობა, იქ ახლაც მიმდინარეობს მასობრივი წმენდა, აწამებენ ბავშვებს და მოხუცებს, ყველა სოფლელს 16-იდან 50 წლამდე“.
ამგვარი ტექსტები ილექება მილიონობით მოქალაქის მეხსიერებაში, ხოლო რუსეთის ხელისუფლება ოსტატურად იყენებს ე.წ. საზოგადოებრივ აზრს და უკრაინელებს თუ ქართველებს წარმოაჩენს არა მხოლოდ რუსეთის სახელმწიფოს მტრებად, არამედ - დამნაშავეებად კაცობრიობის წინაშე.
ამ თემაზე - რუსული პროპაგანდისტული მანქანის მუშაობის სპეციფიკებზე და მეთოდოლოგიაზე კიდევ ბევრის თქმა შეიძლება - ჩემს მიერ მოძიებულია მინიმუმ 70-80 მაგალითი, როგორ ავრცელებს დეზინფორმაციას რუსეთის სპეც.სამსახურებს დაქვემდებარებული მედია და ამ ქვეყნის ხელისუფლებაც როგორ ეყრდნობა „თავისუფალ რუსულ მედიას“ სხვადასხვა საერთაშორისო ფორუმებზე.
სხვათა შორის, საერთაშორისო ფორუმებზე უკვე დაგმეს კორნელიუკის მოკვლის ფაქტი და ამ ამბავს თვით მედიის თავისუფლების საკითხებში ეუთოს წარმომადგენელი დუნია მიატოვიჩიც კი გამოეხმაურა, გარდა სამძიმრისა, მიატოვიჩმა თქვა“: „ეს [დაღუპვა] კიდევ ერთი დადასტურებაა, რომ ჟურნალისტები სიცოცხლით რისკავენ იმისათვის, რომ მსოფლიოს გააგებინონ ამბები უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ“. ცხადია, კონკრეტულად მიატოვიჩმა, უფრო ზოგადად ეუთომ და განვრცობილად ევროპამ იცის, რომ კონკრეტულად ჟურნალისტი ობიექტურობით არ გამოირჩეოდა, მაგრამ, იცის ისიც, რომ ჟურნალისტის მოკვლა, თავისთავად, ძალიან ცუდი, შესაბამისად, დასაგმობია.
ზოგადად „ევროპის ცოდნა“ ამითაც არ ამოიწურება, თუმცა, სამწუხაროდ, ცივილიზებული მსოფლიო უძლურია რუსული პროპაგანდისტული იარაღის წინაშე - ევროპა ვერაფერს უპირისპირებს „კრემლის ხრიკებს“ რადგან პუტინთან ადამიანის უფლებათა სტანდარტებსა თუ მედიის ობიექტურობაზე საუბარი ისეთივე უშედეგოა, როგორც ებრაელთა უფლებებზე გებელსისათვის სემინარის ჩატარება.
რუსული მედიის მიერ შექმნილ ამბებში, რასაკვირველია, ფორმალურად კარგად არის დაცული ჟურნალისტიკის ძირითადი საფუძვლები... თუმცა, მხოლოდ ფორმალურად. მაგალითად, საყურადღებოა, როგორ პოულობენ ეს „ჟურნალისტები“ ინფორმაციის მომწოდებელ წყაროებს, რომლებიც, რეალურად, ან არ არსებობენ, ანაც - ხშირად არა უსასყიდლოდ, „თვითმხილველის“ სტატუსით გადმოსცემენ ე.წ. რეალურ ფაქტებს.
მოკლედ, ბევრის თქმა კი შეიძლება, მაგრამ, ამ ეტაპზე, ვფიქრობ, ნათქვამიც აღწერს ერთგვარ სურათს... საჩვენო და იქნებ მთავარი კი ის არის, რაზეც ზემოთაც გავამახვილე ყურადღება - ჩვენი მედია, სამწუხაროდ, საკმაოდ ხშირად ეყრდნობა რუს „კოლეგებს“ და ტექსტებსა თუ ვიზუალურ მასალებში გვთავაზობს იმას, რაც, ასევე ვიმეორებ, კრემლის თუ ლუბლიანკის ბნელ დერეფნებშია შექმნილი.
... ცხადია, შორს ვარ იმ აზრისაგან, რომ, ვთქვათ, სააგენტო „საქინფორმის“ ან რომელიმე შავ-ბნელი გაზეთის მსგავსად, ჩვენი ტელე-მედია პირდაპირ ან ირიბად არის მიბმული მოსკოვზე, მის ე.წ. ქართულ დიასპორაზე, მაგრამ, იმას კი ვამბობ, რომ მედიის წარმომადგენლებს ხშირად კარგადაც არ აქვთ გასიგრძეგანებული საქართველოს ახლანდელი სტატუსი (თუმცა, რაღა მედიის, სახელმწიფოს წარმომადგენლებსაც არ ესმით ეს) - საქართველო დღესაც იმყოფება საომარ ვითარებაში - ომი კი, თანამედროვე გაგებით, არის არა მხოლოდ ცეცხლსასროლი იარაღის სროლა- სასხლეტისათვის თითის გამოკვრა, არამედ, საინფორმაციო ბრძოლებიც...
საქართველოში დღესაც ომია, ბატონებო, ომი! - როგორც დავასათაურე, ზუსტად ისე ვასრულებ ამ, მაინც ვრცელ წერილს!